ინგვარ კამპრადი – 23 მილიარდი აშშ დოლარი
ინგვარ კამპრადმა პირველი ფული ჯერ კიდევ პატარაობისას გამოიმუშავა, როდესაც ველოსიპედით ქუჩაში დასეირნობდა და თან ასანთს ყიდდა. შემდგომში მან გაზარდა გასაყიდი პროდუქციის ასორტიმენტი და, ასანთის გარდა, თევზის, საახალწლო სათამაშოების, ბურთულიანი კალმისტრებისა და ფანქრების გაყიდვა დაიწყო. მოგროვებული ფული 17 წლის კამპრადმა საკუთარი კომპანიის განვითარებაში ჩადო, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოში ცნობილ ბრენდად – „იკეად“ გადაიქცა. მილიარდიანი ქონების მიუხედავად, კამპრადი ცნობილია თავისი მოკრძალებული ცხოვრებით – იგი მხოლოდ ეკონომკლასით დაფრინავს, სადილობს იაფფასიან რესტორნებში, ხოლო ავეჯი მის სახლში მთლიანად „იკეადან“ არის.
შელდონ ადელსონი – 9,3 მილიარდი აშშ დოლარი
უბრალო ბოსტონელი ტაქსის მძღოლის შვილმა, შელდონ ადელსონმა, ბიზნესკარიერა 12 წლის ასაკში გაზეთების გაყიდვით დაიწყო. გარდა ამისა, სხვადასხვა დროს, ის საიპოთეკო ბროკერად და ფინანსურ კონსულტანტადაც მუშაობდა. დღესდღეობით კი იგი ამერიკის უმსხვილეს მაგნატად ითვლება, რომლის საკუთრებაში ლას-ვეგასის სასტუმროები და კაზინოებია.
კირკ კერკორიანი – 3,1 მილიარდი აშშ დოლარი
სომეხი ემიგრანტების შვილმა, კირკ კერკორიანმა, 8 წლის ასაკში მიატოვა სკოლა და კრივით დაინტერესდა. სპორტში კერკორიანმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მისი შემდგომი პროფესია თვითმფრინავის პილოტირება გახდა. სწორედ ასეთი გზით მოხვდა ის პირველად ლას-ვეგასში, სადაც შეგროვილი 60 ათასი დოლარით მცირე ავიაკომპანია – „ტრანს ინტერნეიშენალი“ დააარსა, რომელიც მოგვიანებით 104 მილიონ დოლარად გაყიდა. კერკორიანი სხვადასხვა დროს ჰოლივუდურ სტუდიებს – „იუნაითედ არტისტსა“ და „მეტრო გოლდუინ მაიერსს “ ფლობდა. დღეს იგი ერთ-ერთ ყველაზე უხუცეს მილიარდერად მიიჩნევა.
რიჩარდ დესმონდი – 2 მილიარდი აშშ დოლარი
მშობლების დაშორების შემდეგ რიჩარდი დედასთან ერთად დარჩა პატარა ბინაში, რომელიც ავტოფარეხის თავზე იყო განთავსებული. 14 წლისამ მან სკოლა მიატოვა, რომ დედას ფინანსურად დახმარებოდა და ადგილობრივი თეატრის გარდერობში გადავიდა სამუშაოდ, 21 წლის ასაკში დესმონდმა გაზეთ „ტომსონ ნიუსფეიფერში“ დაიწყო მუშაობა, ხოლო 22 წლისამ უკვე საკუთარი გაზეთის გამოცემა დაიწყო. დღეისთვის რიჩარდ დესმონდი ისეთი ცნობილი ჟურნალ-გაზეთების გამომცემელია, როგორებიცაა – „O.K.“, „დეილი ექსპრესი“, „დეილი სთარი“, „სანდეი ექსპრესი“.
ავტორი