"მიწა დედაა ჩვენი და ჩაკიდე ხელი!"

კარმიდამო ჩემი

"მიწა დედაა ჩვენი და ჩაკიდე ხელი!"

31 მარ. 2012, 05:50:52
დროს წარმატებულ ფერმერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის მკვიდრს კაკო ღლონტს, პირველად არ ვსტუმრობთ, თუმცა, აქ რამდენჯერაც უნდა მიხვიდეთ, იმდენ სიახლეს ნახავთ _ თითქოს, ეს მკვირცხლი, გურულ კილო-კავზე უბადლოდ მეტყველი კაცი, საკუთარ საკარმიდამოში ჯადოსნური კვერთხით დააბიჯებს და სინათლის სიჩქარით გასცემს ბრძანებებს; შემდეგ კი ისე, როგორც ზღაპარში, ჩნდება ვაზის _ ყველაზე მთავარის, კივისა და ფეიხოას პლანტაციები, წაბლის კორომები, ვაშლის, ატმის, ტყემლის, ლეღვის ნაკვეთები, ნაირგვარი ჯიშის ბოსტნეულის მწკრივები. სამეურნეო ფართობის სავიზიტო ბარათი, ცას მიბჯენილი პავლონიაა, რომელიც კაკო ღლონტის თქმით, საჩუქრად გამოუგზავნეს.

_ პავლონია არის სხვადასხვა ჯიშის: ელენგოტა, ამერიკანკა, მაგრამ ეს იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, სხვას არ მოვკიდე ხელი. რამდენი წლის იქნება, თქვენი აზრით? მხოლოდ სამი წლისაა და აბა, ახედეთ! _ წინ მიგვიძღვება თვალუწვდენელი კარ-მიდამოს პატრონი, თან გვიამბობს, კითხვებსაც გვისვამს და პასუხის ძებნისთვის უხერხულობაში არ გვაგდებს _ თავადვე იძლევა პასუხს.

ამ ზღაპრულ სამყაროში უამრავ სიახლეზე შეიძლება საუბარი, მაგრამ დღეს, გამორჩეულად, მაინც ძვირფას სამერქნე მცენარე პავლონიასა და შესანიშნავ ფესვურა ბოსტნეულ ტარხუნაზე გვსურს ვესაუბროთ, რომელიც, როგორც ბატონი კაკო ამბობს, თურმე, წინათ დასავლეთ საქართველოში ყოფილა გავრცელებული და გული წყდება, რომ დღეს იგი ჩვენში საერთოდ გამქრალია. "30-იოდე წლის წინ, სხვა ქვეყანაში წაიღეს და ახლა იქედან აქეთ ტრაილერებით შემოაქვთ გასაყიდად! მთელი ფარცხანაყანევი სავსე იყო მაგით, ქართულ ლიტერატურაშიც არის მითითებული, რომ ტარხუნა აქ ხარობდა და მოჰყავდათ. ჩვენი ფერმერების დაუდევრობით გადაშენდა. რომელი ბოსტნეულია უფრო სარფიანი? ნახეთ, რა ღირს..." _ ხმაში, თითქოს, ცოტა ბრაზი ეპარება.

კაკო ღლონტის საკარმიდამო ნაკვეთში, ზემოდან თუ ტომენტოზა პავლონია გადმოგვყურებს, გზა და გზა, აქეთ-იქით კომბოსტოს ნაირგვარ ჯიშთა მწკრივები გვეგებება: ყვავილოვანი, ბროკოლი, კეჟერა... ლილისფერი სხვაა, მასზე დიდი მოთხოვნაა, "მაკდონალდსში" იბარებენ. რაც შეეხება სათბურს, რომელიც ისრაელის წარმოების სპეციალური ცელოფნით არის შეკრული, შიგ ნამდვილი გაზაფხულია. ნაირგვარი ჯიშის კომბოსტო, როგორც თვითონ ამბობს, იმიტომ მოჰყავს, რომ ექსპერიმენტს ატარებს და შედეგში ეჭვი არ ეპარება:

