ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
„მოკრძალებული „ნაციონალური მოძრაობა“ ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ეს სიტყვა ყველაზე ნაკლებად შეესაბამება მათ რომელიმე თვისებას. სამუშაო ჯგუფები, ფორმატები მომავალში იქნება მრავალი, რადგან არათუ ეს ცხრა, არამედ ბევრად მეტი რეკომენდაცია, მათ შორის გასათვალისწინებელი, მათ შორის სადისკუსიო გვექნება. ჩვენ დავდექით გზაზე, სადაც ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები ბევრ რამეს გვეტყვიან, ბევრ საკითხს დააყენებენ, ბევრ საკითხზე გვექნება დისკუსია. ამას შემთხვევით არ ვამბობ, რომ არ გვიჯერებდნენ, იმ საკითხზე ვსაუბრობ. ბოლო დღეებში გვქონდა, როდესაც რეკომენდაცია უნდა გაეცა ევროკომისიას. ინტენსიური კომუნუკაცია გვექნება და თითოეულ ამ საკითხს დეტალურად გავივლით ხოლმე, რომ არ დავაზიანოთ, ერთი მხრივ, ევროპულ გზაზე სწორად სვლა და მეორე მხრივ, ქართული ეროვნული ინტერესები. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება ბევრი ფორმატი და ეს მომდევნო წელს იქნება, თუ იმის მომდევნო წლებში, დაკონკრეტებას რომ მთხოვენ ხოლმე, ვსაუბრობ 2024 წელს, 2025 წელს და ასე შემდეგ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ევროინტეგრაციის მიმართულებით რთული გზაა გასავლელი.
„ჩვენ რთული გზა გვაქვს გასავლელი, რადგან აბსოლუტურად არ გვაქვს ილუზია, რომ ახლა ჩვენი ოპოზიცია დაეწყობა და ვაიმე აქამდე შევცდით, არ უნდა გვეკადრა, რაც ვიკადრეთ, ახლა პოზიტიურ რელსებზე გადმოვალთ და ევროინტეგრაციაში ხელს შეგიწყობთო. ამას არ იზამენ, ბუნებრივი ამბავია. რადგან ამას არ იზამენ, ჩვენ გვექნება რთული გზა ევროპისკენ, გუშინაც ვთქვი, ეკლიანი გზა. ამ ბევრ ეკალს უზრუნველყოფენ ესენი და მათი პატრონები გარედანაც, მაგრამ ჩვენ ვივლით სწორად და მივალთ იმ მიზნამდე, რომელსაც საქართველოს ევროინტეგრაცია ჰქვია. სამუშაო ფორმატი იქნება თუ სხვადასხვა, ბევრი ასეთი საკითხია, ეს ცხრა კი არ არის მხოლოდ. ამ ცხრას 19 და 29 მოჰყვება, ძალიან ბევრი ქინება ასეთი. ეს არის მიმდინარე სამუშაო პროცესი, რომელშიც ბუნებრივია, თუ ვიღაც მონაწილეობას ობიექტურად და გულწრფრელად მიიღებს, იქნება კარგი, თუმცა ამის დამაჯერებლობის ხარისხი ჩემთვის მათგან ნულია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.