გაჯეტებთან ურთიერთობა ბევრ პრობლემასთან ერთად მხედველობის გაუარესებასაც იწვევს. ბავშვების ეკრანებისგან სრულად მოწყვეტა პრაქტიკულად, შეუძლებელია, განსაკუთრებით, მოსწავლეების, რომლებსაც ტელეფონებისა თუ კომპიუტერების საშუალებითაც უწევთ დავალებული ინფორმაციის მოძიება, კითხვა და შესრულება.
ამიტომ ოფთალმოლოგები გვირჩევენ, რომ ეკრანთან ურთიერთობისას ბავშვები რამდენიმე მარტივ წესს მივაჩვიოთ, რათა მათი მხედველობა უფრო დაზღვეული იყოს.
მიჩვიეთ ბავშვი, რომ ეკრანის ნათება ხშირად შეამციროს და სიბნელეში არ იჯდეს ტელეფონით ხელში ან ჩართული კომპიუტერის წინ.
თვალი ისეა მოწყობილი, რომ თუ გარშემო ბნელა, გუგები ფართოვდება. სინათლეში კი ვიწროვდება.
როცა ბავშვი ტელეფონით ხელში სიბნელეში ზის, თვალისთვის „გაუგებარია“, რომელ მდგომარეობაში უნდა დარჩეს. გარშემო სიბნელე უბიძგებს, რომ გაფართოვდეს, ეკრანის ნათება კი შევიწროვების ნიშანს აძლევს. ეს ორმაგი დატვირთვა თვალის ძლიერ გადაღლას იწვევს, რასაც შემდგომ ახლომხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები მოჰყვება.
თუ ეკრანის ნათებას დაუწევთ, ხოლო ოთახში შუქს აანთებთ,თვალის დატვირთვას ეს გარკვეულწილად შეამსუბუქებს. ამ მარტივმა წესმა შესაძლოა ათასობით ბავშვი იხსნას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემებისგან.