„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები“, – ამის შესახებ იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებაშია ნთქვამი.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, ადვოკატთა პროფესიული გაერთიანება, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ 21 უმსხვილეს იურიდიულ კომპანიას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს გამოიყენოს შესაძლებლობა, არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები.
ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით, ვთვლით, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, პრაქტიკულად გამორიცხავს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. კანონი,არ ემსახურება განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საჭიროებას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის სტიგმატიზებას, ზედმეტ და სახიფათო უფლებებს ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს, რაც გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, მათ შორის გამოხატვის,სიტყვის, პირადიცხოვრების საიდუმლოების და სხვა მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გაუმართლებელ და არაპროპორციულ შეზღუდვას, მედია სივრცის დავიწროებას და ქართული სამოქალაქო საზოგადოების პარალიზებას. კანონის შენარჩუნება, ამავე დროს, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობისგან იზოლაციაში აქცევს. მიგვაჩნია, რომ ამ კანონის მოქმედება ცდება მხოლოდ ზოგიერთი სუბიექტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, შესაძლებელია გახდეს განსხვავებული აზრის დევნის საშუალება და შექმნას ქვეყანაში ავტოკრატიის დამყარების შესაძლებლობა.
ვიზიარებთ ვენეციის კომისიის მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას, რომელიც შეიცავს კანონის დეტალურ, მუხლობრივ შეფასებას, მის შედარებას სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში არსებულ საკანონმდებლო პრაქტიკასთანდა რომელიც ასკვნის, რომ კანონი შეუსაბამოა საერთაშორისო კონვენციებით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან.
ამავე დროს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთათვის მიუღებელია კანონშემოქმედებითი პროცესის წარმართვა არასათანადო წესით, არადემოკრატიულად და პროფესიული წრეების და ფართო საზოგადოების მოსაზრების სრული იგნორირებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს არ დაძლიოს საქართველოს პრეზიდენტის ვეტო და გაითვალისწინოს მისი მოტივირებული შენიშვნები“, -აღნიშნულია განცხადებაში.