გურული კურიოზები 07.05.2011

ა კიდო

გურული კურიოზები 07.05.2011

17 ნოე. 2011, 07:14:07

დიოგენა კანტია

რეიზა მინდა დეპუტატობა?

ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე... ერთი წამოგცდება კაცს, დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან "ემადინზე" გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ... გლახაა მერე მაი?!

რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილ ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილს მიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი _ მაინც ტყულა ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირები გადამცილდება გულზე და ასეა ალბათ საჭირო _ თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი, თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა...

სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ _ დაგიჩემებიენ, მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი, თუ შეგიძლია!

მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები "კუტუზკაში" ზილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?!

მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი. დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! "მონტე კარლოში", ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?!

ა, ამიზა მინდა დეპუტატობა და იმ დღეს, ფარდაჩამოფარებულ შემოდოშნილში რომ შეხვალ, არ დამებნე, ჩემი ძამია თუ ხარ! კარგად გაშალე და ნამეტარი ინტერესით წეიკითხე საარჩევნო ბიულეტენი. თუ ვიქენი ჩამონათვალში ხომ კაი, კი ვიცი არ დამაღალატებ და ბიულეტენიზა ტელეფონით სურათის გადაღებას აღარ გთხოვ. ვინიცობაა, არ დარჩა ჩემი სახელი და გვარი სიაში, მაშინ ქე შემოხაზე, ვინცხა გულმა გითხრას იგი...

თვარა, ჩემი იღბალის ამბავი რომ ვიცი, ანტისაარჩევნო აგიტაცია დამბრალდება და იქეთ მექნება არჩევანი გასაკეთებელი _ სახელმწიფო ხარჯით ევიყვანო ადვოკატი თუ ვინცხა კერძო ვექილს ვეღრიჭო, პაწა იაფად დამიცავი,-თქვა!!!

 

მაყარი

ჭიქა ღვინოზე ყვება გივია თავის თავგადასავალს: _ სად არ ვყოფილვარ, ბიძია, რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ იმისთანა გასაჭირი არ მქონია, სამეგრელოში სტუმრობისას რომ დამემართა. ჩემდა სიკვდილად, მეზობელი შემომიჩნდა, გოგო გავათხოვე აბაშაში და მაყრად გამომყევიო. გავყევი. ქალები ცალკე ისხდნენ "სეფაში", კაცები _ ცალკე. თამადა პირდაპირ ჩემთან, როგორც პირველ მაყართან გადმოდიოდა ალავერდს და სამი თვალებდაქაჩული მეგრელი მადგა თავზე, ღვინო რომ არ მომეპარა. ბოლოს, თამადა რომ წაასვენეს, ხონჩის წამოსაღებად უშველებელ ყანწს წავეპოტინე, მარა დავლიე თუ ვერა, მაგი აღარ მახსოვს...

პატარა აზრზე რომ მოვედი, მასპინძლის მეზობლისას ვიწექი, იმფერ გაკრახმალებულ ქვეშაგებელში, რომ ჩიხოლზე კინაღამ წავახიე ნიკაპი. ღამეა ჯერ კიდევ, გათენებას არ აპირებს. ნაღვინევზე, უკაცრავად პასუხია და გარეთ მინდა გასვლა. შემაწუხა ნამეტარი ამდენმა სითხემ...

აუჰ, გლახათაა საქმე _ ვწრიალობ, ვბრუნავ და ვერაფრისდიდებით ლოგინიდან ვერ ჩამოვდივარ. რომელ მხარესაც არ მივადექი, ფეხი ვერ ჩამოვდგი ძირს. სად წევიდე ახლა, სირცხვილს ხომ არ ვჭამ?! ცივი ოფლი მასხამს და კაი ჩარლსტონის მოცეკვავესავით ვასვარსვალებ ფეხებს. რაი მერე?! ვერ გადმოვდივარ ლოგინიდან...

ასე წამებაში გავათენე იგი ღამე და რავარც იქნა გათენდა... გათენდა და რა ნახა ჩემმა თვალებმა _ "პოლზე" გოუშლიათ ლოგინი და ძირს რაფერ ჩამევიდოდი?!

 

ტელევიზორების მოხელე

თავსხმა წვიმაა. ზუსტად ისეთი, ჩვენში რომ იცის ოქტომბრის მიწურულს და ძაღლი არ გეიგდება გარეთ. ამ წვიმამ თუ დააკავა ზაზა გოგუაძე შინ, თუ არა, კაი ამინდში რავა გაჩერდება სახლში. ზაზა კია სახლში, მარა კარპეზომ დაიძახა ჭიშკართან. ნერვებმოშლილი იყო _ ტელევიზორი გამიფუჭდა და ამ ამინდში რა გინდა რომ ქნაო?!

