2024 წლის 1 იანვრიდან, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულნი არიან, ხუთდღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან გაიარონ, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთანაც – „სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ, ექიმის საკონსულტაციო ოთახში“.
ქალთა უფლებების დამცველებს, რეპროდუქციული ჯანმრთელობის მკვლევრებსა და ქალი პოლიტიკოსების ნაწილს, რომლებმაც ამ ცვლილების შესახებ მხოლოდ გამოქვეყნების მერე შეიტყვეს, არაერთი კრიტიკული კითხვა გაუჩნდათ. ჯანდაცვის მინისტრის 2023 წლის 26 ოქტომბრის ამ ბრძანებით კიდევ რამდენიმე სხვა ცვლილებაც შევიდა 2014 წლის ბრძანებაში – ,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“.
ქალთა უფლებების დამცველები აბორტის წესის ცვლილებებს უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებენ, ამბობენ, რომ ეს ქალებს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და შიშობენ, რომ გაიზრდება არალეგალური აბორტების რიცხვიც.
ამ სტატიაში რამდენიმე მთავარი კითხვა დავსვით:
- რას ემსახურება ეს საკანონმდებლო ცვლილება?
- რატომ გახდა ის საჭირო?
- ვის გაუმარტივებს ან გაურთულებს ეს ცვლილებები ცხოვრებას?
- ვინ იცოდა მათ შესახებ?
- ქალებს ჰკითხეს რამე?
აბორტის შესახებ მინისტრის ბრძანებაში წერია, რომ:
- თუ აბორტამდე მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდის ვადა დაირღვევა, ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
- აბორტისწინა კონსულტაციის და განსაზღვრული 5-დღიანი მოსაფიქრებელი ვადის ამოწურვის შემდეგ, პროცედურამდე ჩატარებული რადიოლოგიური კვლევის შედეგები უნდა ჩაიწეროს და სურათი უნდა განთავსდეს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
ცვლილებები შეეხო აბორტის გაკეთების ვადებსაც.
კერძოდ:
- 7 კვირამდე (<49 დღე) ვადის ორსულობისას, მედიკამენტური აბორტი უნდა გაკეთდეს I დონის ანტენატალურ დაწესებულებაში, სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
- 7 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ქირურგიული მეთოდით, შეუძლია სერტიფიცირებულ ექიმ მეან-გინეკოლოგს სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც აქვს სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლება.
- 10 კვირამდე (70 დღე) ვადის ორსულობისას მედიკამენტური აბორტი შესაძლებელია სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში და სტაციონართან არსებულ ანტენატალურ დონე მინიჭებულ ამბულატორიაში სერტიფიცირებული ექიმ მეან-გინეკოლოგის მიერ.
- ხოლო 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის მიზნით, ნებისმიერი მეთოდით სამედიცინო ჩარევა შეიძლება მხოლოდ სამეანო-გინეკოლოგიური საქმიანობის უფლების მქონე სტაციონარული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაში. პროცედურას ატარებს სერტიფიცირებული ექიმი მეან-გინეკოლოგი და შეტყობინება (სამედიცინო დოკუმენტაციის დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული ასლი) უნდა გაეგზავნოს „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის“ საკოორდინაციო საბჭოს. ეს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებაა. განაგრძეთ კითხვა