დღევანდელი „ისტორიების“ მთავარი გმირები სამართალდამცავები იქნებიან. მკითხველს ერთგვარ სიურპრიზს შევთავაზებ და სიტყვას თავდაპირველად არა ყოფილ მილიციონერს, არამედ ქალბატონ ლალი კოლხიდაშვილს გადავცემ.
„მოსკოვში ვსწავლობ, კინოაკადემიაში. „სოიუზში“ გაგანია „პერესტროიკაა“. მიშა გორბაჩოვი ტელევიზორის ეკრანიდან გვატერორებს: შეეშვით სმას და „შარაფებსო“. ჩამოვდივარ არდადეგებზე და პირველივე დღეს ვეხუტები ბახუსს. მეგობრებთან ერთად იმ ფაზაში ვარ, სუფრიდან სუფრაზე რომ უნდა გადავინაცვლო. ვამბობ: ახლა ყველანი ჩემთან მივდივართ-მეთქი. ეს ყველა – სულ სამი კაცი ვართ, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, გოგო და ერთი ბიჭი. უხმოდ მემორჩილებიან. ვდგებით სუფრიდან, თან მიგვაქვს ერთი ბოთლი შამპანური და „ღიღინით მივყვებით ჩვენს შარაგზას“.
გვგონია, რომ ვღიღინებთ, სინამდვილეში კი, ვღრიალებთ: „მე რომ ვლოთობ, შენს რას გიშლი, ძმობილო!“ გვიახლოვდება „ჩორნი ვარონა“ და შიგ გვყრიან. მივყავართ მილიციის სამორიგეოში. კანონის დარღვევის ნივთმტკიცებას – შამპანურებს გვართმევენ. ჩემი ამფსონები წყნარად არიან, მე კი „ვბუინობ“, „ზაკონის“ დამცველთა მისამართით ვამბობ ერთი სახალხო მთქმელის „მარგალიტს“, ოღონდ, მის გვარს ჩემით ვანაცვლებ:
„ქეიფობს კოლხიდაშვილი,
მეორ-მესამე დღე არი,
ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცებს,
ზაკონ რა ჩემი …არი“.
იმ ორს უშვებენ. მე კი მემთვრალეობასთან ერთად თავხედობისთვის მამწყვდევენ კამერაში. დილამდე იქ უნდა დავრჩე. ჩემს კამერაში ვიღაც ქურთი „შიპიზლიაკია“, ნეკა თითების განზე გაწევით და „ვაიმე, ბიჭოს“ წამდაუწუმ გამეორებით „კლიენტი“ ბოლთას სცემს და უცებ მეუბნება: „დაგიჭირეს, არა, მაგ ბოზებმა, სესტრაჯან?“ „ყეენს არ ვაძლევ სალამს“, ის ქურთის ბიჭუნა კი თანამიგრძნობს, ალბათ, ქვეყნის დამქცევი ვგონივარ. „კლეტკებს“ მიღმა 150-კილოიანი მცველი ყვინთავს, ძილ-ბურანშია. ჩემი „ციხის ძმაკაცი“ კიდევ, იმას აგინებს, რაც ძალი და ღონე აქვს. ჩვენს „სელაპს“ ერთ ლუკმად არ ეყოფა ქურთის ბიჭი, მაგრამ, რა ქნას, ეზარება გამოფხიზლება და გამოპასუხება. გამთენიისას მოვიდნენ ჩემი ოჯახის წევრები. დედაჩემს ახსნა-განმარტების ბარათი ჩამოართვეს და ისე გამიშვეს. „აბოლებდნენ“, გადავცემთ ამ ამბავს მოსკოვში და აკადემიიდან გამორიცხავენო. ჩემი პასპორტი მილიციის უფროსისთვის გადაუციათ.
პირველ საათზე მივადექი მილიციის უფროსს და ჩემი პარალელური კლასელი არ შემრჩა ხელში?! „რა ქარმა გადმოგაგდო, ლალი, ხომ მშვიდობაა?“ – თბილად მომიკითხა. ვუთხარი, რომ ჩემი პასპორტია თქვენთან და უნდა წავიღო, თორემ თბილისში ჩავრჩი-მეთქი. გაუკვირდა, შენს პასპორტს ჩემთან რა უნდაო?
„ბორჯომი“ შემომთავაზა, კონიაკი მომართვა და ყავა მომიდუღა. პასპორტში ელენე მქვია და სახელმა დააბნია. მითხრა, ახლა ნახავ შენ ცირკსო. დაუძახა ჩემს დამტუსაღებლებს და ჩემი „იქ“ მოხვედრის ხელახალი ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მხვრინავი „სელაპი“ და ის „კლიენტი“, ვინც შამპანური „დაგვაწერა“, გინებას და ცემას მაბრალებდნენ. თანაც ისეთი დამაჯერებლობით, კინაღამ ეჭვი შემეპარა ჩემს საქციელში. 150-კილოიანი მცველი კახელი აღმოჩნდა, გვარად ქიბროწაშვილი. მილიციის უფროსმა უთხრა, ამხელა ბეჰემოთებს თუ ერთმა წრიპა გოგომ გაგინათ და გირტყათ, რაღა მილიციონერები ხართ, ახლავე დაწერეთ გათავისუფლებაზე განცხადებები და უკანმოუხედავად „აახვიეთო“. დიახ, პატივცემულოო, ჩაღუნეს თავები და გაიძურწნენ.
