დღეს ისევ გურიის ჰიგიენური ინფრასტრუქტურის ისტორიის დაუჯერებელ, მაგრამ რეალურ ამბებს გაგაცნობთ. ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილია ორიათასიანი წლების დასაწყისში ე.წ. “ნისიების საქმე“, როცა საქვეყნოდ გამოიფინა იმ ადამიანების ვინაობა, ვინაც “მოსაქმების“ ღირებულება არ გადაიხადა და შეირჩინა; ასევე, პოლიტიკური ბრძოლის პერიპეტიები, როცა “ნაცებმა“ “ქოცების“ ოფისის შესასვლელთან ტუალეტის საძირკველი საზეიმოდ გაჭრეს. სამაგიეროდ, “ქოცებმა“ “ნაცების“ აგებული უწყლო-უკანალიზაციო ტუალეტი “არ ცნეს“ და უპატრონოდ მიაგდეს. სულისშემძვრელი ტრაგიკული ფაქტებიც შემორჩა ამ ისტორიებს: ოზურგეთში, ტუალეტში მომუშავე, ტუალეტშივე მცხოვრები ქალის ცხედარი, “საცხოვრებლის“ სივიწროვის გამო,ს რამდენიმე საათის განმავლობაში, იქვე, საპირფარეშოსთან ესვენა…
მოუწესრიგებელი საპირფარეშოების ამბები დღესაც უცვლელად გრძელდება და ჩვენი “უძველესი კულტურის დასტურად“ ევლინება სტუმარს თუ მასპინძელს _ ერის კულტურული ისტორია ხომ აბანოების, სალონების, საპირფარეშოების ისტორიასაც მოიცავს. მაგალითად, არქეოლოგიური და სხვა არქეფაქტებით დგინდება, რომ რომში ტუალეტები საზოგადოებრივი თავშეყრის, საქმიანი ურთიერთობებისთვის შესაფერისი ადგილი იყო. რომაული ტუალეტების მოჩუქურთმებულ და ქანდაკებებით მორთულ კედლებში საჭირბოროტო საკითხები წყდებოდა. სამწუხაროდ, ტუალეტით სარგებლობისთვის დაწესებულ გადასახადს ყველა ვერ იხდიდა; ამიტომ, ღარიბები ამ ადგილს იშვიათად სტუმრობდნენ. საინტერესოა, რა გამოსავალს პოულობდნენ ღარიბები რომში მუცლის დასაცლელად? არაა გამორიცხული, რომ ოზურგეთში, კაფე “იზაბელასთან“ მდებარე კიბეებზე სახალხოდ მოშარდვა, სულაც არ იყოს გურული “ნოუ ჰაუ“.
ოზურგეთში, “სავალუტო ბირჟად” წოდებულ, შუაგულ ქალაქში მდებარე მოედანზე, რომელიც სახელდებით ჭანტურიას ქუჩაა, ყოფილი “მუსიკალური შადრევნების” სივრცე, უკვე ისტორიულად “სტიქიურ“ ტუალეტადაა ქცეული.
იყო დრო, “მუსიკალური შადრევნის“ მღერის თანხლებით, აქ იმართებოდა ღონისძიებები, ისვენებდნენ ადამიანები და როგორც ოზურგეთელები ამბობენ, თვალს, გულს და ცხვირს უხაროდა აქ ჩავლა-ჩამოვლა.
_ მოვკვდით ხალხი, აქ განლაგებულ ობიექტებზე ვინც ვმუშაობთ. ასევე, ქუჩაში და მოედანზე მოსიარულე ადამიანებსაც, ვინც ქალაქში გადაადგილდება, შარდის სუნი ცხვირ–პირს და თვალებს წვავს. სირცხვილი არაა, კაცო, ეს ამბავი?! აქ ცენტრალური ადგილია, ხალხო, ეს რა უბედურება გვჭირს, ამდენი წელია, ასე ამტანები როგორ გავხდით? 30 წელია, აქ, კედლებზე მიფსმა ვერ მოაშლევინეს ხალხს, _ ამბობენ ჩვენთან საუბარში ოზურგეთელები, რომლებიც აქ საოჯახო საამქროებში, სხვადასხვა სახელოსნოებსა და საბითუმო მაღაზიებში მუშაობენ..
