გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

ა კიდო

გაკვირვებული დანიელი ოფიცერი

25 აგვ. 2018, 11:15:41

უეფას მედია-ოფიცერ მამუკა კვარაცხელიას მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. უკვე რამდენიმე ათეული წელია მამუკა სპორტულ ჟურნალისტიკაში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთ ქართულ გამოცემასთან თანამშრომლობს.

ცოტახნის წინ მამუკა ქუჩაში შემხვდა. რასაკვირველია ხელსაყრელი შემთხვევა ხელიდან არ გავუშვი და ჩვენი  მკითხველებისთვის რამდენიმე მოგონების გახსენება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, მაგრამ ერთი წინადადებით კი მომმართა: - ყველამ იცის, რომ ძირითადად, ქართულ ფეხბურთში ვტრიალებ. კი, შემიძლია არაერთი საინტერესო ისტორია მოგიყვე, მაგრამ მოდი, ტრადიცია დავარღვიოთ და არასაფეხბურთო მოგონებებს შემოგთავაზებ.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე, აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას მამუკა სოხუმში არაერთხელ იმყოფებოდა და იქ დატრიალებული მოვლენების ეპიცენტრში იმყოფებოდა. „აფხაზეთის ტკივილი დღემდე გულიდან ვერ მომიშორებია. ნება მომეცი წარსულს კიდევ ერთხელ დავუბრუნდე და იმდროინდელი ჩემი განცდები და მოგონებები შემოგთავაზო. რაც შეეხება ფეხბურთს, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ“ - მითხრა მამუკამ და რასაკვირველია დავეთანხმე.

ქვემოთ ბატონი მამუკა კვარაცხელიას რამდენიმე მოგონებას შემოგთავაზებთ

გაკვირვებული მაიორი

ბავშვობიდან დანიისა და მისი ფეხბურთის მოყვარული გახლავართ და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მეტი შანსი გამიჩნდა ეს საოცნებო ქვეყანა მენახა. ჩემით დავიწყე დანიური ენის სწავლა, შევაგროვე ფაქტიურად  ყველაფერი რაც ამ ქვეყანასა და მის ფეხბურთს ეხებოდა, მაგრამ აფხაზეთის ომი დაიწყო.

1993 წელს სექტემბერში, მაშინ გაზეთ „სარბიელისა“ და „ახალგაზრდა ივერიელის“ თანამშრომელი,  სოხუმში ჩავედი და გუნდებისა და ფეხბურთელების მოძიებასა და მათზე სტატიების წერას შევუდექი.

სოხუმის „ცხუმის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი, გვარად კოხია, საკუთარ ბიძაშვილს ეძებდა, რომელიც აფხაზებს ტყვედ ყავდათ. გულმა არ მომითმინა და გუმისთის ხიდთან გავყევი. სამი ქართველი მებრძოლი იცავდა გუმისთის ხიდს, მათ შორის ერთ ერთი, ვახო სვანიძე, აფხაზებს დაუკავშირდა და კოხიას ბიძაშვილზე ამბის მოძიებას შეუდგა. გულმა არ მომითმინა და ვახოს ვთხოვე - სთხოვე აფხაზებს, ჟურნალისტია, გადმოვა თქვენს მხარეს და დაგელაპარაკებათ-თქო. კარგიო - აფხაზებმა, გადმოვიდეს, ოღონდაც იარაღი მანდ დატოვეთო.

მოვიკრიბე გამბედაობა და ამოვედი სანგრიდან. ვახო უკან გამომყვა - შეურაცხყოფა არ მოგაყენონო. გადავედი ხიდზე და 7 კბილებამდე შეიარაღებულ აფხაზ მეომართან პირისპირ აღმოვჩნდით! ორი საათი ვესაუბრე, ერთადერთხელ შეიგინეს - შევადნაძის ასე და ისეო... შევარდნაძეზე მეც ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ მაშინ ეს გინება ჩემს თავზე ავიღე და არძინბას არ დავუტოვე შეუგინებელი არავინ!