_ ეს ბოსტნეული საშემოდგომოდ გათავისუფლებულ მიწაზე მას შემდეგ დაირგვება, რაც კიტრი და პომიდორი მოილევა. დარგავ და ზამთარში, როცა არაფერი არ არის, მოიწევ. საგაზაფხულოდ მოჭრი და გაყიდი, ჩააბარებ. ნარჩენ მწვანე მასას კი ამ დროს კურდღელი, ღორი თუ სხვა შინაური პირუტყვი სიამოვნებით მიირთმევს. მიწა წელიწადის არც ერთ დროს არ უნდა მოაცდინო. კაპიტალს გამუდმებით უნდა ჩაბრუნება, შენახული ფული მკვდარია, _ წყალი არ გაუვა ჩვენი მასპინძლის ლოგიკას.

ერთგან შავი წიწაკის ხეა. კივის პლანტაციები, მარჯვნივ თუ მარცხნივ, თვალსაწიერზე გადაბჯენილან.

დროთა განმავლობაში საკარმიდამო თანდათან გაუფართოებია ბატონ კაკოს: _ თავიდან ერთი ჰექტარი მიწა მქონდა. მერე ვიყიდე ახლო-მახლო ნაკვეთები და საკუთარი დანაზოგით დავიწყე სამეურნეო საქმიანობა. პატარა მეურნეობისთვის სესხის აღების წინააღმდეგი ვარ _ შენი საბრუნავი კაპიტალით როცა მიდიხარ წინ, ამის ფასი არაფერია. 100 ლარი აიღე? 20 ლარი ჩააბრუნე საქმეში. ნახევარ ჰექტარ ფართობზე, კაცმა როგორ ვერ უნდა შეძლო, შენი სამყოფი ჭირნახული მოიწიო, ნერგი გამოიყვანო? ფოთოლი, ნაკელი არ გექნება, თუ რა? 10 წელია, ჩემს მამულში აზოტოვანი სასუქი არ მიხმარია. რაც ბიომეურნეობა დავიწყე, საკარმიდამო შინ მიღებული ნაკელით მაქვს გამდიდრებული, _ გვიამბობს გზა და გზა.

თვალწინ პავლონიას ცადაწვდილი ბაღია. ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი ნარგავები ურთიერთმონაცვლე მწკრივებშია განლაგებული. ფართობის ბოლოში ღლონტის ნაყოფიერი კარ-მიდამოს კიდევ ერთი შემოქმედი, მდინარე სკურდუმი მოედინება, საიდანაც ჯერ პავლონია ირწყვება და მერე _ დანარჩენი კულტურები. პავლონიას სილამაზე და ხარისხი, როგორც სამერქნე მცენარისა, აქ მხოლოდ ბუნებრივი მონაცემებით არ აღზევებულა. ბატონი კაკო აღნიშნავს, საგანგებო ჯიში იმიტომ შეარჩია, რომ განსაკუთრებული მოვლით გახდეს ისეთი, მნახველი გაოცდეს და სანერგე მეურნეობას მუშტარიც ბევრი ჰყავდეს. ნერგები მხოლოდ კალმით გამოჰყავს. ამბობს, რომ თესლით მიღებული მცენარე არ ივარგებს, რადგან ჰიბრიდია და კარგი არ გამოვა. იქვე ბამბუკის ტყეა _ ლობიოს და პომიდვრის სარისთვის სადმე რატომ წავალ, 300-400 ცალი მაინც მჭირდება სეზონზე და აგერ მზად მაქვსო.

პავლონიას ბაღის გვერდით წაბლის კორომებია. ამ მცენარეს კაკო ღლონტი ღვთის საჩუქრად მიიჩნევს და ამბობს, რომ ყველა ფერმერმა უნდა გამონახოს ადგილი საკუთარ კარმიდამოში, რამდენიმე ძირი წაბლისთვის მაინც: _ ეს არის ნაყოფის, მასალის, თაფლის მომცემი ხე-საოცრება, ეროზიისგან დამცველი, საუკეთესოა ქარსაცავად. სულ 70 ძირი მაქვს, რითაც ვამაყობ. ირგვლივ, როცა ყინვისგან ბალახი დამზრალია, წაბლის ხეების ქვეშ მწვანე მასაა.

