საქართველოს მთავრობამ 2022 წელს 800 სკოლის მშენებლობა და რეაბილიტაცია დააანონსა. სასკოლო ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლებისთვის, ბიუჯეტიც მასშტაბური და შთამბეჭდავი გაითვალისწინა.
დასრულებულ სასკოლო შენობებში თანამედროვე დონეზე მოწყობილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, საპირფარეშოები, ეზოები, გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემებია გათვალისწინებული.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება გურიაშიც მიმდინარეობს და ამის შესახებ “გურია ნიუსი” პერმანენტულად აწვდის ინფორმაციას მკითხველს.
მოცემული მომენტისთვის, ოზურგეთში, 14 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ესაჭიროება ნაგომრის, გაღმა დვაბზუს, მაკვანეთის, ქალაქ ოზურგეთის #3, ასევე, ბაილეთის, ქვემო ნატანების და დაბა ნარუჯის საჯარო სკოლებს.
მშენებლობის პროცესშია სოფლების: ასკანის საჯარო სკოლასთან არსებული, სოფელ მზიანის დაწყებითი კლასების კორპუსი, ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა, თვით ასკანის საჯარო სკოლა, ზემო ნატანების, ჯუმათის და ურეკის საჯარო სკოლები.
მასალების მოკვლევისას, როგორც გამოიკვეთა, ამ 14 სკოლიდან, სამი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია _ სარეაბილიტაციო სამუშაოების საორგანიზაციო საკითხებიც კი არ არის მოგვარებული. აღნიშნულ 14 ჩამონათვალში, ნაგომრის და მაკვანეთის საჯარო სკოლები რეაბილიტაციის ქვემდებარედ არის მითითებული. ხოლო #5 ოზურგეთის საჯარო სკოლა, რომელიც ანასეულში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს, მშენებლობის ნუსხაშია.
რა ხდება სინამდვილეში?
მაკვანეთის საჯარო სკოლა რეაბილიტაციის პროცესში
დღეს გიამბობთ მაკვანეთის სკოლის ამბავს. მაკვანეთის საჯარო სკოლა, რომლის პროექტის ღირებულება ექვსი მილიონი ლარია, რეაბილიტაციის პროცესშია და ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, მომავალი წლისთვის მზად უნდა იყოს.
ადგილობრივებს ძალიან უხარიათ სკოლის რეაბილიტაცია, რადგან ძველ შენობაში ბავშვის მიყვანა სარისკო იყო და სოფლის ბავშვები სხვა სკოლებში შეჰყავდათ.
_ მაკვანეთი ფოლკლორის აკვანია, უდიდესი ტრადიციის და კულტურის სოფელი. სკოლაში რომ მძიმე მდგომარეობა იყო _ არა იატაკი, არა ჭერი თუ კარი, ამიტომ, ვინც შეძლო, შვილები ქალაქის სკოლებში გადაიყვანა. მგონი, ასი მაკვანეთელი ბავშვი სწავლობს ოზურგეთში, რომლებიც სკოლაში სოფლიდან დადიან. ეს არ უნდა ხდებოდეს 21-ე საუკუნეში. თუმცა, რაკი პროცესი დაიწყო, მივესალმებით. უცბად არაფერი კეთდება, მოვითმენთ, _ ამბობენ ადგილობრივები “გურია ნიუსთან” საუბარში.
_ მე-12 კლასელი. მაკვანეთელი ვარ, მაგრამ ოზურგეთში ვსწავლობ. მიხარია, რომ როგორც იქნა, დაიწყო რეაბილიტაცია და მაკვანეთს მალე საუკეთესო სკოლა ექნება, _ გვითხრა მაკვანეთელმა ბარბარა ცელაძემ.
დარიკო განგავა, მაკვანეთის მკვიდრი:
_ რა გითხრათ? რაკი დაიწყო რეაბილიტაცია, გვიხარია. ადგილობრივებიც დასაქმდნენ. დროებითია ეს, მაგრამ კარგია. რაც მთავარია, ვეღირსეთ მაკვანეთის სკოლის რეაბილიტაციის დაწყებას და გვიხარია. შაბათ-კვირას და წვიმიან ამინდშიც მუშაობენ. იმედია, საუკეთესო შენობა გვექნება და გული არ დაწყდებათ მაკვანეთელებს.