მეგონა, იარაღს იშიშვლებდნენ, მაგრამ კარგა ხნის პაუზის შემდეგ თქვეს, ვაჟკაცი ყოფილხარო და ერთად ვაგინეთ ომის წამომწყებლებს. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე,  ერთი 17 წლის ბიჭთან, აფხაზების მხარეზე მეომარ გაგრელ სომეხ არტურთან გადავიღე. დავემშვიდობე და წამოვედით მე და ვახო. ხიდი ასე 30 მეტრამდე იქნება, მაგრამ როცა ნელა მოდიხარ და ავტომატების ლულები შენსკენ არიან მოშვერილი - რატომ კილომეტრამდე არ იწელება... შუა ხიდამდე მივედი, ყველაზე კრიტიკული ადგილია, კარგად ჩანხარ და შენს ჩამოღებას არაფერი უნდა. უცებ:

- კი მაგრამ სურათს როგორ გამომიგზავნი? - დამეწია არტურის დაძახილი მეორე ნაპირიდან..

შიში ვიგრძენი, ერთი არასწორი პასუხი და შესაძლოა ვიღაცას სასხლეტისთვის გამოეკრა ხელი. ნაბიჯს ავუჩქარე, ათიოდე მეტრიც და სამშვიდობოს ვარ.... არადა, პასუხის გაცემა მინდა, კბილებით ვიკავებ სიტყვებს. სიჩუმე მარცხვენს... რაც ძალი და ღონე მქონდა დავიღრიალე, ოღონდაც არ გავჩერებულვარ და  თავი მივაბრუნე ოდნავ:

- გაგრაში ალალი ბიძა მყავს და იმას გამოვატან! და სანგარში ჩავხტით.

იქიდან კარგა ხანი პაუზაა. ეტყობა პასუხის გაცემას ფიქრობენ. ცოტა ხნის მერე დამეწია არტურის შეძახილი:

- ა გაგრე დაჟე ი ნე დუმაი!

ხიფათმა გადაიარა, სოხუმისკენ გამოვწიეთ. ჩვენგან მარჯვნივ, კარგა მოშორებით, რაღაცა აფეთქდა. ბიჭები ყურადღებას არ აქცევენ, მეც ვცდილობ შიში ვძლიო და ღიმილით ვუყურებ შავ კვამლს. უცებ დიდი თეთრი ჯიპი გამოჩნდა - გაეროს მანქანაა. ამოვისუნთქე. ვეღარავინ გვესვრის. ჯიპიდან ორი ტანმაღალი ოფიცერი გადმოვიდა. ერთს მარჯვენა მკლავზე შვედეთის დროშა აქვს ამოქარგული, მეორეს - დანიისა. მივუახლოვდი და დანიურად ვეკითხები:

- უკაცრავად ბატონო, თქვენ დანიელი მაიორი სოლბიუ ხომ არ ხართ?

მაიორს ყბა ჩამოუვარდა. წარმოგიდგენიათ, აფრიკაში რომ ჩახვიდეთ, ჰოტენტოტებისა და ბანტუს ტომების ომში და ვიღაცა ბანტუელმა (ან ჰოტენტოტმა) ქართულად რომ გკითხოთ:

- კაცო, შენ გიორგი არ ხარ გაჩეჩილაძე?

საქმე კი იმაში იყო, რომ გაგონილი მქონდა, დანიელები გაეროს მისიაში აქტიურად მონაწილეობენ და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული მაიორო სოლბიუაო...

მას მერე მაიორ სოლბიუ აღარ მინახავს, ის კი გავიგე მის შესახებ, რომ, ისე შეჰყვარებია საქართველო და ქართველები, ცოლად ქართველი გოგონა მოუყვანია და თბილისში დაფუძნებულა.

ვახო სვანიძე კი მოგვიანებით აფხაზებმა, როცა მოღალატურად დაარღვიეს ხელშეკრულება, ტყვედ ჩაიგდეს. სასიკვდილოდ გამზადებული, პაატა ზაქარეიშვილის დიდი მეცადინეობით დაიხსნეს ტყვეობიდან. უბინაო და სხვისი ნათხოვარი ტანსაცმლით, შემთხვევით თბილისში აღმოვაჩინე, ჩემს სახლში წავიყვანე და დარჩენა შევთავაზე. იუარა, მე საქართველოში აღარავის ვჭირდები და რუსეთში უნდა წავიდეო. მისი კვალიც დავკარგე.

პაჭკორიებთან თუ კვარაცხელიებთან?