აქეთ ტყემლების განყოფილებაა. ნაირ-ნაირი ჯიშები: სამურაბე, ალუჩა, გულდედავა, ალიბუხარი.

მოშორებით, საძროხესთნ გაკეთებულია საცავი, რომელშიც საგანგებოდ ამოჭრილი სარკმლიდან ნაკელი იყრება, 7-8 თვეში ბუნებრივი გადაწვა ხდება. იქვეა სპეციალური ავზი წუნწუხისთვის: _ საქონლის შარდს როგორ ვიზარალებ? აბა, შარდოვანა მეტი რა არის? ეს პერიოდულად გამაქვს ფართობში და თანაბრად ვასხამ. ახლა ხის ფოთლების მოგროვებაზეც გეტყვით _ კაცმა ხის ხმელი ფოთოლი როგორ უნდა დაწვა? ყველას ამას ვეუბნები, მთელ ფართობზე 3-4 ადგილზე მაქვს ფოთოლსაყრელი. აი, წაბლისძველაც, ეს "ბუძგი " ისეთ დონეზეა დამწვარი, ხელის მოკიდებაც არ გეზარება კაცს. ამ ყველაფერს რომ ვაგროვებ, დალპება. პერიოდულად ცოტა მიწის თხელ ფენას უნდა დამატება, რის მეშვეობითაც ჭია უნდა გამრავლდეს. ჭიაა მთავარი დამმუშავებელი. ეს იგივე ჭიების საამქროა. ერთ წელში შემაქვს ეს ყველაფერი მთელ ფართობში, ორგანული სასუქის სახით. მეორე სეზონზე თავიდან ვიწყებ შეგროვებას, რომ კვლავ მოვამზადო. ამ ყველაფერს დედაბუნება გვაძლევს მუქთად, მაგრამ ზოგს სხვანაირი "მუქთი" ურჩევნია...

რაც შეეხება სიმინდის ყანას, კაკო ღლონტი ამბობს, რომ ბრწყინვალე შედეგი მისცა "ორგანიკა 1-მა". 5 000 მეტრ ფართობზე მისი მეშვეობით 3 ტონა სიმინდი მოიწია. ამ ორგანული ნივთიერების ხმარება შემდეგნაირად ხდება: _ დახნულ ფართოზე, "სოლო " აპარატით, წყალში გაზავებული "ორგანიკა" უნდა მოვასხათ. ოღონდ, ეს უნდა მოხდეს გვიან საღამოს ან ღრუბლიან ამინდში. მეორედ შესხურება სჭირდება, როცა სიმინდი უკვე ერთ მეტრამდეა წამოზრდილი, ოღონდ, ამჯერად მთლიანად უნდა შეესხუროს. მესამედ კი, როცა ულვაში აქვს. ამ ეტაპზეც მწვანე მასა უნდა დამუშავდეს "ორგანიკა-1"-ით. ესე იგი, ერთხელ მიწაზე უნდა მოვასხათ, თესვის დროს და ორჯერ _ფოთოლზე, ვეგეტაციისას. ზოგმა არ იცის, როგორ მოიხმაროს. მოვასხი "ორგანიკა" და არ ივარგაო, მეუბნებიან. მზიან ამინდში თუ მოაპირქვავე, წესი არ დაიცავი და ხელი გაიცალე მხოლოდ, ასე საქმე არ გამოვა, ხმარების წესი ზედ აწერია, დაიცავი ზუსტად და შედეგი გულს გაგიხარებს, _გვირჩევს იგი.