რეაბილიტაციის პროცესში მყოფი მაკვანეთის საჯარო სკოლა, ბოლო დროს ორჯერ მოვინახულეთ, თუმცა, ერთ კვირაში ორ, უკიდურესად ურთერთსაწინააღმდეგო ამბავს წავაწყდით.
სკოლის რეაბილიტაცია, ერთი შეხედვით, საუცხოოდ მიმდინარეობს. იქვე, მინდორზე მეათე კლასის გეოგრაფიის წიგნი და რამდენიმე მანდარინი დევს. აშკარაა, მშენებელთაგან რომელიმემ ნახა წიგნი და შესვენებისას კითხვითაც შეიქცია თავი და ციტრუსითაც… იქვე მომუშავეებმაც ღიმილით დაგვიდასტურეს, კი ასე იყოო.
აუცილებელი დემონტაჟის შემდეგ, როგორც აქ მშენებლებმა, მათ შორის, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გვითხრეს, შენობა ხარაჩოებშია ჩასმული და დაბჯენით სამუშაოების ასრულებენ.
ადგილობრივები სკოლის მშენებლობაზე: “ჩვენ ამ სკოლაში ავიდგით ფეხი და ახლა ხარაჩოებზე ფრთხილ სიარულს ვსწავლობთ
ვაჟა ნაცვალაძე, ადგილობრივი მცხოვრები:
_ აქ დასაქმებული ვარ და ისე მიხარია, თითქოს საკუთარ სახლს ვაშენებდე. ჩემ დროს “ნული ჯგუფი” არსებობდა და პირველად როცა გაიხსნა, 1983 წელს, აქ, ამ სკოლაში შემომიყვანეს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. სკოლა დიდხანს იყო სარემონტო მდგომარეობაში. თუმცა, ახლა რაკი დაიწყო, გვეშველება და ჩვენი შვილები, ყველა მაკვანეთელი აქ ისწავლის, _ ჩამოგვძახა მან მეორე სართულის ხარაჩოდან.
რევაზ ქილიფთარი, მაკვანეთის მკვიდრი:
_ ამ სკოლაში ვსწავლობდი და მიხარია, რომ დღეს აქ ვმუშაობ. იმედია, დროულად დასრულდება. ჯერჯერობით, გარეთა ფასადზე ვმუშაობთ. თუ წვიმს, შიგნით გადავდივართ, რომ არ მოვცდეთ.
გელა ანდღულაძე, ძიმითის მკვიდრი:
_ მე მშენებლობის სპეციალისტი ვარ. მრავალი წელია, ასეთ საქმეზე ვმუშაობ. ახლა აქ მომიწვიეს კონკრეტული სპეციფიური სამუშაოსთვის. მოკლედ, “ჩვენთვის კვირა არ არსებობს, ყოველი დღე შაბათია… _ ხუმრობით წაიღიღინა მან ცნობილი ფანოღური ჰიტი და მუშაობას შეუდგა.
მშენებლობაზე დასაქმებულებმა გვითხრეს, რომ დღიური გამომუშავების მიხედვით იღებენ გასამრჯელოს:
_ რამდენ კვადრატულ მეტრს გავაკეთებთ, გააჩნია. 7 ლარს გვიხდიან, _ გვითხრეს მათ. სამუშაოთა მწარმოებელმა, დავით მსხილაძემ გვითხრა, რომ მშენებლობის საქმეს კომპანია “საბა კონსტრაქმშენი” აწარმოებს. მან კომპანიის ხელმძღვანელის ვინაობის დასახელებისგან, მიუხედავად არაერთგზის კითხვისა, თავი შეიკავა.
_ ჩემს გვარს და სახელს გეუბნებით. ტელეფონსაც ჩაგაწერინებთ. დანარჩენი თქვენ მოიძიეთ, _ გვითხრა მან.
“საბა კონსტრაქშენის” შესახებ ინფორმაციის მოძიება რთული არაა _ ასეულობით პროექტი აქვს გახორციელებული საქართველოს მასშტაბით და აშკარაა, რომ სახელმწიფო შეკვეთების სიმწირეს არ უჩივის.
“გურია ნიუსმაც” მკითხველს არაერთხელ გააცნო ინფორმაცია ამ კომპანიის შესახებ. ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2022-2023-2024-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, Design-Build მეთოდით (როცა დამპროექტებელიც და მშენებელიც ერთი და იგივეა), აღნიშნულმა კომპანიამ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციაზე სახელმწიფოსთან გააფორმა ჯამურად 549 203 770,0 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც, ჯამში, 75 ობიექტს მოიცავს.
