წელს, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს დედაქალაქში ტრადიციული დღესასწაული, თბილისობა აღინიშნება.
დღეს დილიდან სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება ორბელიანის მოედანსა და მის მიმდებარე ქუჩებზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში.
ეს ის დროა, როცა აღნიშნულ ლოკაციებზე თავს ძალიან ბევრი ადამიანი იყრის. გამოფენილია სხვადასხვა ქვეყნის კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთები, მოწყობილია აგრობაზარი, ტარდება სპორტული შეჯიბრებები და კონცერტები დიდებისა თუ პატარებისთვის.
ქალაქში ასევე შესაძლებელია ცხენებშებმული ეტლებით გასეირნებაც.
როგორც ხაშურიდან ჩამოსულმა გურამმა გვითხრა, გასეირნების მარშრუტი აბანოთუბნიდან იწყება და შესაძლებელია ორთაჭალის მიმართულებით გზაზე შემხვედრ პირველ შემოსახვევამდე ჩასვლა.
“ხაშურიდან ვარ ჩამოსული. ჩემთვის თბილისობა ჩვეულებრივი დღესასწაულია, რომელიც ეწყობა, რომ ხალხმა ისიამოვნოს”,_ გვითხრა მან.
აბანოთუბანში მოწყობილ სტენდებზე შეხვდებით გამოსაფენად და ასევე გასაყიდად გამოტანილ ისეთ ნივთებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
მაგალითად, მოწყობილია ბერძნული, აზერბაიჯანული, ქიზიყური კუთხეები.
“გურია ნიუსი” ესაუბრა საქართველოს გერმანელთა ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ფელდმაიერს.
როგორც ფელდმაიერმა აღნიშნა, თბილისობა მათთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, რადგან ეძლევათ საშუალება ნახონ ვის რა ტრადიცია ჰქონდა.
“ჩვენ ვართ საქართველოში მცხოვრები გერმანული უმცირესობა. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის იყო ერთ-ერთი პირველი დაფუძნებული გერმანული პარტნიორობის ორგანიზაცია. ჩვენთვის თბილისობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის თბილისობა არის საკუთარი, იმ მხრივ რომ ვართ სხვა ჩვენს მეგობრებთან, პარტნიორებთან ერთად და შეგვიძლია ვნახოთ, ვის რა ტრადიციები ჰქონდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და საქართველოს განვითარებისთვისაც. ჩვენი დიასპორის მაგალითზე, ჩვენ შეგვიძლია ვაჩვენოთ, რა დიდი წვლილი აქვთ შეტანილი გერმანელებს საქართველოს განვითარებაში. მაგალითად, არქიტექტურაში, მუსიკაში, მხატვრობაში,_ გვითხრა ალექსანდრე ფელდმაიერმა.
რიყის პარკში, ორბელიანის მოედანსა და აბანოთუბანში კი ცესკოს სტენდსაც შეხვდებით, სადაც საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების პრეზენტაცია იმართება.
სხვადასხვა ლოკაციებზე მოწყობილ გამოფენებს შორის აღსანიშნავია თბილისური სუფრა.
როგორც სუფრასთან განთავსებულ დაფაზე ვკითხულობთ:
“თბილისური სუფრა
გუგა კოტეტიშვილი
თბილისური სუფრა დროში მოგზაურობის ერთგვარი ალეგორიაა.
ის აერთიანებს: რევოლუციის, თავისუფალი საქართველოს, გასაბჭოების ( სუფრაზე დაღვრილი წითელი ღვინო, მიგვანიშნებს, ისტორიის სწორედ ამ მონაკვეთს), მეორე მსოფლიო ომის, 70-80-იანი წლების, “პერესტროიკისა” და “დამოუკიდებლობის” პერიოდებს.
განსხვავებული ეპოქის სერვირება კი “გვიყვება” საქართველოს ისტორიას მეცხრამეტე საუკუნიდან დღემდე”.
ინფორმაციისთვის, ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული თბილისში პირველად აღინიშნა 1979 წლის 28 ოქტომბერს. 1990-იანი წლების დასაწყისში პაუზის შემდეგ, დღესასწაული 1995 წელს კვლავ განახლდა და მას შემდეგ ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.
ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი. ამავე დღეს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე გამოჩენილ ადამიანებს ენიჭებათ თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
ავტორი