2023 წლის 19 მაისს ახალი მთვარეა. ასტროლოგების თქმით, ეს ძალიან პროდუქტიული პერიოდი იქნება, რადგანაც მთვარე კუროს ნიშანშია. ტრადიციულად, ახალი მთვარე მთვარის ახალი ციკლის დასაწყისთან, განახლებასთან, ცხოვრებაში განსხვავებული ენერგიის შემოსვლასთანაა დაკავშირებული.
როგორც ასტროლოგები განმარტავენ, ახალი მთვარე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყონ და განახორციელონ ის გეგმები, რაც დასახული აქვთ. ამიტომაც, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე სასარგებლო ახალი მიზნებისა და მიმართულებების შედგენაა, რომლებსაც სამომავლოდ ფრთებს შეასხამთ. ახალი მთვარის პერიოდი მისტიკურ დროდ ითვლება, როცა ნებისმიერი ბიზნესისა თუ წამოწყების სწორი კურსი წარმატებას იწვევს.
2023 წლის 19 მაისს კუროს ნიშნის გავლენასთან ერთად, ვიგრძნობთ ტყუპების, იმ ნიშნის გავლენას, რომელშიც მთვარე ახლაა. კურო საკმაოდ შრომისმოყვარე და მიზანდასახული ნიშანია, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა იაროს მიზნისკენ მიმავალ გზაზე ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს. ამავდროულად კი, ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ტყუპების შედარებით არათანამიმდევრული და ორაზროვანი ქმედებები. ამიტომაც, შესაძლოა, აღნიშნულ პერიოდში გარკვეული სარისკო გადაწყვეტილებების წინაშე დავდგეთ. წონასწორობის მიღწევას კი შეძლებს ის, ვინც ლოგიკას მიჰყვება და გადაწყვეტილებებს ემოციების საფუძველზე არ მიიღებს.
ახალი მთვარის პერიოდში ადამიანები პირად ურთიერთობებშიც მნიშვნელოვან პროგრესს ნახავენ. შეძლებენ დაპირისპირებების აღმოფხვრას და თავიანთ მომავალს უფრო ცხადად დაინახავენ.
კუროს ნიშნის გავლენით შეძლებთ, საკუთარი უნარები და შესაძლებლობები კიდევ უფრო უკეთესად გამოავლინოთ და დაუმტკიცოთ სხვა ადამიანებს, რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ. ახალი მთვარის პერიოდში რაიმე ახალი საქმის წამოწყება, პროექტის განვითარება ძალიან კარგი იდეაა. ეს სამომავლოდ დიდ წარმატებას მოგიტანთ.
თუმცა, გახსოვდეთ, რომ აღნიშნულ პერიოდში ადამიანები ძალიან ემოციურები არიან და ამან შესაძლოა, გარკვეული სირთულეები და კონფლიქტური სიტუაცია შექმნას. ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალიც შესამჩნევად სუსტდება. ამიტომაც, შეეცადეთ, დაისვენოთ და საკუთარ თავზეც იზრუნოთ.
წყარო: beaumonde.ge