კომპანია დაფუძნებულია 2012 წლის 11 აპრილს. დირექტორი ლევან თარგამაძეა; დამფუძნებელი 100% წილით _ “საბა ინვესტი”. ბიზნეს რეესტრის თანახმად, “საბა ინვესტის” 100%-იან წილს ბიზნესმენი სლავა შერაზადიშვილი ფლობს.
tendermonitor.ge-ს მონაცემებით, სახელმწიფო კონტრაქტების საერთო ღირებულება 818,938,980.29 ლარია. 11 გამარტივებული შესყიდვიდან, ხელშეკრულებებით, 74,764,077.79 ლარი უფიქსირდება. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება ევრობასკეტისთვის სპორტის სასახლის მშენებლობის დაჩქარებული შესყიდვის ფაქტი, ასევე, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენ გიორგი კაპანაძესთან კავშირები, რაც სხვადასხვა დროს, მედიის მსჯელობის საგანი გახდა. უშუალოდ ლევან თარგამაძის ან დამფუძნებელი შერაზადიშვილების სახელი მმართველი პარტიის შემწირველთა სიაში არ ფიქსირდება, თუმცა, ორგანიზაციის მიერ ახლახან აჭარის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიღებული 200-მილიონიანი შეკვეთა, ოპოზიციამ 2024 წლის არჩევნებისთვის დასახარჯ “შავ ფულად” შეაფასა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გახორციელებული ასეულობით სახელმწიფო შეკვეთა “საბა კონსტრაქშენს” ისტორიაში, მოიცავს ვერეს ხეობის უსაფრთხოების გაუმჯობესების პროექტს, საჯარო რეესტრის შენობას, რომელიც ორთაჭალაში შენდება, მასშტაბურ პროექტს ბათუმში, ქალაქების და კურორტების განვითარების ფარგლებში 355 მილიონი ლარის მოცულობის 6 კონტრაქტს; საინტერესოა, რომ კომპანიას პროექტის Design-Build მეთოდით გახორციელება ევალება (ანუ თავად უნდა წარადგინოს პროექტიც და შეასრულოს სამუშაოებიც). შესაბამისად, ტენდერის გამოცხადების დროს, თავად სახელმწიფოს არ ჰქონდა მომზადებული პროექტები და ნახაზები იმისა, თუ სამშენებლო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო თითოეულ ქალაქში. ამასთანავე, როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდიდან ირკვევა, სახელმწიფომ “საბა კონსტრაქშენს” პროექტის გახორციელებისთვის მსხვილი ავანსები უკვე გადასცა, რაც ჯამში 6 კონტრაქტზე 113.7 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიამ 2023 წლის ივნისში 81-მილიონიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც ქალაქ რუსთავში 800 დევნილი ოჯახისთვის ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.
რაც შეეხება გურიას, “საბა კონსტრაქშენი” აგრძელებს პრემიერის ინიციატივით დაწყებულ პროგრამას რეგიონების განვითარებისთვის, ასევე, სკოლების რეაბილიტაციის პროექტებს, რომელსაც შპს “ქუთაისი აღმაშენებელი” ასრულებდა და ვერ დაასრულა, თუმცა, “აღმაშენებელმა” 12 მილიონი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს გასამრჯელოდ მაინც მიიღო.
თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ობიექტზე სამუშაოებს, სავარაუდოდ, “საბა კონსტრაქშენის” ქვეკონტრაქტორი კომპანია ასრულებს რომლის დასადგენად ძალიან ბევრი ვიშრომეთ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერაფერი გავაწყვეთ. ობიექტზე ყოფნისას, შევესწარით, როგორ მოხდა პროექტში ძირეული ცვლილება ყოველგვარი შეთანხმების, ინფორმირების გარეშე.
_ კი ვიყავით გახარებულებიი, მაგრამ გუშინ გავიგეთ, რომ მხოლოდ პირველ სართულს არემონტებენ! ეს რანაირია ან რა ჰქვია ამას, არ ვიცი! ექვსმილიონიანი (!!!) პროექტია, ორივე სართული უნდა გაკეთებულიყო. ვერც წარმოვიდგენდით, რომ შუა რემონტის დროს, პროექტს ვინმე თავიდან გადააკეთებდა. გვითხრეს, რომ პირველი სართულის გარდა, არაა საჭირო ასი ბავშვისთვის! მაკვანეთის სკოლაში, იყო დრო, სამასი მოსწავლე სწავლობდა. ახლა ასი მოსწავლე გვყავს. თუმცა, 60 ბავშვი ქალაქის სკოლებში სწავლობს _ სწორედ ცუდ პირობებს გაექცნენ. იატაკი არაა წესიერი, არც კარი და ჭერი… _ ამბობს მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ამირან თოიძე.
