ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

კარმიდამო ჩემი

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

2 აპრ. 2021, 11:05:27

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები, მრავალმხრივი საოჯახო მეურნეობის მესაჭე ტარიელ ჯიბუტი, ჭიშკართან მისვლისთანავე გვეუბნება:

_ ერთი ბაჭიით და მარნით დავიწყე საქმე და კარგია, თუ ასე სახელგანთქმული გავხდი... მარანს რატომ ვახსენებ, იცით? ვაზი და ღვინო ქართველი კაცის ძარღვი და სისხლია. ბოლო დროს, გურული ჯიშების გაშენებაზე ბუმია და ჩემზეც აღმატებულად იმოქმედა. ბოცვრის ნაკელი (ცურცლი) ერთ-ერთი საუკეთესო გამანოყიერებელი ნიადაგისთვის. საკმიელას მოშენებას მივყევი ხელი. სხვა გურული ჯიშებიც "შემოვიშენე" _ ჯანი, ჭუმუტა, კამური, ცივჩხავერა... როცა ბოცვრის ბაჭია შვილიშვილს აჩუქეს, აღმოჩნდა, მდედრობითი სქესის იყო. გადავწყვიტე, გამეზარდა. მერე ინტერნეტს მივუჯექი ახლანდელი ახალგაზრდებივით და ვისწავლე, მარა რა ვისწავლე, _ ხუმრობს და სიცილს ვერ იკავებს ჩვენი გულღია მასპინძელი.

მართლაც, საგულდაგულოდ მოვლილ კარმიდამოში, სადაც ვაზის, ხეხილოვნების, თხილის ნარგავების სიმრავლეა, ყველა კუთხეშია განთავსებული ბოცვრის გალიები. სათვალავი არ აქვს, თუმცა, მაინც ვეკითხები: _ ხუთასი იქნება? პასუხს არ აგვიანებს: _ კი, მგონი... იყოს, რამდენიც გინდა, _ კვლავ იუმორი ეძალება ტარიელ ჯიბუტს და მიგვიძღვება სანაშენეში, მერე კი ღია სივრცეში, სადაც არაერთგან არის განთავსებული გალიები. ყველა გალიიდან ნაირნაირი ფერის და სიდიდის ბოცვრები იცქირებიან.

_ ის ბაჭია, მდედრობითი სქესის რომ აღმოჩნდა, მოვუძებნე მეწყვილე. დავიწყე კალიფორნიული ჯიშით. მალე იზრდება, მეხორცული ჯიშია. მერე ახალზელანდიური, საბჭოური შინშილას და გერმანული რიზელის ჯიშისაც შევიძინე და დავიწყე შესაბამისი შეჯვარება. თავიდან კალიფორნიული კალიფორნიულს რომ შევაჯვარე, სუსტი გამოდგა. მერე დავიწყე შერეული ჯიშების გამოყვანა და გაამართლა. გამძლე, შედარებით ადვილად მოსავლელია _ მალე მრავლდება, მალე იზრდება, გემო და სასარგებლო თვისებები ხომ, ბოცვრის ხორცს უნიკალური, საუცხოო აქვს. ყველა ოჯახმა უნდა მოაშენოს. ზოგადად, ცხოვრება გაჭირდა, მაგრამ სოფელში მცხოვრებ, მიწის მფლობელ ჯანმრთელ კაცს რომ მოშივდება, ის უნდა დატოვო იმ შიმშილთან და გაჭირვებასთან, _ გვეუბნება ბატონი ტარიელი.