გოგუაძე რაცხა მაკვარანცხია, ყველამ იცის. ჰოდა, ღელეს გაღმა, ოთარა კერესელიძესთან გაუშვა კარპეზო _ არ ამჟღავნებს თუ არა, მაგისთანა ტელევიზორის მოხელე მეორე არ დადის გურიაში. მე რომ მიგასწავლე ნუ ეტყვი და უარით არ გამოგიშვებსო. გაუხარდა კარპეზოს, "კურტკა" წამოიხურა თავზე და წავიდა...

ალბათ, ოთარას ეხვეწებოდა უკვე, ტელევიზორი გამიკეთეო, ზაზას ჭიშკართან გია იმედაიშვილმა რომ დაიძახა. სახლში შევიდა თუ არა, დაიწუწუნა _ ტელევიზორი გამიფუჭდაო...

ამისთანა შანსს გაუშვებდა ზაზა ხელიდან?! _ ეგერ არაა ოთარა კერესელიძე, ჩემდა ნათქვამად ნუ იტყვი და ტელევიზორების მამააო! _ დამოძღვრა გია.

ოთარიდან წამოსული კარპეზო და ოთარისთან მიმავალი გია გზაში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისე წვიმდა, გაჩერება, მინიმუმ, ფილტვების ანთებას უდრიდა, ამიტომაც მონდურავებივით გამოულაპარაკებლად აუარეს ერთმანეთს გვერდი.

ოთარიმ კარპეზო ძლივს დააჯერა, რომ ტელევიზორის არაფერი გაეგებოდა და გაისტუმრა. "ვადალაზივით" დასველდა, ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და გიამაც დაიძახა ჭიშკართან. ისევ გავიდა წვიმაში ოთარი.

_ ოთარი ბიძია, არ გამაწბილო და ტელევიზორი უნდა გამიკეთო... _ შეხვეწებით კი შეეხვეწა გია, მარა მერე პირდაფჩენილი უყურებდა ოთარის გადელებას და თქრიალით ჩადიოდა წვიმის წყალი ხახაში...

მიხვდა ოთარიც, თუ ვისი გაგზავნილი იყო კლიენტები, საკუთარი "ბალკონიდან" დაუძახა და ღელის გაღმიდან კარგად "მოიკითხა" გოგუაძე...

 

გურამ კუკულაძე

კუკურა!

სინიორ რობიზონს მის წასაყვანად მისული გემის დანახვა არ გაუხარდებოდა ისე, როგორც ქუჩებში გამოფენილმა პროვინციელებმა გაიხარეს ყველა ფეხის ნაბიჯზე აწებებული აფიშების ხილვით _ მაცდურად გაფორმებული ფერადი აფიშები იუწყებოდნენ, რომ ათი დღის შემდეგ ქალაქში დაიწყებოდა ცნობილი ზოოლოგიური ცირკის გასტროლები. ასეთ სიამოვნებას დანატრებულმა ხალხმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი. გამოჩნდნენ ენთუზიასტებიც, რომლებმაც ცირკისთვის საჭირო მოედნის მოწყობა ითავეს. იმის შიშით, რომ ვაითუ მშობლებმა ცირკში არ წაგვიყვანონო, ბავშვებმა სწავლას და ბეჯითობას უმატეს.

საზრუნავი და საფიქრალი მოემატა კუკურას, შვიდი შვილიშვილის ბაბუას. არა, დროისა და ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს, მისთვის ყოველდღე ცირკში სიარულია პრობლემა. იცის შვილიშვილების ზნე და იმიტომ. ხანდახან მეუღლეც შემენაცვლებაო, ფიქრობს კუკურა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, შვილიშვილების ხათრით ყოველდღე კი არა, დღეში ორჯერ ივლის ცირკში, იმათ შემოევლოს მზრუნველი ბაბუა. არადა, ზოოლოგიური ცირკი რას ნიშნავს, ეს ვერ გაურკვევია ბევრის მომსწრე კუკურას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბავშვებმა გაიხარონ.

აუარება ხალხი მიაწყდა სახელდახელოდ მოწყობილ, ე.წ. ცირკს. უკვირდა კუკურას, ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა ამ პატარა ქალაქში, ვერც წარმოედგინა. სამ დღეს გაუძლო ბავშვების კაპრიზებს, მეოთხე დღეს კი სამსახურში წასვლა მოიმიზეზა და ონავრები მეუღლეს გადაულოცა.

ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ლამაზად გაფორმებული აფიშები სატყუარა იყო და ეშმაკმა საქმოსნებმა ცირკის ნაცვლად ჩვეულებრივი ზოოპარკი ჩამოიყვანეს. სანახაობას მოწყურებული ბავშვებისათვის ესეც დიდი საქმე იყო და სეანსზე კუკურას მოუსვლელობას ცირკის შემოსავლისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია.

სამაგიეროდ, კუკურას მიადგა ზიანი ცირკის ჩამოსვლიდან სწორედ იმ ავადსახსენებელ მეოთხე დღეს _ თანამშრომლებთან ლაზღანდარობდა, როცა მის ჭიშკარს ბარბაცით მიადგა უახლოესი მეგობარი კოწია. იგი მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ყიამყრალობით, ხოლო მთვრალი კოწიას ატანა მხოლოდ კუკურას შეეძლო.

_ კუკურა! კუკურა! _ ჩახლეჩილი ხმით დაიძახა სტუმარმა.

ხმა არავინ გასცა. კოწია იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ხანგამოშვებით თუ დაიძახებდა, მაგრამ უშედეგოდ. მოწყინდა ამდენი ლოდინი. ბოლოს იფიქრა, ერთს კიდევ დავუძახებო, წამოდგა, ღობეს მიეყრდნო და დაიძახა:

_ კუკურა! კუკურა! შენი... _ და განაწყენებული, გინებ-გინებით გაბრუნდა უკან.

სულ არ ჩქარობდა კუკურა სახლში დაბრუნებას. არც იჩქარებდა, შიმშილს რომ არ შეეწუხებინა. ლუკმა გადაყლაპულიც არ ჰქონდა, ჭიშკრის მხრიდან ძახილი რომ შემოესმა:

_ კუკურა! კუკურა!

რა დროს სტუმარიაო, გაიფიქრა და უხალისოდ გაიხედა ღია ფანჯრისკენ. ჭიშკართან არავინ არ იყო. ალბათ, მომესმა, _ დაიმშვიდა გული კუკურამ და სადილს მიუბრუნდა.

ძახილი ყოველ ხუთ წუთში მეორდებოდა. კუკურას ნერვები დაეჭიმა: _ რა მემართება? ჭკუიდან ხომ არ გადავდივარ? ასე არ შეიძლება. ხვალ ექიმთან უნდა წავიდე და ჩემს თავს მივხედო, თუ არა გიჟი კუკურა ვის უნდა?! _ თავის ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა. სადილი უგემურად ჩაათავა და სუფრის ალაგებას შეუდგა...

_ კუკურა! კუკურა! შენი...

ახლა შიშმა შეიპყრო კუკურა, თოფს ხელი მოავლო და თავისი ეზოს ყოველი კუნჭული გულმოდგინედ დაათვალიერა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სახლისკენ გაბრუნდა. ალვის ხის კენწეროზე უცხო ფრინველი დაიანახა. მონადირის მიძინებულმა სულმა გაიღვიძა, დაუმიზნა და... სროლის ხმაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ფრინველის ვინაობა და სადაურობა უცნობი დარჩა.

მთელი ღამე ფიქრში გაატარა კუკურამ. ცოტათი დამშვიდდა. არც ეს ნერვებისმომშლელი ძახილი ჩაესმის, მაგრამ ექიმს მაინც უნდა ეჩვენოს. მართალია, მის თვალებს ძილი არ გაკარებია, მაგრამ ლოგინიდან ადგომას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს, როგორც იქნა წამოდგა, თავისი თავი წესრიგში მოიყვანა და ის იყო ექიმთან უნდა წასულიყო, რომ მეუღლემ წყევლა-წყევლით ააფარა თვალებზე სასამართლოს გადაწყვეტილება: "ზოოლოგიურ ცირკზე მიყენებული ზარალისთვის, მოქალაქე კუკური თოფაძე დაჯარიმებულია 300 (სამასი) მანეთით".

უცხო ფრინველი, ზოოლოგიური ცირკის წამყვანი "მსახიობი", მოლაპარაკე თუთუყუში აღმოჩნდა.

კუკურამ შვებით ამოისუნთქა.

 

ნამდვილი ამბები

თანამშრომლის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები. მაგიდას მივუჯექით, ერთმა სტუმარმა მჭადის ნატეხი გადმოიღო, მაგრამ ვეღარ შეჭამა, რადგან მასში თმის მოზრდილი ღერი შენიშნა. შეამჩნია ოჯახის დიასახლისმა და უთხრა: _ არ შეგეზიზღოს ძამია, თავი სუფთა მაქვს, წუხელი დევიბანეო.