ჩვენს მასპინძელს შვიდნაირი ჯიშის ატამი, სამნაირი ფეიხოა და გურიაში გავრცელებული ვაშლის ყველა ჯიში (23 სახის) აქვს. ეს არის საკოლექციო ნაკვეთი. ერთი სახეობის ატმის ჯიშს კეზერაძე ჰქვია, თუმცა, საიდან დაერქვა, არც თვითონ იცის: _ კეზერაძის ჯიშის ატამი ერთხელ დავამყენი და ახლა 20 ძირი მაქვს. 5 წლის წინ ტონანახევარი მოვკრიფე. საოცარი გემო აქვს, _ თოვლში გაკვირტულ ატმის ტოტებს გვაჩვენებს მასპინძელი.

ერთ ამბავსაც იხსენებს: თხელკანიანი ჯიშის ფეიხოა სოხუმიდან წამოიღო, სტუდენტობისას. ნაყოფის სამი მარცვალი, ჭამის დროს, მეგობრებს წაართვა და ასე მოაშენა.

_ ბროწეული სამეგრელოდან გამომიგზავნეს. მითხრეს, რომ სომხეთიდან ჩამოტანილია. ერთი ცალი წონით ნახევარი კილოგრამი გამოვიდა. ამასაც კალმებით ვამრავლებ. რომ გადახრი და ჩაარჭობ, ორივე მხარეს ფესვს იკეთებს, _ ხელში მშვილდის რკალივით ხრის ბროწეულის ტოტს და "გურია ნიუსს" ნერგის "გამოჯიშებას" ჰპირდება.

მუყაით ფერმერს ჩაის ნამყოფი მიწების ბედი განსაკუთრებით ადარდებს: _ ჩაის ნამყოფი მიწა მწირია და ყველაფერს ვნებს. მოკირიანება სჭირდება. ეს ერთხელ უკვე გავაკეთე, კირის შოვნა არ არის ძნელი _ მოწამეთაში სულაც უფასო იშოვით. იქ უამრავი კირის საამქროა და უკვე გამომწვარი, გადაყრილი მასა, მაღალი მჟავიანობის მატარებელი ჩვენი ნიადაგისთვის მისწრებაა, ოღონდ ჩამოტანა არ უნდა შეგვეზაროს. საერთოდ კი, როგორც გითხარით, ყოველ წელს ნეშომპალით ვამდიდრებ ფართობს. თითო ძირ ხე-მცენარეს 50-60 კილოგრამამდე (ერთი ურიკა) ნეშომპალას ვაძლევ, სულ, წელიწადში 20 ტონამდე ნაკელს ვხარჯავ.

ბატონი კაკო დეტალურად განიხილავს მოვლის წესებს და ამბობს, რომ ადამიანთა უმეტესობამ არ იცის სამეურნეო ადათი, ნახევრად გაკეთებულ საქმეს კი საშინელებად მიიჩნევს.

