“ქართული ოცნების” დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე ადასტურებს, რომ რუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია საქართველოს პარლამენტში მან შეიყვანა. ჩიგოგიძის თქმით, ფიფიას 15 წელია იცნობს. მისივე თქმით, პარლამენტში შეყვანა თავად ფიფიამ სთხოვა და მასთან ბიზნესთან დაკავშირებული საქმე ჰქონდა.
გავრილოვის მეგობარი ფიფია რომ საქართველოს პარლამენტში ვასილ ჩიგოგიძემ შეიყვანა, განცხადება “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა. მისივე თქმით, “ვასიკოც გაბრაზებულია”, რომ ფიფიამ პარლამენტიდან ფოტო დადო.
“ვასილ ჩიგოგიძემ დაუშვა საშვი, შემოიყვანა და უთხრა, რომ დალოდებოდა მის ოთახში. მაშინ აქვს, როგორც ჩანს, ეგ ფოტო გადაღებული”, – თქვა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, სერგეი გავრილოვის მეგობარი რუსი ბიზნესმენი, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა. მან გუშინ სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და ისიც აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მისი იმპიჩმენტის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს.