“ფსიქიატრიული სტაციონარების დიდი ნაწილისთვის და პანსიონატებისთვის პრობლემურია ძვირადღირებული, მაღალი ხარისხის მქონე იმ თანამედროვე ფსიქოტროპული მედიკამენტების შეძენა, რომლებიც ქალის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მინიმალური არასასურველი ზეგავლენით ხასიათდება”,_ ამის შესახებ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ერთ ან მეტ ფსიქოტროპულ საშუალებას, სექსუალური დისფუნქციის წილი ძალიან მაღალია და დაახლოებით 68%–ს აღწევს.
ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და პოსტნატალურ პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მიმღები ქალის მკურნალობასა და მოვლას
“ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალებს არ აქვთ ინფორმაცია, თუ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს წამლებს მათ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
სახელმწიფო ზრუნვის ინსტიტუციებში განსაკუთრებით პრობლემურია ორსულობის დროული გამოვლენა. შესაბამისად, არ ხდება მკურნალობის დროს გამოყენებული მედიკამენტების ნაყოფის განვითარებასა და დედის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის გათვალისწინება. ორსულობაზე შემოწმება არ ხდება მაშინაც კი, თუ ქალი პირველადი პაციენტია ან გადმოყვანილია სხვა დაწესებულებიდან.
დედათა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა, ანტენატალური და პოსტანატალური მეთვალყურეობის ჩათვლით ქალების ჯანმრთელობის უმაღლეს სტანდარტებზე მისაწვდომობის, თანასწორობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის უფლებების ნაწილია.
ზრუნვის ქვეშ მყოფ ქალებისთვის, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ კონტრაცეფციულ კონსულტაციას, დედათა ჯანდაცვის სერვისებსა და სკრინინგს”,_ აღნიშნულ ინფორმაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.





























