_ კიდევ ერთ ჩემეულ პრაქტიკას გაგაცნობთ, _ განაგრძობს ის, _ ფეიჰოას მწკრივებს შორის კარტოფილი დავთესე. ამჯერადაც "ორგანიკა 1" მოვასხურე ნახნავში, შემდეგ თესლზე მოვასხურე და მერე _ ვეგეტაციის პერიოდში. სულ სამჯერ, სიმინდის მსგავსად. თუმცა, 300 კგ კარტოფილს ოჯახში ერთბაშად ვერ გახარჯავ. ამიტომ დავტოვე მიწაში, ჩახმა და წამოვიდა თივა, რომელიც აგვისტოში მოვცელე. შემდეგ ამოვიღე კარტოფილი, რომელიც აქამდე ნიადაგში "შენახული" იყო. მერე ამ გადახნულ მიწას ბოლოკის თესლი მოვაყარე და ზამთარში შესანიშნავი ბოსტნეული მივიღე. ე.ი. ერთ ფართობზე მივიღე ფეიხოა, კარტოფილი, თივა და ბოლოკი. თხილს დიდ პატივს არ ვცემ, ეგაა, სიმინდს კი სჯობს. თუ თხილი ორი ტონა მოდის ჰექტარზე, იგივე ფართობზე კივს 40 ტონას ვკრეფთ. ინტენსიური და ექსტენსიური კულტურა განსხვავდება ერთმანეთისგან. ინტენსიურია ისეთი კულტურები, როცა ცოტა ფართობზე, ბევრი დანახარჯით ბევრ მოსავალს იღებ. ექსტენსიურია, როცა ფართობის დიდი მასივი გაქვს და გააშენებ თხილს, კივს, ჩაის. მოსავლიანობაც ნაკლებია და დანახარჯიც. გამრჯე კაცმა, ერთ ჰექტარ ფართობზე 15 000 ლარის მოსავალი უნდა მიიღო წელიწადში. ოღონდ სწორად უნდა დაგეგმო ეს ყველაფერი. ინტერნეტი გეუბნება, მსოფლიო ბაზარზე რას აქვს ფასი _ ფეიხოა, კივი, პავლონია, ყურძენი, ახალი კულტურები შემოდის ახლა: ლურჯი მოცვი, სტევია _ ეს ყველა მომგებიანი კულტურებია. როგორც გითხარით, წაბლია ძალიან მომგებიანი. ერთ ჰექტარზე 120 ძირი ეტევა. 50 კგ ნაყოფი იანგარიშე ძირზე, საშუალოდ, 200 ლარია. თხილს მეტი შრომა სჭირდება. წაბლს მოკრეფისთანავე ჰყიდი. ამ დრომდე შენახვაც არაა პრობლემა. ბუნება თუ ინახავს ფოთოლქვეშ, შენც შეინახე, რა!

_ ბატონო კაკო, თქვენ ტარხუნის შესახებ არა ერთხელ გისაუბრიათ. როგორც აღნიშნეთ, ამ ბოსტნეული კულტურის მოშენებასაც აპირებთ. რას ურჩევდით "კარმიდამო ჩემის" მკითხველს?

_ ტარხუნა არაჩვეულებრივი, გემრიელი, შეუცვლელი და მომგებიანი ბოსტნეულია. ტარხუნა ადრე, დასავლეთ საქართველოში კარგად გავრცელებული ფესვურა მცენარე გახლდათ, რომლითაც სავსე იყო სოფელი ფარცხანაყანევი (წყალტუბოს რაიონი). მერე თანდათან გადაშენდა, უფრო სწორად, დაუდევრობით სხვა ქვეყანას ჩავუგდეთ ხელში. ახლა ისინი მუშაობენ სადგურებში, ღია გრუნტებში და ყიდიან და ყიდიან... საქართველოში. თბილისის აგრარული ბაზრები ამჟამად სომხეთიდან მარაგდება ტარხუნით. ბანანის ყუთებში ჩაწყობილი, ტრაილერებით შემოაქვთ და ასე დაფასოებულს ყიდიან. ისე იყო თუ ასე, ახლა ხელი უნდა გამოვიღოთ და კვლავ გავაშენოთ.

_ თქვენ უკვე დაიწყეთ ამაზე ფიქრი?

_ ამ გაზაფხულზე უნდა დავრგო. მიწა გამზადებული მაქვს. ნერგს შემპირდნენ და გამომიგზავნიან. ტარხუნას ძალიან სწრაფად გამრავლების უნარი აქვს, ფესვურაა, ბევრი შრომა არ სჭირდება. სამაგიეროდ, ძალიან მომგებიანია. მე ახლა ამ ყველაფერს საცდელ ნაკვეთზე ვაკეთებ. დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებ. მერე კი გამოცდილებასაც და ნერგსაც ყველას გავუზიარებ, ოღონდ ზარმაცები არ გამომეხმაურონ... (იცინის).

_ ბატონო კაკო, რასაც თქვენს საკარმიდამო ნაკვეთში ვხედავთ, წარმოუდგენელია, ამ კოლოსალურ შრომას ერთი ოჯახის წევრები ეწეოდნენ. ნუთუ, მართლა ასე ადვილად ახერხებთ ამ ყველაფერს?