აფხაზეთის ომამდე და ომის დროსაც ხშირად ჩავდიოდი სოხუმში და თუ საშუალება მომეცემოდა, სხვა ქალაქებშიც შევივლიდი-ხოლმე. ერთხელაც სოხუმში მოვხვდი და თენგიზ პაჭკორია გავიცანი. თენგიზმა, როგორც ნაღდ ქართველს სჩვევია, სახლში მომიპატიჟა. არადა, გულრიფშში მელოდა ჩემი მოგვარე, პოლკოვნიკი შოთა კვარაცხელია, რომელსაც დავპირდი რომ ჩავაკითხავდი. თენგოს ვუთხარი, რომ გულრიფშში ჩავალ, მოვინახულებ მეომრებს და ხვალ გესტუმრები-მეთქი. თენგიზი ადრე გაიქცა სახლში, ოჯახს უთხრა - სტუმარი მეყოლებაო და სამზადისს შეუდგა. დაკლეს ქათმები და გოჭი. მამამისი, ცხონებული ბოჩია პაჭკორია დიდებული ადამიანი იყო, ფეხბურთის ფანატიკოსი და 1964 წელს ტაშკენტში თბილისელებს ჩააკითხა ოქროს მატჩისას და ტრიბუნებიდან ქომაგობდა „დინამოს“. იმდენად კეთილი კაცი იყო, ვიღაც უზბეკი გაუცვნია და როცა ტაშკენტი მიწისძვრამ დაანგრი - იმ უზბეკს ფულს უგზავნიდა ოჯახის სარჩენად!!! აი, ასეთი დიდებული ადამიანი შლიდა სუფრას ჩემს საპატივცემულოდ და გულრიფშში ერთი სული მქონდა, შოთა კვარაცხელიას როდის ვნახავდი და სოხუმისკენ გამოვწევდი პაჭკორიებისას.

პოლკოვნიკის მოსაცდელში ბევრი ხალხი ირეოდა, მოდიოდა და მოდიოდა შეიარაღებული ქართველობა, ჩურჩულით ამბობდნენ - დღეს დესანტი უნდა გადმოსხანო. ბოლოს, ბატონმა შოთამ მოიცალა და ჩამეხუტა, მომიკითხა როგორ ხარო და მითხრა - ჩვენს რაზმში 4 კვარაცხელია მყავს, წამოდი გაგაცნობო!

კვარაცხელიების კვარტეტი მომავალი ბრძოლებისთვის იარაღს ამზადებდა. დავადექით თავზე. გაიხარეს ძალიან და მითხრეს, ერთი ზედმეტი ავტომატი გვაქვს და შენზე უკეთესს ვის ვაჩუქებთო! საღამომ მოაწია და წასვლა დავაპირე სოხუმში. პოლკოვნიკმა სთხოვა კვარაცხელიებს - ეს კაცი მშვიდობიანად გაუშვით აქედანო და ვიღაცას დაურეკა - პირადად ჩაიყვან სოხუმშიო. მივდივართ პლაჟზე და ფეხები უკან მრჩება - როგორია, შენი სისხლი და ხორცი ამაღამ დესანტის გადმოსხმას ელოდება, ავტომატს გჩუქნიან, შენ კი სოხუმში საქეიფოდ მიდიხარ...

ამ დროს ვიღაცა გამოჩნდა და ბიჭებს მეგრულად ჩასჩურჩულა, დესანტი შევნიშნეთ და ამაღამ საბრძოლველად მოემზადეთო.

- აღარ მივდივარ!! ვთქვი გადაჭრით - სადაც თქვენ, იქაც მე - მიმიყვანეთ შოთასთან!

- შევატყვე, გაუხარდათ ბიჭებს და უკან მოვტრიალდით. ის ღამე მე და ბატონმა შოთამ ფაქტიურად ძილღვიძილში გავათიეთ. დიდი არაფერი, პატარა შეტევაც მოიგერია ჩვენმა რაზმმა და მეორე დილას ამაყად თავაწეული დავდიოდი კვარაცხელიებში.

პაჭკორიების ოჯახი კი დიდხანს მელოდა, ბატონი ბოჩია იმაზე ნერვიულობდა - სტუმარს ხომ არაფერი შეემთხვაო. ვეღარ მივედი პაჭკორიებთან, მერე კი რუსეთის არმიის მაიორმა კოვალენკომ თვითმფრინავიდან უზარმაზარი მუხტის იარაღით დაბომბა თენგიზის სახლი, რომელიც ნანგრევებად იქცა. ჭურვს ბატონი ბოჩია შეეწირა, თენგიზი და მისი დედა კი ნანგრევებიდან მეზობლებმა ამოიყვანეს და ძლივს გადაარჩინეს...

შოთა კვარაცხელიამ კი ბოლომდე იომა, ძლივს გადაურჩა ტყვეობას და სიკვდილს, მერე კი როგორც ბევრი პატრიოტი ქართველი, ჯარს მოაცილეს, საქმეები შეუთითხნეს და გასაქცევად გაუხადეს საქმე. ახლა რუსეთში ცხოვრობს ეს ვაჟკაცი მეომარი, დანარჩენი კვარაცხელიებისა კი ვეღარაფერი გავიგე...

სილასის ბიბლია

რუსებმა და აფხაზებმა ომით რომ ვერას გახდნენ და 1993 წლის მარტსა და ივნისში გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს აფხაზეთში, ჭკუა იხმარეს და შევარდნაძე მოატყუეს - შევრიგდეთ და ჯარი დავაშორიშოროთო! ერთი სული ჰქონდათ, ქართული არტილერია როდის მოსცილდებოდა სოხუმის ფრონტს, რადგან ჩვენები ჭურვს ჭურვში აჯენდნენ და ისეთი ზიანი მიაყენეს მტერს, გვამების გატანას ვეღარ აუდიოდნენ.

დაიწყეს ჩვენებმა არტილერიისა და ტანკების გაყვანა, აფხაზებმა კი ტექნიკის სოფლებში დამალვა. ჩვენ ქართული გულარხეინობით სწავლა დავიწყეთ სოხუმში და ეროვნული ჩემპიონატიც განახლდა.

სოხუმის „ცხუმი“ ერთ-ერთ სამხედრო სასტუმროში დაბინავდა და გალის „მზიურს“ ეთამაშა კიდეც გალში. სოხუმელთაგან გოლი მამუკა რუსიამ გაიტანა, რომელიც პარალელურად სოხუმის დამცველთა ბატალიონში იყო. „ცხუმის“ ვიცე-პრეზიდენტმა ნოდარ კაკულიამ გუნდის მწვრთნელ ნიკა ამირეჯიბთან ერთად  მომაწყო სასტუმროში, საიდანაც აფხაზთა სოფლები ხელისგულივით ჩანდა. ყოველი დაძინების წინ ბატონი ნიკა ერთ პატარა წიგნს, პორტუგალიურად დაბეჭდილ ბიბლიას ამოიღებდა, ხელს გადაუსვამდა და საწოლთან დაიდებდა. როცა ვკითხე, მიპასუხა - 1985 წელს ბრაზილიის ნაკრები რომ იყო ჩამოსული, იმათმა ნახევარმცველმა, სილასმა მაჩუქა და თვალისჩინივით ვუფრთხილდებიო.

„დინამოს“ განმეორებითი მატჩი ლინფილდთან ერთად ვნახეთ ჩვენს ოთახში და რაკიღა „დინამომ“ ფრედ 1:1 ითამაშა და მომდევნო ეტაპზე გავიდა, გახარებულებმა თითო ჭიქა შევსვით და მე ეზოში გამოვედი.

არ დამიჯერებთ და მთელი სოხუმი განათებული იყო! აფხაზთა პოზიციებს გადავხედე და ელდა მეცა - ყველა სახლში ბჟუტავდა სინათლე - აფხაზებიც უყურებდნენ „დინამოს“ განმეორებით მატჩს!