კითხვაზე, თუ ვინ აცნობა მათ ეს ამბავი და გადაამოწმეს თუ არა განათლების სამინისტროში, გვითხრა, რომ კომპანიის ინჟინერი მოვიდა.
_ მითხრა, ინჟინერი ვარო, თუმცა მე შემსრულებელი ვარ მხოლოდო. ამის შემდეგ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით და დავადგინეთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.
_ ესე იგი, ორივე სართულზეა დაწყებული რემონტი და როცა დასრულდება, ზემოთ არ აგიშვებენ თუ როგორ?! ვხედავთ, რომ ორივე სართული ხარაჩოებშია ჩასმული…
_ კი, ასე იყო დაწყებული. ალბათ, გარეთა ფასადს დაასრულებენ. შიგნით კი მხოლოდ პირველ სართულს გააკეთებენ. რანაირად უნდა გვეყოს ასეთი ფართი? ან რანაირად უნდა იყოს პირველ სართულზე სწავლა და მეორეზე ნაგავი?! აბა, მეტი რა უნდა იყოს მეორე სართულზე? ან სპორტული დარბაზი არ გვინდა?! მასწავლებლები ძალიან უკმაყოფილონი არიან. უკვე გავაგზავნეთ წერილი განათლების სამინისტროში. რა თქმა უნდა, ოზურგეთის რესურსცენტრის გავლით, რომლის ხელმძღვანელი ლელა იმედაშვილი გაეცნო და დაგვეთანხმა, _ გვითხრა მან და სინანულით ჩაილაპარაკა: “ეჰ, ანზორ ერქომაიშვილი იყოს ცოცხალი, იქნებ კი ეშველა ჩვენთვის”.
სამშენებლო ნაგავი აქვე ყრია
მაკვანეთის საჯარო სკოლის დირექტორის გულწრფელობაში ეჭვი არ შეგვპარვია _ მან გულისტკივილი არ დაფარა და არც დაუმალავს ჩვენთვის, რა ხდება დღეს აღნიშნულ სკოლაში: პროექტთან შეუსაბამოდ, რაც მთავარია, სკოლის ადმინისტრაციის წინასწარი ინფორმირების გარეშე, განათლების სამინისტრო და დამკვეთი _ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, როგორ აკლებს თუ ამცირებს სკოლის შენობაში სართულს და ფართს.
სამუშაოთა მწარმოებლის დათო მსხილაძის ნაწილობრივ გამხელილი “მინიშნება”, რომ ობიექტის რეაბილიტაციას “საბა კონსტრაქშენი” ახორციელებს, ვერაფრით გავამყარეთ _ ვერ ვიპოვეთ დოკუმენტი, რომელიც ამ კომპანიის მიერ ოზურგეთში სკოლების შენობების რეაბილიტაციას ადასტურებს. ამიტომ, ჩვენ ისევ დავეკონტაქტეთ დათო მსხილაძეს და ვთხოვეთ, სრულიად უწყინარი ინფორმაცია მოეწოდებინა _ რომელია უშუალოდ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია.
_ მაგ კომპანიას კიდევ ქვეკონტრაქტორი ჰყავს. დანარჩენი კი ოზურგეთის რესურსცენტრში იკითხეთ, _ ირიბად დაგვიდასტურა მსხილაძემ ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ, თუმცა, რესურსცენტრთან გადაგვამისამართა.
_ არ შეგიძლიათ, კომპანიის ხელმძღვანელის სახელი და გვარი გვითხრათ?
_ ვერ გეტყვით. იქ გეტყვიან.
_ რატომ ვერ გვეტყვით?
_ ქალბატონო, თქვენ უფროსი ხომ გყავთ… ხომ ემორჩილებით…
_ ჩემი უფროსები არასდროს მავალებენ, მათი ვინაობა დავმალო… პირიქით…
_ ჰო, რა ვიცი, რა ვქნა… _ გვითხრა დავით მსხილაძემ.