მე ვუთხარი, თუ ძმა ხარ, მაგათ ცოლ-შვილის ცოდვას ნუ ამკიდებ, ისე „გაუხურე“-მეთქი ხანდახან. დამთანხმდა და დაიმედებული გამომიშვა. ქიბროწაშვილსა და მის „საძმოს“ „ვაჟნად“ ჩავუარე. უკან გამომყვენენ. მივუბრუნდი და ვეკითხები, ახლა რაღა გნებავთ-მეთქი. მისტერ ქიბროწაშვილმა – „შენი კარგად ყოფნაო“, მომისვა კუდი და შემეხვეწა, არ დაგვღუპო, ერთი-ორი სიტყვა შეგვაწიე უფროსთანო და, არ ვიცი, რის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვა შევაწყვეტინე. მაგ საქმეს ერთი შემწვარი გოჭი, მოხარშული ინდაური და ოცი ლიტრა ღვინო დასჭირდება-მეთქი. არ არის „ბაზარი“, სად მოგაკითხოთო? ცხადია, „ვეკაიფებოდი“, მაგრამ მაინც მივეცი ჩემი სახლის მისამართი, ეს განკარგულება 2 საათზე გავეცი, საღამოს 9 საათისთვის კი უკვე ქრთამი მოაგელვა. კარგი „მოშნი“ სუფრა გავშალე და კიდევ ერთხელ „მივაჩმორეთ“ მე და ჩემმა მეგობრებმა გორბაჩოვი თავის „პერესტროიკა-ზაკონებიანად“.
ქალბატონი ლალის შემდეგ სიტყვას უკვე ნამდვილ მილიციონერს, ყოფილ პოდპოლკოვნიკ ლევან სისორდიას გადავცემ.
„ცნობილი ავღანელი საველე მეთაური, აჰმად იუსუფი, მეტსახელად „ჭაღარა“, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში სისხლს გვიშრობდა, 1983 წელს მაინც დავაპატიმრეთ. აჰმად იუსუფი და მისი 19 მებრძოლი ალყაში მოვაქციეთ და „სუფთად“ შევიპყარით და მიუხედავად იმისა, რომ „ჭაღარა“ საკუთარი ვინაობის დაფარვას ცდილობდა და თავს რიგით მოჯაჰედად ასაღებდა, მისი ამოცნობა არ გაგვჭირვებია, რადგან 34 წლის აჰმად იუსუფი სულ ერთიანად გაჭაღარავებული იყო და მას არა მხოლოდ თმა და წვერ-ულვაში ჰქონდა თეთრი, არამედ მთელი სხეულის თმის საფარიც. ამიტომ, ოც კუპრივით შავ მოჯაჰედს შორის ის ვერ შეინიღბა.
„ჭაღარა“ ცალკე საკანში გამოვამწყვდიეთ, მოსკოვში კი საგანგებო დეპეშა გავგზავნეთ ჩვენი წარმატების შესახებ. გენშტაბიდან პასუხი მოგვწერეს, რომ ჩვენი ტყვე საიმედოდ გამოგვემწყვდია, ორი დღის მერე კი მას მოსკოვიდან საგანგებოდ გამოგზავნილი ბადრაგი წაიყვანდა. თუმცა, იმავე ღამეს, „ჭაღარა“ საპატიმროდან გაიქცა და მას ამაში ერთმა ავღანელმა შეუწყო ხელი, რომელიც მას დარაჯობდა. ეს ჩვენთვის უდიდესი დარტყმა იყო, რადგან მოსკოვი გვყავდა ჩაყენებული საქმის კურსში და ჭაღარას რომ ვერ დავახვედრებდით, მაგრად მოგვხვდებოდა. მართალია, „ჭაღარას“ გაქცევის ამბავი არ „გაგვიბაზრებია“ და ხუთიოდე ქართველის გარდა არავინ იცოდა, მაგრამ, რა ხეირი იყო, ყველაფერი სულ მალე გამჟღავნდებოდა.
საგონებელში ვიყავით ჩავარდნილები და გამოსავალს ვეძებდით. ერთი რაულ მალანია მსახურობდა ჩვენთან, რომელიც ავღანურ ენას და მის დიალექტებსაც კი ფლობდა და მთარგმნელის ფუნქციებსაც ითავსებდა. რაული ჩემთან მოვიდა და მითხრა:
– მოდი, მოსკოვიდან ჩამოსულები მოვატყუოთ.
– კი მაგრამ, როგორ? – გავოცდი.
– იმ ოხერი „ჭაღარას“ გარდა, კიდევ 19 მოჯაჰედი გვყავს დაჭერილი. მოდი, ერთ-ერთი მათგანი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს იმ ოხერს, ის „შევტენოთ“.