განსაკუთრებით დავუმეგობრდი გუნდის ექიმს იურა ხაბურზანიას,  მეორე მწვრთნელ ირაკლი ქოიავასა და გუნდის უფროსს კაკული პაპავას. ხშირად დავდიოდი სოხუმის სტადიონზე, რომელზეც ცნობილი მსახიობი დიმა  ჯაიანი მიტინგებს ატარებდა და შევარდნაძის ხელისუფლებას მიტოვებული სოხუმის უკეთ დაცვას სთხოვდა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი - ვითომდა ჰუმანიტარული მისიით, აფხაზები ტანკებითა და ბეტეერებით რომ მიდიოდნენ ტყვარჩელში. როცა ვიკითხე, მითხრეს - ფქვილი და ბრინჯი ააქვთო! კი მაგრამ ფქვილს და ბრინჯს ჩვეულებრივი მანქანებით ვერ აიტანენ-მეთქი? ვერავინ მიპასუხა. ეს კი მითხრეს, რა ვქნათ, თბილისიდან მოდის ბრძანება გაუშვითო!!!! მახსოვს ერთი მაიორი აქტიურობდა ძალიან, არ ეპუებოდა თბილისიდან ბრძანებაა, არ უშვებდა ტექნიკას, იარაღით ემუქრებოდა მტერს. მურად ანჯაფარიძე იყო...

მეორე დღეს ჩემს ნათესავებთან წავედი აჩადარაში, ბებიაჩემის მხრიდან სამი ძმა - ჟორა, გურამი და გონერი ბერიები არ ტოვებდნენ სახლს, მეტიც ბიცოლაჩემს ძროხაც კი დაჰყავდა საძოვრად გუმისთის ჭალებში ხოხვით, რომელსაც ერთმა ტყვიამ კუდიც კი მოსწყვიტა. გავაფრთხილე ჩემები, აფხაზები შეტევას აპირებენ და ფრთხილად იყავით, იქნება თბილისში ჩემთან წამოხვიდეთ-მეთქი. მახსოვს იგივე ვუთხარი მამუკა რუსიას, რომელმაც მერე მითხრა - სულ შენი სიტყვები მედგა თვალწინ და შესაბამის პოზიციას ვირჩევდი, მტრის ტყვიებს რომ გადავრჩენოდიო...

ხშირად ვხვდებოდი სოხუმის მერსა და „ცხუმის“ პრეზიდენტს გურამ გაბისკირიას, რომელიც სტადიონს აკეთებდა - ბასა ღოღობერიძის სახელი უნდა დავარქვაო. სულ ფეხით დაიარებოდა სოხუმში და მეუბნებოდა - შეხედე, ეს კაცი აფხაზია და რუსები რომ წერენ, განა ვინმე რამეს უშავებსო? იგი თბილისის მერიას სთხოვდა - სწავლა დაიწყო სკოლებსა და სოხუმის უნივერსიტეტში და იქნება დედაქალაქიდან რამდენიმე ძველი ტროლეიბუსი მოგვაშველოთო...

16 სექტემბერს თბილისში წამოვედი და გაბისკირიას დავპირდი - მერიას აუცილებლად მივაწვდი ხმას - ტროლეიბუსების საკითხზე - მეთქი. ბატონმა გურამმა თავის მძღოლს სთხოვა - აეროპორტში გაიყვანეო. სურათი გადავუღე კაბინეტში, ბოლო კადრი აღმოჩნდა და ლენტიც გათავდა(მაშინ ციფრული აპარატები არ იყო).

17 სექტემბერს რუსებმა და აფხაზებმა შეტევა დაიწყეს - ერთ-ერთი პირველი ბომბი ჩემი და ბატონი ნიკას ოთახს მოხვდა, ნიკა ამირეჯიბი ვარჯიშზე იყო გუნდთან და გადარჩა, სილასის ბიბლია კი ოთახში დარჩა და სასიკვდილო დარტყმა მან აიღო თავის თავზე. იურა ხაბურზანია პირველივე ბრძოლაში დაიღუპა - დედის გამოსახსნელად უნდა ჩასულიყო აჩადარაში და სანგრიდან გამოვიდა თუ არა, მტრის ტყვია მოხვდა. მამუკა რუსია ბოლომდე იბრძოდა, სულ რამდენიმე კაცი გადარჩა მისი ბატალიონიდან. ახლა თბილისშია და „გაგრის“ დუბლშემადგენლობას ავარჯიშებს. მურად ანჯაფარიძე ახლა აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩემმა ნათესავებმა დიდი წვალებით სვანეთის გავლით ჩამოაღწიეს თბილისში, ჟორა ბიძიამ კი არ მიატოვა სახლი და სომეხმა მეზობლებმა დახვრიტეს და დაწვეს ეზოში... ირაკლი ქოიავა ქუჩაში დაცხრილეს, კაკული პაპავას კი სახლში შეუვარდნენ, ავტომატი გადაატარეს და მეორე დღეს, როცა ჭრილობებს ვეღარ იხვევდა და სისხლისგან იცლებოდა, მისი გაზრდილი, აფხაზი ფეხბურთელი რაფიელ ამპარი დაადგა თავზე:

