ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ წევრი კობა კობალაძე, რომელიც გუშინ პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან შესახვედრად პრემიერთან ერთად მივიდა, ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ აქციაზე ყოფილი ხელისუფლების მხრიდან შვილმკვდარი მამის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობა დაფიქსირდა. კობალაძე უსამძიმრებს ზაზა სარალიძის ოჯახს და დასძენს, რომ დასანანია, როცა ასეთი სახის უბედურება პოლიტიკურ ელფერს იძენს.
,,საგამოძიებო მოქმედებები ხარვეზებით წარიმართა, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა, ამიტომ სიტუაციამ მოითხოვა, რომ ხელისუფლების მიერ მომხდარიყო სწრაფი და ადეკვატური რეაგირება. მმართველი გუნდი და პრემიერი, რომელმაც საკმაოდ სწორი და გაბედული ნაბიჯი გადადგა, არასდროს გაქცევია იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ხალხის მიერ გვაქვს მონიჭებული. რა თქმა უნდა, ვუსამძიმრებ ზაზა სარალიძეს და მგონი, არ არსებობს ადამიანი, არც მტერი და არც მოყვარე, რომელსაც უბედური მამის მდგომარეობა გულთან ახლოს არ მიაქვს და არ აღელვებს, მაგრამ, რაც ყველაზე სატკენია, აქციაზე გამოიკვეთა ყოფილი მმართველი პარტიის მიერ შვილმკვდარი მამის უბედურების გამოყენების მცდელობა. სულ მცირე ანალიზის უნარი თუ გვაქვს, მივხვდებით, რომ ის, რაც აქციაზე ხდებოდა, არ აყო სწორი. პრემიერის მისვლას ოვაციებით შეხვდა ბევრი ადამიანი, რადგან აინტერესებდათ მისი პოზიცია. ადამიანი ჩავიდა სასაუბროდ და საუბრის გაგრძელების საშუალება არ მისცეს. თითქოს მშვიდობიანი აქცია იყო და თან, ბოთლებს ისროდნენ, რაც არ არის გამოხატვის ფორმა. აქციაზე ძალიან დიდი აგრესიისა და დაუნდობლობის მუხტი იგრძნობოდა. დამიჯერეთ, ბევრი დარჩა გაოგნებული ამ სისასტიკის ასეთი ფორმით გამოხატვის გამო“, _ გვითხრა კობალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა პრემიერის და მთავრობის სხვა წევრების გადადგომა იყო. აქცია, რომლის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ, გუშინ გვიან ღამით დაიშალა. აქცია დღეს, 16:00 საათზე, განახლდება.