დივანი – ყველასთვის ნაცნობი ავეჯი, განსაკუთრებული კომფორტული დასვენების მოყვარულთათვის. სახელწოდება სპარსული წარმოშობის აქვს, თუმცა ირანში „დივანს“ ბევრნაირი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს – ასე უწოდებდნენ დოკუმენტების ნაკრებს ან ადგილს, სადაც ადამიანები სამსჯელოდ იკრიბებოდნენ. „დივანს“ ეძახდნენ ხალიჩებითა და ბალიშებით მორთულ სკივრს, რომელსაც არც საზურგე ჰქონდა, არც ფეხები და განკუთვნილი იყო წარჩინებულთა დასაჯდომად.
შუა საუკუნეებამდე ევროპული ავეჯი უშნო, მოუხერხებელი და მძიმე იყო. ხის დამუშავებაზე არავინ ზრუნავდა, უბრალოდ, ჩამოთლიდნენ ცულით და ამას ავეჯს ეძახდნენ. მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნეში დაიწყეს შედარებით კომფორტული საწოლების, ზანდუკებისა და ტაბურეტების გამოთლა. არავითარი ქსოვილი არ გამოიყენებოდა. უკეთეს შემთხვევაში, საწოლზე (ხის ფიცრებზე) თივას ყრიდნენ.
სამაგიეროდ, ბიზანტიასა და სპარსეთში ავეჯს ხალიჩებითა და ძვირფასი ქსოვილებით რთავდნენ. ზედ აწყობდნენ ბალიშებს და ამას დივანს უწოდებდნენ. როცა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში ევროპა ჯვაროსნულ ლაშქრობებში ჩაება და ნელ-ნელა ეზიარა აღმოსავლურ ფუფუნებას, რაინდებს აღმოსავლეთიდან ჩამოჰქონდათ ხალიჩები, ჭურჭელი, ნელსაცხებლები და საპონი. მეთხუთმეტე საუკუნეში შეიქმნა ოტომანთა იმპერია და დივანის, როგორც ფუფუნების ატრიბუტის აღმავლობაც დაიწყო.
გაჩნდა პირველი თურქული მოდელი დივანისა – ოტომანკა, იგივე ტახტი (რაც თურქულად დაფას ნიშნავს). ეს იყო ძალიან ფართო, უზურგო დივანი, რომელსაც მთლიანად ფარავდნენ ტყავით, ბეწვითა და ხალიჩით. ერთი საუკუნის შემდეგ, ისევ თურქეთში, გაჩნდა დაბალი დივანი – სოფა. მას საზურგეც ჰქონდა და განსაკუთრებულად რბილიც იყო. „სოფა“ არაბული სიტყვაა („სოუფ“) და სკამს ნიშნავს.
მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ევროპამ დაიწყო აღმოსავლეთისგან განსხვავებული დივნების კეთება. დურგალმა ტომას ჩიპენდეილმა შექმნა დივანის ახალი მოდელი – კანაპე, რომელმაც განსაკუთრებული პოლპულარობა მოიპოვა.