_ მიკვირს, უბრალოდ, სხვა რა ვთქვა?!! რაც კომუნისტური წყობა დაინგრა, აქ ასეთი ამბავია. ამას რომ იტყვი, ა, რუსეთუმეა ან კომუნისტები მოწონსო, იტყვიან დაკვეთით საუბრის მოყვარულები. ყარს ყველაფერი! ან სათქმელი არის რაიმე?! _ გვეუბნება ოზურგეთელი ნუნუ დარჩია.
_ რატომ ვერა და ვერ ხერხდება ამ სივრცის მოწესრიგება, ძალიან გასაკვირია. იმ რესტორან “იზაბელას” გვერდით მდებარე კიბე ხომ საერთო ტუალეტია ქალაქის ცენტრში. ან დაკეტონ, ან რაღაც მოიმოქმედონ. რაც თავი მახსოვს, არაერთი პატრონი გამოიცვალა მაგ რესტორანმა. ისიც მახსოვს, ქალი მუშაობდა მანდ, ყოველდღე რეცხავდა კიბეებს. ახლა ისეთი ამბავია, რაიმე დაავადება არ გაჩნდეს, საშიშია, _ გვეუბნება ოზურგეთელი ხათუნა ბარამიძე, რომელიც იქვე, სავაჭრო ცენტრ “იმედში” მუშაობს.
_ აქოთებულია და ყარს ყველაფერი!. მიხედოს ქალაქის მერიამ. ჩვენ რა ვქნათ? ტუალეტი ფასიანია ყველგან. იქაც არ შედიან, თუმცა, ღამით რომ ხალხი მოძრაობს, ისინი აქ ისაქმებენ. წყალიც არაა ქალაქში, რომ დალიო, _ ამბობს ოზურგეთელი ბადრი ბარნოვი.
ხალხი ე ეს საწუხარი, ცოტა ხნის წინ ჩავიწერეთ, თუმცა, შედეგად არაფერი მოჰყოლია.
გურიის ქუჩიდან იოანე პეტრიწის ქუჩაზე გადასვლისას, გზის შესამოკლებლად, მოქალაქეები კაფე “იზაბელას” გვერდით მდებარე კიბეებს იყენებენ. ჩვენი ინფორმაციით, სივრცე მუნიციპალური საკუთრებაა და კაფეს არ ეკუთვნის. სწორედ ეს ადგილია ტუალეტადა ქცეული და საშინელი ანტისანიტარია სუფევს. წლების განმავლობაში, “გურია ნიუსის“ სტატიების ციკლს შედეგი არ მოაქვს და ერთიდაიგივე სცენარი მეორდება: მეპატრონე ითხოვს ამ ტერიტორიაზე უფლებები დაუკანონონ და მიხედავს; ადგილობრივი ხელისუფლება კი, ჩვენი “შუამავლობით“ უთვლის პატრონს, მერიაში მივიდეს და “განცხადება დაწეროს“. აქ გამვლელები, რომლებმაც არ დაიზარეს და აზრი გაგვიზიარეს _ ნონა დარჩია, თაკო ლომჯარია, ვანო ქავთარაძე მიიჩნევდნენ, ყველაფერი იმის ბრალია, რომ ქალაქში ტუალეტი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, უფასო საზოგადოებრივი ტუალეტი.
_ ბაზარში ტუალეტი ფასიანია. აქ, სავაჭრო ცენტრშიც არის ტუალეტი. სადაა დღეს უფასო ტუალეტი? არის სადმე? 20 თეთრის გადახდა ეზარებათ და აქ ამოდიან. მიაფ…მენ და წავლენ. ყარს აქაურობა, _ ამბობენ ისინი. მათ ეთანხმებიან მოშორებით, სხვადასხვა ბოსტნეულით მოვაჭრეები, რომლებიც იოანე პეტრიწის ქუჩის ერთ-ერთ კუთხეში დგანან.
ისინი, ასევე, ამბობენ, რომ ტაქსის მძღოლებსაც აქვთ ეს ადგილები ტუალეტად ქცეული, რადგან, აქვეა “სტაიანკა” და მთელი ღამე რომ დგანან, ტუალეტი სჭირდებათ.
მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის გენადი კიშინსკის პოსტის დასახელება შეიცვალა თუმცა, კომენტარი უცვლელია:
_ მე გითხარით და კვლავ ვიმეორებ, ეს სივრცე, კონკრეტული ადგილი არის კაფე „იზაბელას“ მეპატრონის საკუთრება. აქედან, ქალაქის უფრო ქვედა სივრცეში გადასასვლელად, შენობას კიბე აქვს. აქ შეუძლიათ, დადგან, გააკეთონ კარი ან შემაკავებელი ჯებირი. არაერთხელ ვუთხარით, არ იჯერებენ?! მაშინ წერილობით მოგვმართონ მერიაში და დავეთანხმებით. მეტი არგუმენტირებული პასუხი რა გითხრათ? ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება, მაქსიმალურად მოწესრიგებული იყოს ის ადგილი და არსებული პრობლემა, რაზეც თქვენ საუბრობთ და წერთ, გვინდა, მოგვარდეს. ეს არანაკლებ გვაწუხებს ჩვენც, მაგრან კერძო საკუთრებაა და სხვანაირად ვერ ჩავერევით. ეგაა, ვთავაზობთ დახმარებას. მეტი რა გითხრათ?! _ გვითხრა კიშინსკიმ.
ჩვენ, ასევე ტრადიციულად, ვესაუბრეთ კაფე „იზაბელას“ მეპატრონეს, მამია კალანდარიშვილს. იგი შიშობს, რომ თუ კედელს ამოაშენებს და გასასვლელს ჩაკეტავს, ამაზე მერე პასუხი არ მოსთხოვონ.
_ ხვალ და ზეგ რომ სხვა მოვიდეს ვინმე, არჩევნებია მალე და მოუვიდეს თავში და მკითხოს, ეს რატომ დაკეტეო?!!
_ ბატონო მამია, მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ამბობს, რომ უნდა მიმართოთ ოფიციალური განცხადებით და დაგეთანხმებიან…
_ გასაგებია, სწორი მსჯელობაა, თორემ, ზეპირად მე როგორ მჯერა ან არ მჯერა, ეს კანონის წინაშე აბსურდია. პირადი სიმპატიებით გადაწყვეტა არ შეიძლება…თუმცა, როგორ მივმართო, როცა ჩემი არაა?
_ აბა, ვისია?
_ ეს თავისუფალი ზონაა.
_ მერიაში ამბობენ, რომ ეს თქვენი საკუთრებაა.
_ კარგი, მაშინ მივმართავ. მე მოწადინებული ვარ, რომ მოწესრიგდეს, _ დაგვპირდა კალანდარიშვილი.
მოჰყვება თუ არა შედეგ კიშინსკი-კალანდარიშვილის მორიგ “გაბაასებას“, შემდგომ “სერიალში“ გიამბობთ, თუმცა, სამწუხაროდ, სატირული ჟღერადობის “მომღერალი შადრევნების“ ტერიტორია, ერთადერთი სტიქიური საპირფარეშო არაა ოზურგეთში.
2021 წელს, საარჩევნოდ, ოზურგეთის ძველ კინო-თეატრთან, ძველი შენობის გვერდით, ხელისუფლებამ ღია კინო-თეატრის მოწყობა დააანონსა. საპანდემიო რეგულაციით, დახურულ სივრცეში აკრძალული იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩატარება და ეს იქნებოდა თავშეყრის საუკეთესო ადგილი. იდეა მართლაც მომხიბვლელი იყო, თუმცა, არჩევნები მალე დასრულდა და საზეიმოდ გაცხადებული საზაფხულო კინო-თეატრის მოწყობაც არავის გახსენებია. სამაგიეროდ, აქ, არსებულზე უარესი ანტისანიტარიული სივრცე გაჩნდა: გაუქმდა და სანახევროდ დაინგრა მაშინ აშენებული საპირფარეშო, ეკალ-ბარდნარით “მოფარებულ ალაგას“ კი გაიოლდა მოშარდვა-მოსაქმება…
კინოთეატრის მაგივრად ანტისანიტარიის ბუდე
_ საზაფხულო კინოთეატრს ვაშენებთო და ქვეწარმავლების საბუდარი და საპირფარეშო სივრცე მოგვიწყვეს. სამი წელია, კატასტროფულად გავერანდა ეს ადგილი. საკვირველი ის არის, რომ დასუფთავების სამსახურის ერთ–ერთი ჯგუფი, აქვე, ამ ძველი შენობის ერთ–ერთ დარბაზშია განთავსებული. საკუჭნაოც აქვე აქვთ. ფანჯარა პირდაპირ მაგ სივრცეს გადასცქერის. ეს სასაცილო და სატირალი არაა?! ასე მოაწყვეს საზაფხულო კინო–თეატრი, რომლის შესახებ, ახლა რომ ჰკითხო, „არაფერი იციან“ , _ ამბობდნენ აქვე, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები ადამიანები.
“გურია ნიუსის“ მასალის გამოქვეყნების შემდგომ, ანტისანიტარიის ბუდე ჭიშკრით გადაკეტეს, ბოქლომიც დაადეს, მაგრამ “მოძალადე“ მოშარდვის მსურველები ახლა… ჭიშკარს გარედან აშარდავენ! არადა, ეს ადგილიც შუაგულ ქალაქშია – “ჭადრების ბაღთან“, თეატრთან, ეკლესიასთან…
გამოსავალი სუფთა, მოვლილი საზოგადოებრივი ტუალეტების არსებობაა – ასე თვლიან მოქალაქეები. ქალაქში დგას რამდენიმე შესაბამისი ნაგებობა, თუმცა, არ ფუნქციონირებს. შევეცადეთ გაგვერკვია ვის ბალანსზეა ეს შენობები და შესაბამისად, ვინაა პასუხისმგებელი მათ მოვლა-პატრონობაზე.
მიუხედავად არაერთგზის შეხსენებისა და შეპირებისა, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურიდან ინფორმაცია მაინც არ მოგვაწოდეს. მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა პავლე ჭყონიამ შეხვედრისას გვითხრა, რომ დაზუსტებით ვერაფერს გვეტყოდა:
_ დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. განცხადებით მიმართეთ მერიას, ქონების მართვის განყოფილებიდან იქნება შესაძლებელი ინფორმაციის მოპოვება ამის შესახებ. მეც შემიძლია მოძიება. მოგვმართეთ განცხადებით, _ გვითხრა მან.
ზეპირი პასუხისგან ასევე თავი შეიკავა ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა გოჩა აბაშმაძემ; მისი თქმით, მხოლოდ ის იცის, რომ საპირფარეშოებისთვის განკუთვნილი შენობები უმოქმედოა დღეისთვის.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, გასულ წლებში წამოწყებული საპირფარეშოების მშენებლობის საქმე, ასე გამოიყურება: ერთი მათგანი რკინიგზის სადგურთან, ბაქანთან ახლოს მდებარეობს, თუმცა დაკეტილი და უმოქმედოა. სხვათა შორის, ამ შენობის ისტორიაც საინტერესოა: ძველი, ბინძური, შიფერით კარამოკეტილი საპირფარეშოს არსებობით გაცეცხლებულმა მოქალაქემ “გურია ნიუსის“ პირით შეუთვალა მაშინდელ მერს, რომ თუ ტუალეტს არ მიხედავდა, საკუთარი ხარჯებით დიდ წარწერას _“კოტეს ტუალეტი“_ გაუკეთებდა (მაშინ, მერი კოტე შარაშენიძე გახლდათ). ახლა ეს შენობა განახლებულია, თუმცა – უმოქმედო.
ორმილიონნახევრიანი პროგრამის ნაწილი _ დაკეტილი ტუალეტი ოზურგეთის ცენტრში
რკინიგზის სადგურის ახლადდანიშნულმა დირექტორმა გვითხრა, რომ აღნიშნული შენობა ქალაქს გადაეცა და მოქმედი არაა. რაც შეეხება შენობაში არსებულ საპირფარეშოს თუ ხელსაბანს, რომლითაც უამრავი მგზავრი სარგებლობს, იმ შემთხვევაში გაჩვენებთ, თუ სამინისტროს პრესსამსახურისგან ნებართვას აიღებთო! თან, “ცხელი ხაზის“ ნომერი შეგვახსენა.
აქვე გეტყვით, რომ ლანჩხუთში, ავტოსადგურს, მგზავრების მოხმარებისთვის ტუალეტი საერთოდ არ აქვს.
კიდევ ერთი ტუალეტი გურიის ქუჩაზე, ფოლკლორის ცენტრთან დგას, რომელიც დიდი ხანია უმოქმედოა და იქ ყვავილებით მოვაჭრე ქალბატონები მუშაობენ. ყვავილებზე გაგვახსენდა -ეს შენობაც “ისტორიული“ გახლავთ; ის ერთ-ერთია იმ ორმილიონნახევრიან 33 ტუალეტს შორის, რომლის მშენებლობაც 2012 წლის მაისში დაიწყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით. მართალია, ეს კომპანია თავს იკლავდა ეს ჩემი პროფილი არ არისო, მაგრამ შენობების უმეტესობა ისე აიგო, არც პროექტი არსებობდა, არც ტერიტორია იყო დაზუსტებული, არც წყალი მიეწოდებოდა და არც კანალიზაციის სისტემა ჭაჭანებდა ახლომახლო!
