ცნობილია, რომ აურელიო დე ლაურენტისი ძალიან უკმაყოფილოა „ნაპოლის“ თამაშით და რუდი გარსიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებასაც კი განიხილავდა, მაგრამ ჯერჯერობით, გარსია გუნდში დარჩება.
იტალიური მედიის მტკიცებით, დე ლაურენტისმა მწვრთნელს მიზანი დაუსახა: ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლა და „სერია A“-ს ოთხეულში მოხვედრა. გადამწყვეტი კი მომდევნო სამი მატჩი იქნება „ვერონას“, „უნიონისა“ და „მილანის“ წინააღმდეგ. არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში შეიძლება რუდი დაითხოვონ.
ფრანგი შეხვედრის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც შვებულების რამდენიმე დღეს გაატარებს.
ამავდროულად, იტალიური მედია წერს, რომ დე ლაურენტისს პირადი კონტაქტი ჰქონდა იგორ ტუდორთან, რომელსაც გარსიას შემცვლელად განიხილავს. ასევე დასახელდა მარკო ჯამპაოლოს კანდიდატურაც.
გამოცემამ „Arenanpoli“ კი კონტრაქტის დეტალებზე დაწერა, რომელიც “ნაპოლისთან” გუნდის მთავარ მწვრთნელ რუდი გარსიას აკავშირებს.
ფრანგს ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს ხელი მოწერილი და სეზონურად 3 მილიონ ევროს ღებულობს.
კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც, თუ მას დაითხოვენ, “ნაპოლი” ხელფასის მხოლოდ იმ ნაწილს გადაიხდის, რაც გარსიამ 2024 წლის 30 ივნისამდე უნდა გამოიმუშაოს.
იტალიელმა ჟურნალისტმა ალბერტო პოლვეროზიმ „ნაპოლი“ – „ფიორენტინას“ მატჩი შეაფასა. მისი განცხადებით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს შორის კავშირი პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს.
„კვარაცხელიას პატარა ბიჭმა, კაიოდემ აჯობა, რასაც არ ველოდი! ოსიმენმა „ფიორენტინას“ ორი წარმოუდგენელი შეცდომით ისარგებლა, მაგრამ მთლიანობაში ის მილენკოვიჩმა გააკონტროლა, მოკლედ, „ნაპოლიმ“ ტაქტიკის გარდა, ინდივიდუალურ დუელებშიც აშკარად წააგო. პოლიტანოს შეცვლა აუხსნელია, ის მოედანზე ყველაზე სახიფათო კაცი იყო, კვარასა და ოსიმენზე მეტადაც კი. კვარა-ოსის კავშირი თითქმის აღარ მუშაობს. ახლა თამაში ინდივიდუალურია და არაფრამდე მივყავართ“, – თქვა პოლვეროზიმ.
საქართველოს ნაკრებისა და „ტორინოს“ ცენტრალურმა მცველმა, საბა საზონოვმა იტალიის „სერია A“-ში „ვერონასთან“ მიღებული ტრავმა მოიშუშა და სანაკრებო პაუზის შემდეგ, 21 ოქტომბერს „ინტერთან“ გასამართი შეხვედრისთვის მზად იქნება.
გუნდში იმედი აქვთ, რომ მილანურ კლუბთან მატჩისთვის ალესანდრო ბონჯორნოც გამოჯანმრთელდება, რომელმაც ორი შეხვედრა გამოტოვა.
„ტორინო“ იტალიის „სერია A“-ში 9 ქულით მე-14 ადგილზე იმყოფება. გუნდს 8 შეხვედრაში 2 მოგება, 3 ფრე და 3 მარცხი დაუგროვდა.
უეფამ კი ევროპის 2032 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა იტალიას და თურქეთს უკვე ოფიციალურად მიანდო.
ორივე ქვეყანამ უეფას წარუდგინა 20 პოტენციური მასპინძელი სტადიონი, საიდანაც 2026 წლის ოქტომბრისთვის უეფა 10 სტადიონს აარჩევს – თითო ქვეყნიდან 5-5-ს.
იტალიიდან ევროპის ჩემპიონატს რომი, მილანი და ტურინი უმასპინძლებენ, დანარჩენი ორი ქალაქის ვინაობა კი მოგვიანებით გაირკვევა. თურქეთიდანაც უნდა შეირჩეს 5 სტადიონი.
გარდა ამისა, უეფამ ევრო 2028 წლის მასპინძელიც დაასახელა – დიდი ბრიტანეთი და ირლანდია.
ევრო 2028-ის მატჩებს შემდეგი ქალაქები უმასპინძლებენ: ბელფასტი, ბირმინგემი, კარდიფი, დუბლინი, გლაზგო, ლივერპული, ლონდონი, მანჩესტერი და ნიუკასლი.
გუშინ, უეფამ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და რუსეთს თავის ტურნირებში მონაწილეობის უფლება ისევ ჩამოართვა.
საქმე ეხება იმ გადაწყვეტილებას, როდესაც უეფამ გადაწყვიტა, რუსეთის 17-წლამდე ნაკრები დაებრუნებინა საკვალიფიკაციო ტურნირებში, რასაც სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე ფედერაციამ ოფიციალურად უარი გამოთქვა რუსეთთან თამაშზე, რის გამოც უეფას გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია.
შედეგად, რუსეთის 17-წლამდე ნაკრებიც ვერ მიიღებს უახლოეს საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას და რუსული ფეხბურთი ისევ ჩამოშორებულია საერთაშორისო ასპარეზს.
გამოცემა „Sport.es“-ის მტკიცებით, ლიონელ მესიმ შესაძლოა, რამდენიმე თვით საუდის არაბეთს მიაშუროს.
მისმა ამჟამინდელმა კლუბმა მაიამის “ინტერმა” ფლეი-ოფის საგზური ვერ მოიპოვა, რის გამოც ფეხბურთელს ოთხი თვით უქმობა მოუწევს.
ცნობილია, რომ ერთ-ერთი არაბული კლუბი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ლეოსა და მაიამის “ინტერს” საიჯარო პირობებზე სუპერშეთავაზებას უმზადებს.
ავტორი