ბოცვრის ფერმა მის საოჯახო-სამეურნეო საქმიანობაში წინა პლანზე წამოიწია. სულ სამი წელია, რაც ამ საქმეს ხელი მიჰყო. ამბობს, რომ ახლა მისი უმთავრესი საქმიანობა ვაზის და ბოცვრის მოვლაა, თუმცა, აქვს საყანე ფართობი, ოჯახში ჰყავთ მეწველი ძროხა, ქათმები, ღორი. ერთი სიტყვით, შერეული მეურნეობის ტიპს განეკუთვნება ტარიელ ჯიბუტისა და თამარ ყაჭეიშვილის საოჯახო სამყარო. თუმცა, როგორც დასაწყისში ვთქვით, ახლა ყურადღების ცენტრში ბოცვერია. მცირე ბიზნესის დაწყებაც ამ კუთხით გადაწყვიტეს.

ბატონი ტარიელი ამბობს, რომ როცა ბოცვრის მომრავლება დაგეგმა, მის გამოკვებაზეც სერიოზულად იფიქრა, რომ ყველაზე მთავარი ნიშა _ ბიოპროდუქციის მწარმოებლის სტატუსი ჰქონოდა. 3 000 კვ.მ. ფართობზე სოიო დათესა. სიმინდი ისედაც მოჰყავდა.

_ მე ის მიკვირს, სახელმწიფო რატომ არ უნდა აფინანსებდეს ისეთ პროექტს, სადაც მებოცვრეობის მოშენებაზე იქნება აქცენტი. თუ მოვლის საქმეს ერთგულად მიჰყვები, ქათამზე და ყველა შინაურ ცხოველ-ფრინველზე ადვილი მოსავლელია. რაოდენობით, ხარისხით, შემოსავლის და სარგებელ-მარგებლიანობით არათუ ჩამოუვარდება რომელიმეს, უკეთესიცაა. სხვა რა უნდა გვინდოდეს? უქოლესტერინო ბოცვრის ხორცზე რასაც ინტერნეტში ვკითხულობ და საკუთარ სახლშიც გამოვცადე მისი უპირატესობა და სარგებლიანობა, სხვა რით უნდა დავკავდე და დავინტერესდე? _ გაკვირვებული სვამს კითხვას ჩვენი მასპინძელი.

ბატონ ტარიელს, როგორც თავად ამბობს, მომხმარებლებიც ჰყავს სხვადასხვა რესტორნიდან. პანდემიის პირობებში, მყიდველთა რაოდენობა შემცირდა. მიიჩნევს, რომ ერთი კილოგრამი ბოცვრის ხორცი 18 ლარადაც იაფია. ეს არის დღეს არსებული ფასი.

თუ როგორია ბოცვრის მოშენება-მოვლის თანმიმდევრული წესი, ტარიელ ჯიბუტი გვარწმუნებს, რომ გაცილებით ადვილია, ვიდრე რომელიმე შინაური ცხოველის თუ ფრინველის მოვლა და მზადაა, ყველა დაინტერესებულ მეურნეს დაეხმაროს რჩევებით:

_ ბოცვერს, რაც მთავარია, საკვები არ უნდა მიაკლო და სიცხემ არ უნდა შეაწუხოს. დღეში ორჯერ ვაძლევ საკვებს _ დილას და საღამოს, ბალახს, სტაფილოს თუ კომბოსტოს ნარჩენებს. ეს რომ უყვარს, ბავშვობაშიც გვაქვს ნასწავლი, სხვა თუ არაფერი. ერთ თვემდე მაკეობს. 15-მდე ბაჭიას შობს. თუმცა, 7-8 ცალს ვუტოვებ, რომ მალე გაიზარდონ და დედა ზედმეტად არ გადაღალონ. ერთი თვის შემდეგ, დამოუკიდებელ კვებას იწყებენ. ერთი სასაცილო ამბავი უნდა გითხრათ _ ზოგი მეუბნებოდა, დედა ბოცვერს 15 დღე არ უნდა შეხედო, როცა ბაჭიებს შობს, თორემ ყველა დაიღუპებაო (იცინის). "თვალის ცემის" ასეთ გაგებაზე, ერთ-ერთ ჩემს ფეისბუკმეგობარს ვუამბე _ მასაც ჰყავს ბოცვრები. სასაცილოდ არ ეყო. მითხრა, "შენ თავად თუ გაანადგურებ, უკეთეს წესს ვერ მოიფიქრებო. იქნებ, გაიჭყლიტა რომელიმე ბაჭია, ჭამა და წყალი არ უნდა? ან წამალი სჭირდება, რა იცი, რა გაუჭირდება ამ 15 დღის მანძილზეო".

