ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი სოციალურ ქსელში ეხმაურება ქობულეთში ტურისტის გარდაცვალების შემთხვევას.
“მინდა გამოვხატო მწუხარება ტურისტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და შევეხო იმ ძალით გახმაურებულ ფაქტს, რომელიც არასწორი მიდგომით ააგორეს ჟურნალისტებმა.
პირველი: გარდაცვლილი ტურისტი იყო გველების მოყვარული და მოგზაური,რომელიც აკვირდებოდა ბუნებას და იღებდა სურათებს.
მეორე:არანაირი გველი არ ყოლია არც ჩამოყვანილი და არც ადგილობრივი.
მესამე: გარდაცვლილის პირველადი დათვალიერებით არ დასტურდება გველის ნაკბენი და მითუმეტეს ამ მიზეზით გარდაცვალება.
მეოთხე: ვთქვათ გველგესლას ეკბინა, არის ორი ვარიანტი, ერთი როცა მიმდინარეობს ჩვეულებრივი პროცესები რომელიც ასეთი სუსტი შხამის დროს ვითარდება და ადვილად ინკურნება და მეორე, ანაფილაქსია, რომელიც შეიძლება როგორც გველის ნაკბენის დროს განვითარდეს, ასევე ნებისმიერი შხამიანი მწერის(კრაზანა,ფუტკარი,მორიელი…),რაც ზოგ შემთხვევაში ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა გარდაცვალებითაც დასრულდეს.
ვინაიდან ეს ადამიანი იყო გათვითცნობიერებული და ყველა რისკს ათვიცნობიერებდა, ასეთი სიტუაციებისთვის მზად იქნებოდა.
მოკლედ, სინამდვილეში რით გარდაიცვალა ეს ადამიანი დაადგენს ექსპერტიზა.
პ.ს. მთის ასპიტი, კავკასიური გიურზა, ამაზონის სამთავა ასპიტი და მსგავსი გველები ჩვენთან არ ბინადრობენ”,_ წერს ჰერპეტოლოგი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაქვის ჩაისუბანში გერმანიის მოქალაქე კანკასიური გიურზას ნაკბენის შედეგად გარდაიცვალა.