„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული.
„სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.
ამ მიზნით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.