ტარიელ ჯიბუტის თქმით, განსაკუთრებულ მკურნალობასაც არ ითხოვს ბოცვერი. უმეტესად, ბაჭიების შობის შემდგომ სჭირდება ცოტა თერაპიის ჩატარება და ასევე, ბეწვის დამუშავება უსუნო პრეპარატით. სამი თვის ბოცვერი სამ კილოგრამამდე იწონის, რაც ასაკის შესაბამისად, საუკეთესო შედეგია.

_ ყველაფერი ხარისხიანი აქვს. ბოცვრის ქონს ვერც ერთი მალამო ვერ სჯობს. ადრე, კომუნისტების დროს, კი იყო ბოცვრის ფერმები, მაგრამ მაინც მაგ კომუნისტებმა შეურაცხყვეს გლეხის სტატუსი _ საკუთრებაში არ უნდა გყავდეს ბევრი, ჩვენ უნდა დავთვალოთ, რამდენი ძროხა თუ ინდაური გყავთო. მე ახლა ინდაურებიც ბევრი მყავს. ბოცვერიც ხომ მოვაშენე და ეს რომ ასე ყოფილიყო სულ, ქვეყანა უფრო წინ იქნებოდა. კი იყო კომუნისტების დროს მებოცვრეობის ბევრი სანაშენე მეურნეობა, მაგრამ სად, ვისთვის და რატომ ყიდდნენ, ამას კერძო პირს, გლეხს არავინ ეკითხებოდა. დღეს, ძირითადად, დაკარგულია მებოცვრეობის დარგი და რომ მოძლიერდეს, სახელმწიფომ უნდა იფიქროს გლეხის ამ კუთხით დაფინანსებაზე. თვითონ გლეხმაც უნდა გამოიღვიძოს, შრომა არ დაიზაროს და ასე ერთობლივად, ეკონომიკური სიძლიერე მოვა ჯერ ოჯახში და მერე ქვეყანაში. მეტი პოპულარობა, მეტი რეკლამა... თუ რას ეძახით? გაპიარება სჭირდება ბოცვრის ხორცს, _ იცინის ბატონი ტარიელი.

ამ დროისთვის, როგორც გვეუბნება, 30 დედა ბოცვერი გაჩერებული ჰყავს. შეჯვარება რომ მოახდინოს, 150-მდე ბაჭიას მიიღებს ერთ თვეში, რასაც საგანგებო მზრუნველობა სჭირდება. მალე ბალახი წამოვა, უფრო დათბება და მისივე თქმით, უფრო ორიენტირებულ შედეგზე გავა.

ჩვენი რესპონდენტი, როგორც ვთქვით, მზად არის, ყველა დაინტერესებულ პირს, მოტივირებულ მეურნეს გაუწიოს დახმარება; ურჩიოს, როგორ მოაშენოს ბოცვერი. თუმცა, ხაზგასმით ამბობს, რომ მაქსიმალურად მოტივირებული შრომა უნდა ჩაიდოს ამ საქმეში, თუ გვინდა, რომ შედეგი მივიღოთ. წუხს იმაზე, რომ შრომა ეზარებათ, თორემ ეს საქმე საკმაოდ ადვილია.

