ყოფილი ძიუდოისტი გურამ გოგოლაური ერთხელ ესპანეთში კორიდას დაესწრო…
„ესპანეთი ჩვენმა ახლანდელებმა მესით, გვარდიოლათი, კასილიასით იციან, მაგრამ ბევრმა არ იცის, ჩვენ რა ამბავი გადაგვხდა.
იმ წელს გუნდური ჩემპიონები გავხდით, მაგრამ შეჯიბრების დაწყებამდე ხელმძღვანელობამ ტურნეს გეგმაში ჩვენი კორიდაზე დასწრება დაგეგმა. მთელი ნაკრები და ადგილობრივი მოჭიდავეებიც ერთად წავედით ამ უდიდებულესი სანახაობის სახილველად. სიურპრიზი თურმე იქ გველოდა.
გამორეკეს ეს „საბრძოლო ხარები“. შეაგდეს სპეციალურ ფარეხში და გრძელი, წვეტიანი კეტებით აღიზიანებენ… აღიზიანებენ, რომ მერე ეს უცოდველი, გაბოროტებული პირუტყვები არენაზე გამორეკონ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და სასეირო ჯერ არაფერია. სასეირო სულ 10 წუთში მოხდა.
– ვინაა მსურველი მსოფლიო მოჭიდავეთაგან, რომ არენაზე ჩამოვიდეს!!! მაყურებლებს მიმართავს ადგილობრივი ინფორმატორი…
„ვაი, ჩვენს თავს! – როგორია!“ თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ინგლისელი მოჭიდავე გადავიდა არენაზე და დანარჩენებს ხელებით ანიშნებს – მოდით, რისი გეშინიათ, მოჭიდავეები არ ხართო?! არა… რაღა ვქნათ ახლა? ჭიდაობა კი ვიცით, მაგრამ შავ ხარებთან რა იჭიდავებს კაცო! ცოტა ხანში ვიღაც რუსი ვიტიუშა მოჭიდავეც გადახტა – „ჩტო ბუდეტ – ბუდეტ, მაც რადნაია“- ო.
გადავხედეთ ერთმანეთს. ამ დროს რამაზ ხარშილაძემ გამოიჩინა შესაშური გამბედაობა. „შენ დაუკარ“! არ უთქვამს, მაგრამ გაბედულად გადახტა და ამოუდგა გვერდში რუს –ინგლისელს. მეტი მსურველი არ აღმოჩნდა და გაუღეს კარები ამ გადარეულ ხარებს.
– რამაზ თავს უშველე! – ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ ყიჟინაში ჩაინთქა. ხარმა ჰაერი დაყნოსა ავბედითად და რატომღაც ინგლისელი, უზარმაზარი წონის ღიპიანი „მოეწონა“! გაენთო რქებით. ინგლისელს სულ დაავიწყდა საერთოდ ვინ იყო და მოუსვა თავშესაფარში. გაიქცა და მიიღო კიდევაც ორი ძლიერი რქა.
მეორე ხარი რუსს გამოეკიდა, რუსმა იბღავლა და ისიც შეძვრა თავშესაფარში, ინგლისელ ღიპიანს ამოეფარა უკან. ამ ჩვენსას… ხარშილაძეს რატომღაც წითელი ჯემპრი ეცვა მაინცდამაინც იმ დღეს. ბღუუო – დაიძახა ხარმა და სანამ ხარი რაიმე უბედურებას მოიგონებდა ხარშილაძემ წუთში რვა წრე დაარტყა არენას. ბოლოს, რომ შეხედა ხარი აღარ ეშვებოდა, მანაც თავშესაფარს მიაშურა, მაგრამ ნურას უკაცრავად – ინგლისელმა არ შეუშვა – სადაა შენი ადგილიო.
გადაირია მაყურებელი. როგორც იქნა „მაშველებმა“ ხარი დაიჭირეს და გადარჩა ჩვენი რამაზი. ოღონდ მთელი თვე რომ ეძინა ასე ხვრინავდა: ხხხ – არი, ხხხ – არიი!!!“
ავტორი