ხელისუფლება ცდილობს ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო უფლება შეუზღუდოს და ამ მიზნით საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნას აფერხებს. ამის შესახებ განცხადება “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.
კოალიციის წევრის გოგა ლემონჯავას თქმით, საქართველოს საგარეო უწყება არ ავრცელებს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ემიგრანტების სტატისტიკას, რაც მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა. გოგა ლემონჯავა პროცესის შეფერხების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ხელისუფლებას ემიგრანტების მხრიდან ხმების მიღების იმედი არ აქვს.
“ორი დღის წინ ირაკლი კობახიძემ პრაქტიკულად უარი თქვა ქართველი ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე. ეს არის შიშით განპირობებული, “ქართულ ოცნებას” ეშინია ქართველი ემიგრანტების, იმ ადამიანების, რომლებმაც მათი პოლიტიკის გამო დატოვეს საქართველო, ივანიშვილმა ყველაზე კარგად იცის, რომ ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევს მის წინააღმდეგ. უკვე თვეებია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კანონის დარღვევით უარს გვეუბნება ჩვენც და ქართველ ემიგრანტებსაც სტატისტიკური მონაცემების მოწოდებაზე, თუ სად რამდენი ადამიანია საკონსულო აღრიცხვაზე. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ინფორმაცია იმისთვის, ამ სტატისტიკაზეა დამოკიდებული თუ სად უნდა მოვითხოვოთ ჩვენ და ემიგრანტებმა უბნების გახსნა. საგარეო საქმეთა სამინისტრო არღვევს კანონმდებლობას, როდესაც არ გვაძლევს ინფორმაციას. მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტეთ კანონდარღვევა, გაეცით პასუხი ქართველ ემიგრანტებს მათ კორესპონდენციებზე და გაგვეცით პასუხი ჩვენს წერილებზე. ასევე მოვუწოდებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დროულად დაიწყოს საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურა და დროულად შეატყობინოს იმ ადამიანებს, ვინც ელოდება უბნების გახსნას.
მინდა მივმართო ქართველ ემიგრანტებს, მეგობრებო, 26 ოქტომბრის არჩევნებზე თქვენ უნდა თქვათ გადამწყვეტი სიტყვა, თქვენი ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილის რეჟიმს, რადგან იციან, რომ თქვენ ხმას აძლევთ არა საქართველოს რუსული გავლენის სფეროსი დარჩენას, არამედ თქვენ აძლევთ ხმას საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას, ამ ქვეყნის დემოკრატიულ ტრანსფორმაციას. ყველა შემთხვევაში ჩვენ “ახალი”, “გირჩი”, “დროა” – “კოალიცია ცვლილებისთვის” ვართ თქვენს გვერდით, ბოლომდე ვიბრძოლებთ საარჩევნო უბნების გახსნისთვის. ეს არის პროცესი რომელიც ჩვენ თვეებით ადრე დავიწყეთ თქვენთან ერთად და პროცესი აუცილებლად დასრულდება იმით, რომ ქართველი ემიგრანტების დიდი ნაწილი მიიღებს მონაწილეობას საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში 26 ოქტომბრის არჩევნებში გასამარჯვებლად,” – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გოგა ლემონჯავამ.
ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის პროცესზე ისაუბრა კოალიციაში შემავალი “გირჩი-მეტი თავისუფლების” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემაც. მისი თქმით, ქალაქებში, სადაც ქართველი ემიგრანტების დიდი კონცენტრაციაა, გროვდება ხელმოწერები საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით. როგორც მან აღნიშნა, ხელმოწერების შეგროვება 90-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს, მათგან 40-ში უკვე შეგროვებულია საკმარისი რაოდენობა და გადაგზავნილია საქართველოს საგარეო უწყებაში და ცესკოში.
ზურაბ ჯაფარიძემ ისაუბრა jam-news-ის კვლევაზე, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ცესკო დასახელებულ 90-ვე ქალაქში გახსნიდა ერთ საარჩევნო უბანს, ცესკოს ნავარაუდევი 60 უბნის გათვალისწინებით, 2024 წლის ბიუჯეტიდან 0.8%-ის დახარჯვა მოუწევდა. ჯაფარიძის თქმით, ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ უბნების გახსნა არ წარმოადგენს სირთულეს და ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება, რომელსაც ხელისუფლება არ ავლენს.