ეს არავის საკუთრება, ცაში გამოკიდებული შენობები წლობით ადგილობრივი ხელისუფლების თავსატეხად იქცა. მაგალითად, 2015 წლის ივლისში, ოზურგეთის საკრებულომ იმსჯელა, გადაეცა თუ არა მსურველი მოქალაქისთვის, ვინმე ჭეიშვილისთვის (რომელიც ყვავილების ბიზნესით იყო დაკავებული!) საპატრონოდ, პროფილის შენარჩუნებით გურიის ქუჩაზე მდებარე ეს ტუალეტი. მაშინ დეპუტატები ითხოვდნენ, შენობა აუქციონის წესით გასხვისებულიყო…
საპირფარეშოს არარსებობის გამო, ხშირად გამოთქვამენ საყვედურს ოზურგეთის ბაზარში მოვაჭრე პირები_ ერთი ტუალეტია, ისიც ბაზრის ბოლოში და ფასიანია, ამდენმა ხალხმა იქამდე როგორ უნდა ირბინოსო.
_დიახ, იქ არის კერძო პირის ტუალეტი. დალაგებული, გაწკრიალებული…მომსახურებაც ფასიანია, აბა, როგორ იქნება?! კერძო მაღაზიები რომ აქვთ ბაზარში, ვინმე რომ შედის, უფასოდ აძლევენ რაიმეს? ასე მსჯელობა არ შეიძლება. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არ არის გამართული, კეთილმოწყობილი საპირფარეშო, არაა მოსაწონი და თუ იქნება, ვის არ გაუხარდება? მათ შორის, მეც, _ ამბობს შპს „სოფლის ნობათის“ დირექტორი სოსო სიხარულიძე.
მოქალაქეების გახარებას სუფთა ტუალეტებით, ჩოხატაურშიც არ დაადგა საშველი, მიუხედავად იმისა, რომ დაბის ცენტრში მინიმუმ, ორი “ისტორიული“ ტუალეტისთვის დაიხარჯა ფული. ერთ-ერთი მათგანი, აგრარული ბაზრისწინა მოედანზე, ცენტრალური სტადიონის შესასვლელთან, პირდაპირ ხალხის მიმოსვლის შუაგულში ჩაიდგა. ხელშეკრულება 2012 წლის 8 აგვისტოს გაფორმდა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორს და შპს “ოქტან-მედეას“ შორის და ითვალისწინებდა117 640. 30 ლარით, ჩოხატაურში და ურეკში ტუალეტების აშენებას. მშენებლობა ორ თვეში უნდა დასრულებულიყო და წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, ხუთ დღეში, ხარვეზი კომპანიას უნდა გამოესწორებინა. ამ თანხიდან, ჩოხატაურის ტუალეტის აგებისთვის 35 825 ლარი დახარჯა.
ამ ამბის „მარილი“ ის გახლდათ, რომ საპირფარეშო, რომელიც ორი ოთახისგან შედგებოდა, გამჭვირვალე იყო!!!
“გამჭვირვალე ტუალეტი” ჩოხატაურში სპორტსმენთა გასახდელად გადაკეთდა
უნიტაზებს შორის გამყოფი კედელი არ არსებობდა, უსახელურო მინის კარი კი უკუღმა იყო დამონტაჟებული – შიგნით, უნიტაზზე სავარაუდოდ მეგობრულად მომუსაიფე ადამიანები ვერაფერს ხედავდნენ, გარედან კი, “ბრუდერშაფტურად“ უნიტაზებზე მსხდომები საქვეყნოდ იყვნენ გამოჭენებულები!
გამჭვირვალე ტუალეტის” მეგობრული უნიტაზები
თანაც, “ჩვეულებისამებრ“, ტუალეტში არც კანალიზაცია იყო და არც წყალი! შენობა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრება იყო, ნელ-ნელა იძარცვებოდა და ანტისანიტარიის ბუდედ იყო ქცეული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაშინდელი გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობდა, რომ ტუალეტის კარს მოსახლეობა აღებს:
_ რამდენჯერმე ჩავკეტეთ. „შურუპებიც“ კი დავამაგრეთ, მაგრამ მაინც აღებენ… ცოტა ხნის წინ გადმოგვეცა ეს საპირფარეშო ბალანსზე და გასხვისებას ვგეგმავთ.
