2023 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალურ შოუმდე სულ ცოტა დროღა რჩება. რიგით 21-ე საბავშვო ევროფესტივალს საფრანგეთის ქალაქი ნიცა 26 ნოემბერს უმასპინძლებს. 16 მონაწილე ქვეყანას შორის ერთ-ერთი საქართველოა, რომელსაც კონკურსზე ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი წარადგენენ. ისინი მებო ნუცუბიძისა და ბეთხოს (ირაკლი მანჩხაშვილი) დაწერილ სიმღერას Over The Sky შეასრულებენ. ფინალში საქართველო მაყურებლის წინაშე მე-10 ნომრად წარდგება.
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვებულს ჟიურისთან ერთად ტელემაყურებელიც ავლენს. ამდენად, გულშემატკივრებს ხმის მიცემის წესების ზედმიწევნით ცოდნა სჭირდებათ.
რა უნდა იცოდეთ, თუკი ევროვიზიაზე საქართველოს მხარდაჭერა გსურთ
- ხმის მიცემის პროცესი პარასკევს, 24 ნოემბერს, თბილისის დროით 23 საათზე დაიწყო.
- ხმა შეგიძლიათ მისცეთ როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან.
- ხმის მისაცემად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს jesc.tv, სადაც თავდაპირველად მოგიწევთ, ყველა კონკურსანტის გამოსვლის მოკლე ვიდეოკოლაჟი ნახოთ. ამის შემდეგ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი ფავორიტი 3 მონაწილე ქვეყანა, მათ შორის საქართველო, და მისცეთ მათ ხმა.
- 26 ნოემბერს, თბილისის დროით 19 საათზე, საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ დაიწყება და ხმის მიცემა დროებით შეწყდება. მას შემდეგ, რაც სცენაზე ყველა კონკურსანტს ვიხილავთ, წამყვანები ხმის მიცემის პროცესს ისევ განაახლებენ 15 წუთით. ამ დროში თქვენ განმეორებით შეძლებთ ხმის მიცემას. კონკურსის ფინალისთვის თვალის მიდევნება კი პირველი არხის პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.
რა მნიშვნელობა აქვს ხმების მობილიზებას საქართველოსთვის
წლების განმავლობაში საბავშვო ევროვიზიაზე საკუთარი ქვეყნისთვის ხმის მიცემა იკრძალებოდა. ეს წესი 2017 წელს შეიცვალა, როცა კონკურსზე ხმის მიცემის ახალი, ონლაინ ფორმატი შემოიღეს.
ახალი ფორმატის დამკვიდრების შემდეგ, ჟიურისა და ტელემაყურებლის მიერ საქართველოსთვის დაწერილ ქულებს შორის ყოველთვის დრამატული სხვაობაა. მაგალითისთვის, 2017 წელს საქართველომ ჟიურისგან უმაღლესი, 143 ქულა დაიმსახურა, თუმცა, ონლაინ ხმის მიცემით 16 ქვეყანას შორის მხოლოდ მე-12 ადგილს დასჯერდა. მსგავსი ისტორია განმეორდა 2018-შიც: თამარ ედილაშვილმა ჟიურისგან მე-3 უმაღლესი ქულა მიიღო, მაგრამ ტელემაყურებლის ქულებით მე-14 ადგილზე გავიდა. რაც შეეხება გასულ წელს, საქართველოს წარმომადგენელმა მარიამ ბიგვავამ შარშან ჟიურის შეფასებით მე-2 ადგილი დაიკავა, თუმცა, ონლაინ ხმის მიცემით მიღებული ქულებით მხოლოდ მე-12 ადგილი ერგო.
ქართველი ევროფანების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ხმების მობილიზებაშია და გულშემატკივრის მეტი ჩართულობაა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველომ საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ბოლოს 2016-ში, ხმის მიცემის ახალი ფორმატის შემოღებამდე ერთი წლით ადრე მოახერხა.