_ არასოდეს ვიღლები. რა დიდი ამბავი ამას უნდა? ყველაფრის თავი და თავი ცოდნაა. მერე კი, თუ გინდა შედეგს მიაღწიო, სიზარმაცე უნდა გამორიცხო. შემდეგ, კარგია მოტივაცია კარგი ცხოვრებისთვის. თუ ამ ყველაფერს აკინძავ, ვერავინ დაგიდგება წინ. ჩვენი მიწა ისეთია, ბანანი მოიწიეს, ბოლოს და ბოლოს; ზეთისხილსაც რგავენ. ერთი გერმანელი მეცნიერი, ლიბიხი ამბობს: "არ არსებობს ცუდი ნიადაგი, არსებობს ცუდი მეურნე." ღმერთმა რომ გააჩინა ნიადაგი და დაასახლა ადამიანი ზედ, იმის თვალთახედვაც დაუტოვა, მიმოიხედე და იშრომეო. ფოთოლს რომ წვავ გაზაფხულზე, რატომ მახრჩობ და ბუნებასაც რად წამლავ? ღმერთმა მოგცა ნეშომპალა, ორგანული სასუქი, შენ წვავ და ისევ ჰაერში უშვებ, გრჩება ნაცარი... ენერგია იწვის, ენერგია გამოიყოფა. ე.ი. იმ ფოთოლშია ენერგია. ჩააბრუნე მიწაში, რატომ ანიავებ? ნათქვამია _ "ყველაფერი მარტივი გენიალურია!" მეკითხებიან, როგორ აღწევო. არ უნდა გეზარებოდეს და თუ გაინტერესებს, მომყევი ამ გზაზე. ყველას შეუძლია მყნობის სწავლა და ნერგის გამოყვანა. ერთწლიანი კულტურები სულ არ გინდა, მრავალწლიანი კულტურების ქვეყანა ვართ. კარგად მომისმინეთ და დაიხსომეთ _ 1 ჰა ფართობზე მოწეული კივით, 20 ჰა ფართობზე მოწეულ უკრაინულ პურს ვიყიდით. რატომ ვიკლავთ თავს მაინც და მაინც თოხნით? ჩვენ მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, მაგრამ ღმერთმა მოგვცა სუბტროპიკები, სადაც ყველაფერი მოდის. სიმინდი აუცილებელია, მაგრამ იმდენი ვაწარმოოთ, მჭადისთვის რომ დაგვჭირდება. ძროხისთვის რად გვინდა? დანარჩენ ფართობზე მრავალწლიანი კულტურები გავაშენოთ. ერთი შვეიცარიელი აგროპოლიტიკოსი, ჯერ კიდევ საუკუნის წინ ამბობდა: "ვერანაირი პოლიტიკა ჩვენ ვერ გვიშველის, თუ გლეხმა საკუთარ თავს არ უშველა." ეს ჩვენზეც ვრცელდება.

_ ბატონო კაკო, გავრცელებულია აზრი, რომ სოფლის მეურნეობა მსოფლიოში არამომგებიანად ითვლება.

_ არაპრესტიჟულად ითვლება, თორემ მომგებიანი როგორ არ არის? რატომღაც, მიწისთვის ხელის ხლება ეზარებათ თუ ეთაკილებათ. მე კი, პირიქით, მსიამოვნებს. მიწა ვართ ჩვენ, მიწა დედაა ჩვენი და მაინც და მაინც დედაზე ხელის მოკიდება არ შეიძლება? ბუნებაში წყნარად შრომა, შენი ხელით მოწეული, ეკოლოგიურად სუფთა ხილი სჯობს თუ ის, ბაზარში რომ ეძებ? ვინც ქალაქშია, კია ცოდვა, მაგრამ მათი წინაპარი რომ გაიქცა ქალაქში, ახლა ამისთვის ისჯებიან. სოფელს, მიწას მიუბრუნდით და ყველაფერი კარგად იქნება. დახმარება გინდათ? აქ ვარ, ოღონდ _ ინებეთ!





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...