– როგორ უნდა შევტენოთ? – უფრო გავოცდი მე, – „ჭაღარა“ რომ სულ თეთრია, ეს ყველამ იცის და ხომ არ შევღებავთ-მეთქი.
ეშმაკის კერძმა მალანიამ მითხრა, რაც ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ შეგნებულად არ ვიტყვი, რომ უფრო საინტერესო მონათხრობი გამოვიდეს. ერთი სიტყვით, ერთი ავღანელი ტყვე შევარჩიეთ, რომელიც მართლაც ძალიან ჰგავდა აჰმად იუსუფს, მაგრამ თავზეც და ტანზეც ისეთი შავი თმა ჰქონდა, იფიქრებდით, უშავესი საღებავი წაუსვამთო. შერჩეული კანდიდატი ტყვეებისგან გამოვაცალკევეთ, გავაშიშვლეთ, ტომარაში ჩავსვით, თავი მოვუკარით და წავიყვანეთ, მაგრამ ისე, რომ ჩვენ მეტი ვერავინ ხედავდა. ტომარაში ჩასმული ავღანელი მოჯაჰედი ხმას არ იღებდა და არც ჩვენ დაგვიძრავს სიტყვა, მაგრამ, ვერტმფრენში რომ ჩავსხედით, მალანია და მეორე ჩვენი მეგობარი, ვანო მიქაძე, ალაპარაკდნენ ავღანურად, ისე, რომ ტომარაში ჩასმულ მოჯაჰედს ყველაფერი ესმოდა. მალანიამ უთხრა მიქაძეს:
– ავფრინდით, – ვერტმფრენის პროპელერები ამუშავდა და ხუთიოდე წუთის მერე მალანიამ უფრო ხმამაღლა თქვა, – რა სიმაღლეზე ვართ?
– ექვსი ათას მეტრზე, – მიუგო მიქაძემ.
– ასწიეთ, გადავაგდოთ ეს ძაღლისშვილი! – იღრიალა მალანიამ და ჩვენი მოჯაჰედი ავღანელი, რომელმაც ყველაფერი გაიგონა, თევზივით აფართხალდა და საზარლად აყვირდა. მაგრამ, ჩვენ გავაქან-გამოვაქანეთ მოჯაჰედიანი ტომარა და ვერტმფრენის ღია კარიდან გარეთ მოვისროლეთ. მოჯაჰედს საზარელი ბღავილი აღმოხდა, მაგრამ ეს ხმა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან, სულ რაღაც ერთი მეტრის სიმაღლიდან გადაგდებული ავღანელი ქვიშაში ჩავარდა.
ჩვენ უძრავი ვერტმფრენიდან გადავედით, ავღანელი ტომრიდან ამოვიყვანეთ და ცარცივით გათეთრებული მოჯაჰედი ვიხილეთ – შიშისგან მას მთელი თმის საფარი გაჭაღარავებული ჰქონდა და, ყველა სიკეთესთან ერთად, მეტყველების უნარიც დაჰკარგვოდა. სწორედ ეს მოჯაჰედი გავატანეთ ბადრაგს მოსკოვში. ნამდვილი „ჭაღარა“ კი ორი კვირის მერე შევიპყარით და „შეცდომა“ გამოვასწორეთ“.
დღევანდელ მოგონებებს პოლკოვნიკი ლევან ალფაიძე დაასრულებს.
„ერთხელ ჩვენს თანამშრომელს დედა გარდაეცვალა რაჭაში და რაღაც საქმის გამო დასაფლავებაზე გამგზავრება შეგვაგვიანდა. ვერ ვასწრებდით და ამიტომ გავრისკეთ და „ჩერეზ“ ცხინვალი გავემგზავრეთ მოკლეზე.
უკვე რაჭის საზღვარზე ვიმყოფებოდი, რომ წყალი აგვიდუღდა და მანქანა შევაჩერეთ. გადმოვედით და „ჩალიჩი“ დავიწყეთ. ისეთი ადგილია, კაციშვილი არ ჭაჭანებს, ირგვლივ მთები და ტყეა, ვერც კი იფიქრებ, იქ თუ ადამიანი დადის. უკვე გასამგზავრებლად გავემზადეთ, როცა გაბმული სტვენის ხმა გავიგონეთ. ტყისკენ გავიხედეთ და საკმაოდ მოშორებით ახალგაზრდა კაცი შევნიშნეთ. მან გამოგვძახა:
– ძმებო, ძმებო, „ძაღლები“ ხომ არ არიან ახლო-მახლო?!
ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიუარეთ. მან კი მოცდა გვთხოვა, შემდეგ გორაკები გადმოიარა და ონამდე მიყვანა გვთხოვა. თან გაგვანდო, რომ ცხინვალიდან მოდიოდა და იაფად აღებული წამალი მოჰქონდა.
ჩვენი მეგზური მანქანაშივე გავჩხრიკეთ, 70 გრამი ოპიუმი აღმოვუჩინეთ, ონის პოლიციას ჩავაბარეთ და შემდეგ დასაფლავებაზე წავედით“.
ავტორი