ნამდვილად გაუგებარია, რატომაა ასე “საშიში” სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის, მისი ხელმძღვანელის, პასუხისმგებელი პირის ვინაობის “გამხელა”; რატომ არ აქვს შესაძლებლობა საზოგადოებას იცოდეს ვინ ხარჯავს და როგორ მისივე ჯიბიდან გაღებულ ექვს მილიონს ერთი სოფლის ერთი სკოლის შენობის შეკეთებაზე, რომლის მეორე სართულის დატოვებას ძველი იატაკით, უვარგისი ჭერით, უვარგისი კარ-ფანჯრით და შეურემონტებელი კედლებით აპირებენ!
რატომაა, რომ მშენებელი კომპანიის, არსებული პროექტის, პროექტში ცვლილების შესახებ ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვისაც კი ხელმიუწვდომელია და მხოლოდ პოსტფაქტუმ იგებს სოფელი ამ ყველაფრის შესახებ ან ვერც იგებს?!! რატომაა, რომ არაფერი ვიცით ჩამბარებელი კომპანიების შესახებაც, რომლებმაც პროფესიონალურად უნდა შეაფასონ შესრულებული სამუშაოების ხარისხი, პროექტთან და პრაქტიკულ გამოყენებასთან შესაბამისობა, და რაც მთავარია, შესრულებული სამუშაოს ფაქტობრივი ღირებულება, ბიუჯეტთან შესაბამისობა?!
ჩვენ, ცხადია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრსაც დავუკავშირდით და მის ხელმძღვანელს ლელა იმედაშვილს ვკითხეთ, იცის თუ არა ,ვინ არის “საბა კონსტაქმშენის” ქვეკონტრაქტორი კომპანია, რომელიც მაკვანეთში, სკოლის შენობის ექვსმილიონიან პროექტს უშუალოდ ახორციელებს. მან გვიპასუხა, რომ მხოლოდ “საბა კონსტრაქმშენის” შესახებ იცის.
სანამ ჩვენ სამუშაოების უშუალოდ გამახორციელებელს ვეძებთ, რომ უნიკალური სოფლის _ მაკვანეთის სკოლის შემდგომი, “დაგეგმილი” ბედის შესახებ ვკითხოთ, რაც ქვეყანას ექვსი მილიონი ლარი უჯდება, პროექტიდან უკვე გაქრა მთელი ერთი სართული, რომელიც, ჯერჯერობით, ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, რეაბილიტირებული სკოლის “შავი ხვრელია”, სადაც მილიონები ქრება!
ამასობაში კი, წელიწადია, მაკვანეთელ მოსწავლეებს, მეორე ცვლაში, სოფლიდან მოშორებით, ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლაში უწევთ ყოველ დღე სიარული და სწავლა. ზამთრის პირობები კი, ეს კიდევ უფრო ძნელია.
ჩვენ მზად ვართ, ყველა ინფორმაცია, რომელსაც ოფიციალური სტრუქტურები, პროცესში ჩართული ყველა მხარე მოგვაწვდის, უცვლელად გამოვაქვეყნოთ, რაც საზოგადოების ინფორმირებას შეუწყობს ხელს. და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების მონიტორინგს: მალე შემოგთავაზებთ ამბავს, რომელიც ისტორიული სოფლის ცენტრისა და სკოლისა აღდგენის უსასრულო მოლოდინს შეეხება. ასევე, გიამბობთ ისტორიას, როცა უპასუხისმგელობას სახსრების ფლანგვაზე უფრო მძიმე შედეგი _ ადამიანის დაღუპვა მოჰყვა!
დღეს კი გაგაცნობთ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოწოდებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი ასეთია: “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც 42 საჯარო და 2 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, მიმდინარე სასწავლო წელს დაგეგმილია 5 ახალი სკოლის მშენებლობა – დაბა ურეკი(დასრულების სტადიაშია), სოფელ ჯუმათში(მიმდინარეობს ძველი შენობის დემონტაჟი), ქალაქ ოზურგეთის #5 საჯარო სკოლა(დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი), სოფელ მზიანის დაწყებითი სკოლა(დასრულებულია ძველი შენობის დემონტაჟი), სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა(გამოცხადებულია ძველი შენობის დემონტაჟის აუქციონი). ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია სოფელ დვაბზუსა და დაბა ნარუჯის საჯარო სკოლებში”.
მარინა ჩიხლაძე,
ლისა კოროშინაძე