გუშინ, გამოცემამ „Gazzetta dello Sport“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაპოლიში“ მუშაობის სურვილი კრისტოფ გალტიემ და რუდი გარსიამ გამოთქვეს. ჯერჯერობით უცნობია, რომელ მათგანთან გეგმავს თანამშრომლობას აურელიო დე ლაურენტისი.
რუდი გარსია ბოლოს კრიშტიანო რონალდოს „ალ ნასრს“ წვრთნიდა, „პარი სენ ჟერმენი“ კი გალტიეს ჯერჯერობით ოფიციალურად არ დამშვიდობებია, თუმცა ეს მხოლოდ დროის საკითხია.
იტალიური გამოცემების ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი რაფა ბენიტესის დაბრუნებასაც განიხილავს.
ცნობილი გახდა, რომ „ნაპოლის“ პრეზიდენტი „სალერნიტანას“ მთავარ მწვრთნელს პაულო სოუზასაც ესაუბრა და მისი კლუბის გაწვრთნა შესთავაზა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო მოითხოვა.
გუშინ, იტალიურ მასმედიაში კიდევ ერთი საინტერესო ცნობა გავრცელდა. ესპანელმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა „ნაპოლიში“ დაბრუნება არ გამორიცხა.
„ნაპოლიში“ დაბრუნება? არ ვიცი, ეს უკვე ბევრჯერ მკითხეს. ჯერ კიდევ ველოდები შეთავაზებებს, ისევ მინდა გამარჯვება, ჩემი მენტალიტეტი ნათელია: არ მომწონს საშუალო დონის გუნდებში მუშაობა, პირველობისთვის ბრძოლა მინდა. „ნაპოლიში“ დაბრუნებას რაც შეეხება, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მზად ვარ, საერთაშორისო ფეხბურთს ვუყურებ და ჩემს პერსონალთან ერთად თამაშებს ვაანალიზებ“, – განაცხადა რაფაელ ბენიტესმა.
გამოცემა „Canal Plus“-ის მტკიცებით, აურელიო დე ლაურენტისი სერხიო რამოსის დამატებას ცდილობს. ნეაპოლური გუნდი ესპანელ მცველთან მოლაპარაკებებს იანვრის თვიდან აწარმოებს, თუმცა ლაურენტისის სურვილის გამო, დეტალები ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა.
ჯერჯერობით უცნობია, განხორციელდება თუ არა აღნიშნული ტრანსფერი, რადგან სერხიო რამოსს წინადადებები საუდის არაბეთიდანაც აქვს. რამდენი დღის წინ რამოსმა „პარი სენ ჟერმენი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
გამოცემა „La Repubblica“-ს ინფორმაციით, „ნაპოლისთვის“ გუნდის ლიდერების შენარჩუნება ადვილი არ იქნება.
გაზეთის მტკიცებით, ვიქტორ ოსიმენის მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი დღეებია. ნიგერიელი ფეხბურთელის აგენტები იტალიაში არიან და კლუბთან საუბრობენ. ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და ნეაპოლური გუნდი მშვიდად რომ იყოს, მისი ერთი წლით განახლება სურს.
თუმცა, ვიქტორს გრანდები იწვევენ, ყველაზე მეტად კი „პარი სენ ჟერმენი“ აქტიურობს, რომელიც ცხადია, მას უკეთეს პირობებსაც სთავაზობს, რაზეც ოსიმენი გულგრილი სულაც არ არის. შესაბამისად, არაა გამორიცხული კლუბი დატოვოს, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ ნეაპოლში დარჩენა გადაწყვიტოს.
ლუჩანო სპალეტიმ კი ქალაქ რიმინიში, იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის ორგანიზებულ ღონისძიებაზე იტალიურ მედიასთან ვრცლად ისაუბრა.
„ბევრი ეტაპი გავიარე იმ გზამდე, რომლითაც სკუდეტომდე მივედი. ამ პერიოდში ბევრი ჩემი თანაგუნდელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს მყავდა, ჩემი თანამშრომელი გახდა. გამიმართლა, რომ დიდი ჩემპიონების მომზადება მომიწია და ბევრი ლამაზი თამაში გვქონდა.
რა ძაფი აერთიანებს „ემპოლის“ და „ნაპოლის“ ჩემთვის? ნეაპოლელ ხალხთან წარუშლელი კავშირი წარმოიშვა, რომელიც სამუდამოდ გაგრძელდება. როგორც პრესკონფერენციაზე ვთქვი, თუ ვინმე მართლა გიყვარს, უნდა შეგეძლოს მისთვის დროის დათმობა. მთელი ჩემი დრო „ნაპოლის“ და ფეხბურთს დავუთმე. მე ვარ მწვრთნელი, რომელმაც თავი მთლიანად თავის საქმეს მიუძღვნა. თანმიმდევრული მწვრთნელი ვარ და დეფექტების მიღმა მექნება ისეთი თვისებები, რამაც საშუალება მომცა ეს სკუდეტო მომეგო. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლებოდა ჩემთვის მომხდარიყო.
ჩემი მომავალი? ვიმეორებ, წელს შევისვენებ, მერე ვნახოთ, რა სტიმული მექნება, რომ ამ სპორტს რაღაც მივცე. ეროვნულ ნაკრებში მუშაობა? არ აქვს მნიშვნელობა სად ვიმუშავებ. შეიძლება ეს იყოს ავენეში, ემპოლისთან ახლოს, სადაც ახლა ვცხოვრობ და შეიძლება იყოს ნაკრებიც, იგივე გემოს და ენთუზიაზმის განცდაა.
ჩემი შემცვლელი „ნაპოლიში“? არ ვიცი, რა ვთქვა. ბევრ მწვრთნელს ვიცნობ, მაგრამ დე ლაურენტისმა დაამტკიცა, რომ იცის, როგორ აარჩიოს შესანიშნავი მწვრთნელები. ვინჩენცო იტალიანოზე იყო საუბარი? შეიძლებოდა „ნაპოლისთვის“ ის ყოფილიყო სწორი პროფილის მქონე მწვრთნელი, ფინალში ორჯერ გავიდა და ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი გაიღო. ფინალებს ეპიზოდები წყვეტენ, მაგრამ იქ მოხვედრა ნიშნავს, რომ მან კარგად იმუშავა“, – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.
ავტორი