“გამჭვირვალე საპირფარეშო“ მუნიციპალიტეტმა გასაყიდად რამდენჯერმე გაიტანა, თუმცა, უწყლო და უკანალიზაციო ტუალეტის მყიდველი “რატომღაც“ არ გამოჩნდა. “ოქტან-მედეას“, რომელსაც გურიაში მილიონნახევრიანი სახელმწიფო შეკვეთები ჰქონდა, დისკვალიფიკაცია კი მისცეს, მაგრამ პასუხი არაფერზე უგია და ეს “ხარვეზებიც“ არ გამოუსწორებია. ახლა ამ შენობაში სპორტსმენების გასახდელია. სამაგიეროდ, სტადიონის ტერიტორიაზე ხის უბინძურესი “სამთვალიანი“ ჩეჩმა დგას!
“სამთვალიანი” “ჩეჩმა” სტადიონზე, ჩოხატაურში
რაც შეეხება დაბის ცენტრში, პოლიციისკენ გამავალ ხიდთან არსებულ ტუალეტს; მან თავი მოსახლეობას იმით დაამახსოვრა, რომ მუდმივად ეკიდა აბრა: “გასული ვარ, მალე მოვალ!“ შარდმა ლოდინი არ იცის და გამწარებული მოქალაქეებიც “მოფარებული ადგილებისკენ“ გარბოდნენ. მართალია, გარკვეული ხარჯები მის დასასუფთავებლად გაიცემოდა, ფასიანიც იყო, მაგრამ მუდმივი უსუფთაობით შეწუხებული მოქალაქეები საყვედურს გამოთქვამდნენ: _ ბევრჯერ ვთხოვეთ მერიას ამ პრობლემის მოგვარება. ადრე, გამგეობა ერქვა და არც მაშინ გვაკლდა თხოვნები, თუმცა, უშედეგოდ. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. თვეები ისე გავა, რომ არავინ დაალაგებს _ მუდამ ფეკალიების სუნია, _ ამბობდნენ საპირფარეშოს მიმდებარედ არსებული მაღაზიების თანამშრომლები.
_ ჩვენ, ადგილობრივები რომ არ ვადარდებთ, ეგ დიდი ხანია გავიგეთ, მაგრამ სტუმრების მაინც არ რცხვენიათ?! რამდენიმე დღეა, ჩოხატაურში უცხოელი მსახიობები იმყოფებიან და ხან რომელ შენობაში შედიან და ხან _ რომელში. ასე სანამდე უნდა გაგრძელდეს?! სირცხვილია ბოლოს და ბოლოს, _ აღნიშნავდნენ ჩოხატაურელები.
სულ ახლახან, “განახლებული რეგიონების“ მილიარდიანი პროგრამის ფარგლებში, ხელისუფლებამ ამ “ცენტრალური“ ტუალეტის მოწესრიგებაც მოინდომა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ… ტუალეტი უკანონოდ, კერძო მესაკუთრის კუთვნილ მიწაზეა აგებული!!! თუ დადგინდა როგორ, რატომ, როდის, შესაძლებელი იქნება, ეს ჰიგიენური ინფრასტრუქტურა კერძო პირზე გაიცეს პროფილის შეუცვლელად და ჩოხატაურს საუკუნოვანი ოცნება აუსრულდეს!
სხვის მიწაზე აგებული საზოგადოებრივი ტუალეტი ჩოხატაურში
მანამდე კი, გარესამყაროს მივაწვდინოთ მესიჯი _“ველქომ თუ ჯორჯია! თქვენ გელით უძველესი კულტურის ქვეყანა!“ ჩვენ კი, ვირბინოთ ბუჩქებში, ჩეჩმებში, ქალაქების “მოფარებულ ალაგებში“ და… შთამომავლობით ვიხადოთ მილიონები “საუკუნის პროექტებისთვის“. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2012-2013 წლებში, საზოგადოებრივი ტუალეტების და კანალიზაციის მიმდებარე სისტემების მოსაწესრიგებლად, სახელმწიფომ აზიის განვითარების ბანკის (ADP) კრედიტი აიღო, რომლის მოცულობა 500 მილიონ დოლარს შეადგენდა!
ლისა კოროშინაძე,
მარინა ჩიხლაძე