ცოტა ხნის წინ, იტალიური „ფროზინონეს“ პრეზიდენტმა მაურიციო სტირპემ „სერია A“-ს პირველ ტურში მისი კლუბისა და „ნაპოლის“ შეხვედრაზე ისაუბრა:
„სეზონის უკეთესი დებიუტი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, ეს იქნება ლამაზი გამოფენა „ფროზინონესთვის“, ქალაქისა და ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ნაადრევია იმის თქმა, თუ ვინ მოიგებს სკუდეტოს, სატრანსფერო ბაზრის ბოლოს შეგვეძლება ვეცადოთ პასუხის გაცემა ცდომილების მცირე ზღვრით. ჯერ ბევრი რამ არ ვიცით, დაძაბული სეზონი იქნება, არა მარტო ლიდერებს შორის.
კვარაცხელიას და კვერნაძის დაპირისპირება მშვენიერი და დამაინტრიგებელი იქნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენი გიორგი ხვიჩას დონეზე იქნება, რომელმაც „ნაპოლიში“ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივი ჩემპიონია“.
„ფროზინონესა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 19 აგვისტოს გაიმართება.
ამასობაში, ნეაპოლური გუნდი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტს“ დაუკავშირდა და ბრაზილიელ თავდამსხმელ ვენდელში 25 მილიონი ევრო შესთავაზა.
თავად ვენდელს, ბრაზილიურ „ფლამენგოში“ თამაში სურს. მხარეები ცდილობენ არა მხოლოდ მოთამაშის ღირებულებაზე, არამედ გადახდის პირობებზეც შეთანხმდნენ. რუსულ კლუბთან მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და დრო მიდის. ბრაზილიაში კი სატრანსფერო ფანჯარა მალე დაიხურება.
გუშინ, ესპანური გამოცემა „Marca“ გიორგი მამარდაშვილის საკითხს გამოეხმაურა.
„დიდი ხანია ყველასთვის ცნობილია, რომ „ვალენსიას“ გიორგი მამარდაშვილის გაყიდვა სურს. თითქოს ორივე მხარე თანახმაა და ტრანსფერს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს, თუმცა, საკითხი წინ არ მიდის. რეალურად, ვალენსიელები ქართველ მეკარეს უკვე დამშვიდობებულნი იქნებოდნენ, მასში შეთავაზებული 20 მილიონი ევრო რომ აეღოთ, თუმცა, ეს არ ისურვეს და ახლა, უცნაურ ვითარებაში იმყოფებიან.
მეკარე სპეციფიკური პოზიციაა და მინდვრის მოთამაშეთაგან განსხვავებით, განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამასთან ერთად, ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს არსებობს ტოპ-მეკარეებთან დაკავშირებული თავისებური ქვოტა, რომელიც მიმდინარე ზაფხულს უკვე ამოწურულად უნდა მივიჩნიოთ. ყველაფრის გათვალისწინებით, მამარდაშვილის გაყიდვის შანსი ძალიან მცირეა, თუმცა, არსებობს ერთი დაშვებაც.
რაზეა საუბარი? მხედველობაში გვაქვს ის მიჯნა, რომლის დაბლა დაშვებაზეც ვალენსიელები უარს აცხადებდნენ, ახლა კი, მიდგომა უნდა შეცვალონ. თუკი კლუბს მძიმე ფინანსური სიტუაციის გამოსწორება სურს, ის წინადადება უნდა მიიღოს, რომელიც ადრე დაბლოკა. „ვალენსიას“ მოუწევს მამარდაშვილს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოეთხოვოს.
თუ რატომ უჭირს კლუბს ამ ნაბიჯზე წასვლა, რთული გამოსაცნობი არაა. ქართველი გოლკიპერი მხოლოდ 22 წლისაა და უდავოა, რომ წლებთან ერთად მისი კლასი და ღირებულებაც მოიმატებს. სხვა საქმეა, რომ „ვალენსიას“ ამდენი დრო აღარ გააჩნია. თუკი კლუბმა მამარდაშვილი და იუნუს მუსა ვერ გაყიდა, მომავალი სეზონისთვის პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება“,– დაწერა გამოცემამ.
ცნობილი გახდა რომ „პსჟ“-სა და მადრიდის „რეალის“ ყოფილი მცველი, სერხიო რამოსი, თურქულ „გალათასარაიში“ გადასვლასთან ახლოსაა. სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელ ფეხბურთელს კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა.
რამოსი „სევილიას“ აღზრდილია. ანდალუსიური კლუბი მან 2005 წელს დატოვა და მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ბოლო ორი სეზონშის განმავლობაში 37 წლის მცველი „პსჟ“-ში ასპარეზობდა, სადაც 58 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
რამოსი მადრიდის „რეალში“ 2005-დან 2021 წლამდე თამაშობდა. ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ფეხბურთელმა მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის ორი ჩემპიონატი მოიგო.
„ალ ნასრის“ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ კი მორიგი რეკორდი დაამყარა.
„Arab Champions Cup“-ის მე-2 ტურის შეხვედრაში მან „მონასტირის“ კარი თავური დარტყმით აიღო.
ეს 38 წლის ვარსკვლავისთვის ოფიციალურ მატჩებში ამ მეთოდით შეგდებული 145-ე ბურთი გახლდათ, რითიც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
144-ჯერ თავით გოლი გერდ მიულერს აქვს გატანილი.
ავტორი