- ეს რა მოგსვლია კაკული მასწ, ჩვენი ცოდვა მიეცეს, ვინც ეს ომი დაიწყოო... ჭრილობები შეუხვევია, ზურგზე აუკიდებია ამხელა კაცი, და სამშვიდობოს გაუყვანია...

გურამ გაბისკირია ბოლომდე იბრძოდა ჟიული შარტავასთან ერთად, ტყვედ ჩავარდნის შემდეგ დაქირავებულმა არაკაცმა სოხუმის ცენტრში კონდახი ჩაარტყა სახეში - დაიჩოქეო...

- ნიკაგდა ვ ჟიზნი!! - ბოღმით მიანათა თვალები გაბისკირიამ... ორიოდ საათში დახვრიტეს...

ძალიან განვიცადე სოხუმის დაცემა, როდის-როდის გამახსენდა ჩემი ფოტოაპარატი, გავამჟღავნე ფირი და ელდა მეცა - გურამ გაბისკირია სულ ბოლო, 36-ე კადრზე მოხვდა, ნახევარი სახე თეთრი ჰქონდა, ნახევარი - შავი...





 ახალი ამბები
  • “ხალხური სიმღერა მარადიულია, თუ თაობებს მიჰყვება"ამ წარწერით ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ წარმომადგენლობაში ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფის გახსნა წილად ხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს. 8 აპრილს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს ანზორ ერქომაიშვილის სახელი ... ...
  • პრემიერ-მინისტრს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა. ის ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულის თეატრის 153-ე თეატრალური სეზონის გახსნას დაესწრო. დღესვე ახალგარემონტებული თეატრი ოფიციალურად გაიხსნა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით “მონატრება _ ნუ გააღვიძებ“ დადგა. პრემიერ-მინისტრმა თეატრის შენობა ისე დატოვა, რომ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს““გურია ნიუსის“ კითხვაზე, დაიწყო თუ არა “ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებზე მუშაობა და იქნებიან თუ არა კანდიდატებს შორის, ახალი სახეები, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ასე უპასუხა: “პარტიაში უკვე დავიწყეთ მუშაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის. მიმდინარეობს კონსულტაციები მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. მომდევნო თვეების განმავლობაში ეს პროცესი დასრულდება და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს კანდიდატებს. იქნებიან ახალი სახეები, ასევე, ისინი, რომლებმაც კარგად იმუშავეს. დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი გუნდი კიდევ ერთ დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწევს“, _ გვითხრა ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: “ოპოზიცია უკვე პარლამენტშია“საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დღეს ოზურგეთში ყოფნის დროს მედიის კითხვებს უპასუხა. მან კომენტარი გააკეთა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტთან შესვლასთან დაკავშირებით. “ჩვენმა გუნდმა ერთად ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები დაბრუნებულიყო პარლამენტში. ოპოზიცია არის უკვე პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა არ შემოვა პარლამენტში ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მათი პრობლემა. ეს იყო თეორიული კრიზისი, რომელიც დასრულდა შარლ მიშელის შეთანხმებით და ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ადგილი არის დღეს პარლამენტში“, _ თქვა არჩილ ... ...
  • გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენებენსაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ემიგრაციაში გარდაცვლილ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, საქართველოს ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოში დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტს საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენებენ. 22 მაისიდან სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება, 26 მაისს კი გიორგი კვინიტაძის ნეშტს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ. გიორგი კვინიტაძე 1874 წლის 21 აგვისტოს დაიბადა. მან სამხედრო განათლება თბილისსა და პეტერბურგში მიიღო. საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნამდე, 1917 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად მონაწილეობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში. დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, ხელმეორედ დაინიშნა შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც 1970 წელს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...