_ უმეტესობას რომ ეყოლება, საუცხოო ხორცსაც მიირთმევს და ამდენ გაყინულ ხორცს, ქათამია თუ ღორი, არ შემოგვაჩეჩებენ. სახელმწიფომ უფრო მეტად იმაზე უნდა იზრუნოს, ხალხმა მოაშენოს, ყველას ჰყავდეს ბოცვერი. ნაკლებად უნდა იყვნენ დაინტერესებულები გაყინული ხორცის შემოტანით, რაც ერთეულ პირებს აძლევს დიდ შემოსავალს. ხალხი კი ვერ ახერხებს წარმატებულ ეკონომიკური საქმიანობას. ესაა პრობლემის არსი, _ ამბობს წარმატებული ფერმერი და ბოლოს ოჯახურ იდილიაზეც საუბრობს:

_ ჩემი მეუღლე, თამარ ყაჭეიშვილი ჩემივე თანასოფლელია. შორს არ გავუშვი! ერთ ენაზე ვსაუბრობდით. აბა, სხვა რომ მომეყვანა, როგორ მესწავლებინა გურული "მოი, წაი"? ოთხი ქალიშვილი მყავს. ორ-ორი ქორწილი მქონდა, თითო წელში და რომ მცოდნოდა ასე ადვილად გაფრინდებოდნენ, კიდე ვიფიქრებდი მომდევნო ოთხზე. აბა, რაფერ?! ცხრა შვილიშვილი მყავს და ვუგზავნი სულ სამწვადედ თუ ჩაქაფულისთვის ბოცვრის ხორცს. მე სანადიროდ წასვლა აღარ მჭირდება. ადრე დავრბოდი და ახლა რეიზა უნდა გევიქცე, კურდღელი სახლში მყავს და ღვინო მარანშია. დადიან მეგობრები, ახლობლები, შვილები, შვილიშვილები და მიხარია ეს წუთისოფელი. თუ ვარგიხარ კაცი, შრომასაც ძალიან შედეგიანად მოასწრებ და ლხინსაც, _ ენაწყლიანობაც მოიშველია და ქალბატონ თამარს გასძახა, ბოცვრის მწვადი მოართვი ჩვენს სტუმრებს, მე აი ბოცვრები უფრო სტუმრებიზა და ახლობლებიზა მყავს, ვიდრე ფულის საკეთებლადო.

გურულ სტუმართმოყვარე "ყაძახს" სად გაექცევით? ჩადგა კარში და "მიგვრეკა" სუფრასთან, სადაც სადღეგრძელოს "დავალებაც" მოაყოლა, ამბავი მიმიტანეთ მთავრობასთან მოსიარულე კაცებთან, ყური მეტად მოადეთ გლეხკაცის გულს და კარმიდამოსო...

წარმატებულ, კვლავ დაუღალავ შრომას ვუსურვებთ გარჯისა და სიყვარულის ენაზე მოსაუბრე, დაუღლელ გურულ კაცს, ტარიელ ჯიბუტს, ვის კარმიდამოზეც თვალის გადავლება ბევრად მეტს ეუბნება მნახველს, ვიდრე ერთი სტატია.





 ახალი ამბები
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...
  • სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვასალომე სამადაშვილმა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო, პარტიას პოლიტიკური გუნდის დატოვების შესახებ ოფიციალურად აცნობა, _ ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით,  პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიასთვის მისი არგუმენტები გასაგებია და ისინი მეგობრებად რჩებიან. „როგორც იცით, ვთქვი, რომ საპატიმროდან ნიკა მელიას გათავისუფლებას დაველოდებოდი. მე და ნიკას საუბარი გვქონდა, ჩვენ გვქონდა გრძელი სატელეფონო საუბარი. ნიკა მელიასთვის გასაგები არის ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, თანამოაზრეებად დიდ მიზნებში, მაგრამ რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ოფიციალურად დატოვების შესახებ განცხადება პარტიას დღეს უკვე მივაწოდე. თუმცა, იცით, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მანამდე მქონდა მიღებული.  ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ“, _ განაცხადა სამადაშვილმა. ცნობისთვის, სამადაშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, რამდენიმე კვირის წინ მიიღო, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ" უარი თქვა, ხელი მოეწერა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით შემუშავებულ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...