მეზობლის ქალს აქვს წისქვილი და ყველა მეზობელს საფქვავი მასთან მიგვაქვს. მეზობელმა მამაკაცმა მიიტანა საფქვავი, რომელიც დანესტილი ყოფილა და წისქვილი გაიჭედა. მან ქალს საყვედური უთხრა: ფეხი თუ აუწიეო (იგულისხმა წისქვილის ფეხი). ფეხის აწევას ვერავინ მასწავლის მეო, მიუგო მეწისქვილე ქალმა.





 ახალი ამბები
  • ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში _ არიან დაშავებულებიამ წუთებში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში, ვისოლის ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთი ტაქსია. პირველადი ინფორმაციით, დაშავდა ტაქსიში მჯდომი ორი ადამიანი. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ... ...
  • „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ“უკვე 21-ე დღეა, სენაკში, ოჯახი მიცვალებულს არ კრძალავს. როგორც „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის _ ინეზა გოგიას შვილი, რამაზ გოგია ამბობს, თუ უახლოეს დღეებში სიმართლე არ დადგინდება, არ გაირკვევა თავისი დედის გარდაცველების მიზეზი და ექიმები არ დაისჯებიან, მიცვალებულს პარლამენტის წინ დაასვენებს. „თუ უახლოეს დღეებში, სიმართლე არ დადგინდება, მიცვალებულს პარლამენტის წინ დავასვენებ და მთელ საქართველოს გავაგებინებ. უნდობლობას ვუცხადებ ქუთაისის ექსპერტიზას და ვითხოვ საქმეში სხვა ექსპერტიზის ჩართვას“, _ ამბობს რამაზ გოგია „გურია ნიუსთან“. შეგახსენებთ, პაციენტი თავდაპირველად აბაშის სავადმყოფოში შეიყვანეს და მესამე დღეს მკლავზე, შვილის თქმით, "გაურკეველი ნემსი გაუკეთეს". პაციენტის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა, შემდეგ კი, ქუთისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღეში ... ...
  • სამტრედიის უხუცესი, 102 წლის გრიგოლ ჩაჩუა გარდაიცვალაყველაზე ხანდაზმული სამტრედიელი, რომელსაც პირველ მაისს 102 წელი შეუსრულდა, გარდაიცვალა. გომის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კეთილაურში მცხოვრები გრიგოლ ჩაჩუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უხუცეს სამტრედიელს წელს დაბადების დღე და ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა. გრიგოლ ჩაჩუასთვის, რომელმაც ზამთარში კოვიდი დაამარცხა, ეს ბოლო დაბადების დღე აღმოჩნდა. გრიგოლ ჩაჩუა სამტრედიის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ას წელს გადაცილებული მოქალაქე იყო. დიდი სამამულო ომის ვეტერანს მშობლიურ კეთილაურში დაკრძალავენ. "გურია ნიუსი" მწუხარებას გამოთქვამს სამტრედიის უხუცესი ადამიანის გარდაცვალების ... ...
  • დენის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებიათბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტროში გარკვეული შეფერხებებია. როგორც „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ აცხადებენ, ელექტროენერგიის გათიშვის გამო პირველ ხაზზე მხოლოდ ესკალატორების მუშაობა შეფერხდა, საბურთალოს ხაზზე კი გარკვეული დროით მატარებლების მუშაობაც შეჩერებული იყო. თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ ... ...
  • „როგორც ჩანს, ქალს სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა“როგორც ახლახან ვწერდით, ლანჩხუთში მომხდარ სასაფლაოების  გაქურდვის ფაქტზე, ეჭვმიტანილია ქალბატონი, სამი მცირეწლოვანი შვილის დედა. ჩვენი წყაროს ცნობით,  ლანჩხუთში დაკითხეს დაზარალებულები.  _როგორც ჩანს, ამ ახალგაზრდა ქალს, სასაფლაოების გაქურდვა პროფესიად ექცა. სოფლებში, ჯურუყვეთსა და ნინოშვილში, მაისსა და ივნისში გაქურდული სასაფლაოების რიცხვი ოცდაათამდეა.  ეჭვმიტანილ ქალს საკუთარი მანქანა ჰყავს და ადვილად გადაადგილდებოდა.  5,8 და 11 წლის ბავშვები დედასტან ერთად იპარავდნენ საფლავებიდან ლითონის რიკულებს, _ თქვა სანდო წყარომ „გურია ნიუსთან“. ჩვენივე წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი ქალბატონი დაკავებული არ არის. ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა და სავარაუდოდ,  ამიტომ. ჩვენ ველოდებით შსს-ს კომენტარს და მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ტრადიციად ქცეული მავნე ჩვევა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა სახიფათო და...

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...