დავუშვათ და ჰქონდა პოლონელ ექიმს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცით, სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა?! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, რითაც “ვივამედში” მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
„მიხვდნენ პოლონელი ექიმები, რა დასკვნასაც დადებდნენ, სააკაშვილს რომ შეხედავ, რა მდგომარეობაშია, გასაგებია, რა დასკვნასაც დადებენ, ეს დასკვნა რომ რამენაირად გააბათილონ და ფასი დაუკარგონ, ამიტომ აკეთებენ ამ განცხადებებს, რომ ჩვენ აწი აღარ შევუშვებთ, აღარ შევამოწმებინებთ და ეს დასკვნა უკვე ყალბია. რატომ არის ყალბი? დავუშვათ და ჰქონდა იმ კაცს ფეხსაცმელში თმა, რა ვიცი სააკაშვილის თმა რომაა, იქნება ბებიამისის თმაა, ამ კაცის ბებიის. საიდან ვიცით, რა მტკიცებულებებით?
არეულია აბსოლუტურად ყველაფერი. შეუძლებელია ამას სერიოზული სამართლებრივი შეფასება მისცე. მე პირადად ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს ყველაფერი დამაჯერებელი არ არის“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას.