პანდემიისას გაღვიძებული სახლებში ჩაბუდებული “ძალადობის ჩრდილოვანი პანდემია“

მთავარი თემა

პანდემიისას გაღვიძებული სახლებში ჩაბუდებული “ძალადობის ჩრდილოვანი პანდემია“

31 მარ. 2021, 17:36:11

როგორ იცვლება ქალების ცხოვრება COVID-19-ის პანდემიის პირობებში საქართველოში? გაეროს ქალთა ორგანიზაცია, კვლევის საფუძველზე მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობა პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა.

COVID-19-მა ქალების ჯანდაცვის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა თუ სოციალური დაცვის მიმართულებებით მძიმე შედეგები გამოიწვია. პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა ის სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური უთანასწორობები, რომლებიც პანდემიის დაწყებამდეც არსებობდა.

პანდემიის პირობებში გამძაფრებული უთანასწორობები კარგად გამოჩნდა კომპლექსურ კვლევაში _საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში წარადგინა.

პანდემიისას, შეზღუდვებისა და იზოლაციის გამო, თითქოს ყველაზე უსაფრთხო ადგილას _ საკუთარ სახლებში გამოკეტილ ოჯახებში, ბევრი ქალი თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. გარდა ფიზიკური საფრთხისა, რასაც, სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრები ყოველი მეშვიდე ქალი განიცდის, მათ ბევრი სხვა პრობლემაც გაუჩნდათ. მაგალითად, საოჯახო საქმიანობების არათანაბარი გადანაწილება. მიუხედავად იმისა, რომ საოჯახო საქმიანობას, ლოქდაუნის გამო, ოჯახის ყველა წევრი უფრო მეტ დროს უთმობდა, ძირითადი ტვირთი მაინც ქალებზე მოდიოდა. გამოკითხული ქალების 2/3 სრულად იყო პასუხისმგებელი საოჯახო საქმიანობებზე. ამგვარმა არათანაბარმა განაწილებამ განაპირობა, რომ ბავშვებიანი ქალების უმრავლესობისთვის დატვირთვა კრიტიკულად გაიზარდა, განსაკუთრებით კი სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმში გადასვლის შემდეგ.

გაცილებით მეტი იყო დატვირთვა იმ ქალებისთვის, რომლებიც პანდემიის პირობებში, სპეციფიკური პროფესიის გამო, ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ. დაბა ლაითურში მცხოვრები ხათუნა კიწმარიშვილი პედაგოგია. ის ამავე დაბის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობს.

ხათუნა კიწმარიშვილი: “მიუხედავად იმისა, რომ მარნეულის და ქობულეთის შემდეგ მოხდა ოზურგეთში დაბა ლაითურის ჩაკეტვა პანდემიის გამო, მაინც ფსიქოლოგიურად მზად არ ვიყავით. ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობიაო, _ ზუსტად ასე დაგვემართა. კონკრეტულ მოცემულობაში სხვა შეგრძნება იყო, ნამდვილად არ ვიყავით ამისთვის მზად და პროფესიულ საქმიანობაში ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი გამოიწვია.

სახლში ჩაკეტვამ თავიდან დიდი პრობლემები შემიქმნა. გამოსავლები შემდეგ კი გამოიძებნა ონლაინ ურთიერთობით, მაგრამ ჯერ ერთი, ცოცხალი ურთიერთობა ჯობს ყველაფერს; მეორეც _ ონლაინ მუშაობას ტექნიკური და გონებრივი რესურსების მობილიზებაც დასჭირდა.

როდესაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, იყვნენ ისეთი ბავშვებიც, რომლის მშობლებს საშუალება არ ქონდათ ინტერნეტ-პაკეტი ეყიდათ. აქედან გამომდინარე, როგორც კი მოვრჩებოდი ონლაინ გაკვეთილებს, შემდეგ ტელეფონით ვუკავშირდებოდი ასეთ მოსწავლეებს და ტელეფონით ვმუშაობდი.

ეს პროცესი ეკონომიკურადაც მძიმე იყო და ძალიან მძიმე ტვირთად დაგვაწვა ყველას. სამედიცინო მომსახურებისთვის ვერ ჩავდიოდით კლინიკებში ანალიზებისთვის და ექიმებთან; მაღაზიებში პროდუქტები ძალიან სწრაფად გაიყიდა. მოკლედ, ჩაკეტვის დღიდან პირველი პერიოდი, ყველასთვის ძალიან მძიმე იყო ნამდვილად“, _ ამბობს ხათუნა კიწმარიშვილი.

კვლევის მიხედვით, უმძიმესი სტატისტიკა იკვეთება: პანდემიის შედეგად, დასაქმებული მოსახლეობის მესამედმა სამსახური დაკარგა. გამოკითხული ქალების 78% შემოსავლების უკიდურეს დეფიციტს უჩივის და მიაჩნია, რომ თუ ვირუსის გავრცელების შემზღუდავი ზომები გაგრძელდება, მათ ძირითადი ხარჯების დაფარვა გაუჭირდებათ.

შემოსავლების შემცირება არაა ქალებისთვის ერთადერთი პრობლემა: სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვამ აუნაზღაურებელი შრომის ტვირთი ქალებისთვის კიდევ უფრო გაზარდა, რადგან მათ ბავშვის მოვლაზე, დალაგებასა და საჭმლის მომზადებაზე ჩვეულებრივზე მეტი დროის დათმობა უწევთ.

ამდენად, “პანდემიის პირობებში მზრუნველობაზე გაზრდილი მოთხოვნა საოჯახო საქმეების განაწილებისას არსებულ გენდერულ უთანასწორობას კიდევ უფრო აღრმავებს და ქალების შემოსავალს ამცირებს მიუხედავად იმისა, რომ მათ მუშაობა კიდევ უფრო დიდხანს უწევთ, _ ნათქვამია კვლევაში.

მარინა სირაძე, რომელიც დაბა ლაითურში ცხოვრობს, იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც შემოსავლების დაკარგვის მიუხედავად, პანდემიური პრობლემები სასარგებლოდ გამოიყენა და ხელები არ ჩამოუშვა.

მარინას საკუთარი პურის საცხობი აქვს დაბა ლაითურში. კორონა ვირუსის გავრცელებამდე თონის პურს ყოველდღიურად აცხობდნენ.

“ვიდრე ჩაიკეტებოდა დაბა ლაითური, აქტიურად ვმუშაობდით და სხვების დახმარებასაც ვახერხებდით _ რამდენიმე ადამიანს პურს უფასოდ ვჩუქნიდით. მაგრამ, როცა ლოქდაუნი გამოცხადდა, სახლში გამოვიკეტეთ. ოჯახის წევრები ვერ ვეგუებოდით ამ სახლში ჩაკეტილობას, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გადავწყვიტე, ამ პანდემიის დროს აქტიურად ჩავრთულიყავი ონლაინ სასწავლო კურსებში.

მიღებული ცოდნის საფუძველზე, ახლა, უკვე ერთი თვეა, ოთხმა ქალმა ჩამოვაყალიბეთ ჩვენი ორგანიზაცია და ვაპირებთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები გავახორციელოთ.

ახლახან განახლდა საბავშვო ბაღებში სააღრმზდელო პროცესი და ლაითურის საბავშვო ბაღშიც ვმუშაობ. ვცდილობ, აქტიური ვიყო და ადამიანებს დავეხმარო. აუცილებლად მინდა ვთქვა, რაც ამ პანდემიამ დამანახა: ყველაზე მთავარია, ადამიანები უფრო მეტად და ხშირად დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით!“ _ ამბობს მარინა სირაძე.

კოვიდპანდემიის პირობებში, სახლში გამოკეტილი ქალების მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის ფაქტებიც გახშირდა; ეს ბუნებრივიც იყო ქვეყანაში, სადაც, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის თანახმად, 7-დან ერთ ქალს მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ძალადობა გამოუცდია. პარალელურად, ჩვენს ქვეყანაში საზოგადოების გულგრილობა ამ პრობლემის მიმართ კვლავაც მაღალია. ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 41% ფიქრობს, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის საქმეა. ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა COVID-19-მდეც წარმოადგენდა ფართოდ გავრცელებულ, მწვავე პრობლემას, რომლის მოგვარებაშიც საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესი იყო, თუმცა ახლა, კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, როგორც არასდროს, ადამიანების დროულ და სწორ რეაგირებას ქალების სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, როცა ძალადობა მეზობლის, მეგობრის, თუ უბრალოდ ნაცნობის სახლის კარს მიღმა ხდება.

ჩვენი რესპონდენტი, ირმა, გვეუბნება, რომ ვირუსული პანდემია არაფერია იმასთან შედარებით, რაც გამოიარა და მოუწოდებს ქალებს, არ იცხოვრონ მოძალადესთან ერთ ჭერქვეშ. ირმა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. მან ბოლო წლებში ორჯერ მიმართა სამართალდამცავებს. მოძალადე მამაკაცმა ახლახან დატოვა ციხის საკანი.

“არასდროზე არ დამიმალავს, როგორ ძალადობდა ყოფილი მეუღლე ჩემზე, არაერთხელ გადავურჩი სიკვდილს... ბოლოს კი ავდექი და წავედი იმ რეგიონიდან, სადაც შვილებთან ერთად ვცხოვრობდი.

ახლა სხვა რეგიონში ვცხოვრობ სამ შვილთან ერთად. კორონავირუსის დროს, როგორც სხვებს, მეც მომიხდა შევგუებოდი პანდემიის პირობებში ცხოვრებას... მთავარია, თავი დავაღწიე მოძალადე მამაკაცს და ახლა ყველაფერს ვაკეთებ, რომ შვილებს არაფერი მოვაკლო _ ვუვლი ვარდებს, ერთ-ერთ საჯარო უწყებაში ვმუშაობ დამლაგებლად და პარალელურად, თუ სხვა სამუშაო გამოჩნდება, უარს არ ვამბობ. ვირუსის პირველი და მეორე ტალღა ჯანმრთელად გადავიტანეთ. შვილებთან ერთად ვადგენ დღის წესრიგს და ვუვლით ერთმანეთს.

არ იყო ადვილი ახალი ცხოვრების დაწყება. როდესაც, ასე თუ ისე, წელში გავიმართე, ამ დროს დაგვატყდა თავს ეს კორონავირუსი, მაგრამ, მე ისეთი დღეები გამოვიარე, ამ ვირუსთან შედარებით, არაფერია!

მთავარია, არ ვიცხოვროთ მოძალადე ადამიანის ტყვეობაში და აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ახალ ფურცლიდან“, _ გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა.

კვლევის “საქართველოში COVID-19-ით გამოწვეული მდგომარეობის სწრაფი გენდერული შეფასება“ წარდგენისას, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ საბედაშვილმა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ჩრდილოვან პანდემიად მოიხსენია.

“გურია ნიუსთან“ საუბარში თამარ საბედაშვილმა თქვა, რომ ამ ჩრდილოვანი პანდემიის, ისევე როგორც კოვიდ-19-ის დამარცხება, მხოლოდ გლობალური კოლექტიური ძალისხმევითაა შესაძლებელი:

„ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ ადამიანის უფლებათა დარღვევად რჩება. კვლევები გვიჩვენებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიამ ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის ოჯახში ძალადობის გამწვავება გამოიწვია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მონაცემებით, ამ პრობლემის მასშტაბი პანდემიის პირობებში 30%-ით გაიზარდა. სწორედ ამიტომ, ხშირად, ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობას კოვიდ-19-ის კრიზისში ჩრდილოვან პანდემიად მოიხსენიებენ და აუცილებელია გლობალური კოლექტიური ძალისხმევა მის შესაჩერებლად. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სისტემა პანდემიაზე პასუხით არის გადატვირთული, მნიშვნელოვანია სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან მიზანმიმართული, მკაფიო გზავნილი და შეხსენება მოსახლეობისთვის, რომ სხვა სერვისები, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები და ცხელი ხაზი ისევ ფუნქციონირებს და ხელისუფლებისთვის, სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ოჯახში ძალადობასთან ბრძოლა პრიორიტეტად რჩება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პანდემიის მიუხედავად, მნიშვნელოვანია ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მისგან დაცვის ზომებისა და სერვისების განგრძობითობა. მეტიც, მნიშვნელოვანია კოვიდ-19-ის კრიზისით გამოწვეული გამოწვევების ინტეგრირება ოჯახში ძალადობის სერვისებსა და პასუხში“.

მაია ბერიძე, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის (ძდექ) გურიის რეგიონალური კომიტეტის თავმჯდომარე გვიყვება, თუ რა შეიძლება იყოს ძალადობის მაპროვოცირებელი ფაქტორები პანდემიის დროს:

„პანდემიამ მსოფლიო, ადამიანების ცხოვრების რიტმი, სტილი შეცვალა; თითოეულ ადამიანს ინდივიდუალურად უხდება საკუთარი ემოციური მდგომარეობის, სტრესის მართვა. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ოჯახები, რომლებიც პანდემიის პერიოდში ერთმანეთს უფრო დაუახლოვდნენ, აღმოაჩინეს, რომ ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან, მაგრამ თანამედროვე ადამიანს თვითრეალიზების მოთხოვნილება აქვს, მისთვის საყვარელი საქმის კეთება უნდა... არადა, პანდემიის პერიოდში, მინიმუმამდე შემცირდა ადამიანთა აქტიურობა (გამონაკლისების გარდა). ასევე, სჭირდება პირადი სივრცე, ზოგჯერ თავთან მარტო დარჩენა, სიტუაციის გაანალიზება; მაგრამ პანდემიით გამოწვეულმა უამრავმა პრობლემამ ადამიანთა დიდი ნაწილის გაღიზიანება, დეპრესია და ხშირ შემთხვევაში, აგრესია გამოიწვია, რამაც ოჯახური ძალადობის შემთხვევების რიცხვი გაზარდა.

როგორც აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა, ადამიანთა დიდმა ნაწილმა დაკარგა სამუშაო, ოჯახს შეუმცირდა შემოსავალი, საჭირო გახდა დამატებითი სესხის აღება, პირადი ქონების გაყიდვა და ა. შ. ეკონომიკური პრობლემები ხშირად მიიჩნევა ძალადობის ერთ-ერთ მიზეზად, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უპირობოდ არ იწვევს აგრესიას და ძალადობას ოჯახში _ მცირეშემოსავლიანი ოჯახებიც ახერხებენ იცხოვრონ მშვიდად.

ძალადობის ფაქტორებად მიიჩნევენ როგორც პიროვნულ თვისებებს _ ბიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს, ასევე გარემო ფაქტორებს, რომელიც ძალადობის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

მოძალადეებად გვევლინებიან ის ადამიანები, რომელთაც ძალადობის გამოცდილება აქვთ ოჯახიდან, განსაკუთრებით ბავშვობაში. შესაძლებელია პანდემია და მისგან გამოწვეული პრობლემები ოჯახური კონფლიქტებისთვის მაპროვოცირებელი გახდა და არა მისი მიზეზი; მიზეზი ბავშვობაში გადატანილი ძალადობაა, ეს კი ძირითადად ოჯახში არსებული ძალადობრივი გარემოს ზემოქმედების შედეგია. ბავშვი, პირდაპირ ან ირიბად ხდება ძალადობის მსხვერპლი, შემდეგში მისგან ყალიბდება ან მოძალადე ან მსხვერპლი. მსხვერპლის როლს ხშირად გოგონები ირგებენ, მოძალადისას _ ვაჟები, რადგან მოზარდის ფსიქიკაში ჩაბეჭდილი გამოცდილება მათ ამ როლის მორგებაში ძალიან „ეხმარება“.

პანდემიამ მხოლოდ გონებაში ჩარჩენილი მოძალადე ან მსხვერპლი გააღვიძა. ძალადობა კი ისეთი ფენომენია, რომელმაც არ იცის არც ეროვნება და არც სოციალური სტატუსი. არ არის გასაკვირი, რომ საოჯახო საქმეების არათანაბარი განაწილება და ქალთა ფიზიკური და ემოციური დატვირთვა პანდემიის პერიოდში უფრო გამოიკვეთა; მამაკაცებმა, რომლებიც დაკავებული იყვნენ სხვადასხვა საქმიანობით, ფუნქცია დაკარგეს პანდემიის პერიოდში, შინაგანი დაძაბულობა კი ოჯახის წევრთა მიმართ აგრესიაში გადაიტანეს.

ყველას კარგად გვახსოვს გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ქალმა იკისრა ოჯახის შენახვა და გადარჩენა, მამაკაცებმა მარტივად გადაიტანეს მეუღლეების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა, სულაც არ თაკილობდნენ მეუღლის ხარჯზე ცხოვრებას; დღეს პირიქით მოხდა _ საზღვარგარეთ წასულები ოჯახებში დაბრუნდნენ, იკლო შემოსავალმა, რამაც დისკომფორტი შეუქმნა ოჯახს ანუ გააღვიძა მოძალადე.

დღეს, როდესაც არსებობს “საქართველოს კანონი ქალთა მიმართ ძალადობის ან/ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა დახმარების შესახებ“ ( 2006 წ), როდესაც მოძალადეს შემაკავებელი ორდერის საფუძველზე ეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება და მთელი რიგი აკრძალვები ხორციელდება მის მიმართ, ქალები მაინც ვერ ახერხებენ თავის დაცვას, ამას უამრავი ფაქტორი განაპირობებს ისეთები, როგორიცაა მსხვერპლის უსუსურობა, დამოუკიდებელი ცხოვრების შიში, დაბალი თვითშეფასება.

 ოჯახში ძალადობა არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს არის პროცესი, რომელიც განმეორებადი ციკლებისგან შედგება, დროში გახანგრძლივებულია და აქვს ზრდის ტენდენცია, მოძალადის პოზიციიდან მისი ქმედება ეფექტურია მსხვერპლთან ურთიერთობის “გასარკვევად“, მსხვერპლი კი ვერ ახერხებს საკუთარი პოზიციის გამოხატვას და თავის დაცვას“, _ ამბობს მაია ბერიძე.

 მაია ბერიძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სამწუხაროდ, კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ძალადობის პრევენციის და არსებული რესურსების შესახებ:

“საქართველოს მოქალაქეებს კვლავ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ ძალადობის პრევენციასა და მასზე რეაგირების არსებულ სერვისებზე და ამას ადასტურებს ზემოაღნიშნული კვლევაც. მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, ხშირად იკვეთება მათი ინტერესი იცოდნენ, როგორ შეიძლება იყვნენ დაცული ძალადობისგან, რა სერვისები არსებობს, მაგრამ ალბათ დარბაზიდან გასვლისთანავე, ივიწყებენ, ვერც კი წარმოუდგენიათ, თუ შეიძლება ცხოვრებაში რაიმე შეცვალონ, გახდნენ აქტიური, დაეუფლონ პროფესიას, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება... ამის უნარი, სამწუხაროდ, ბევრს არა აქვს, ხშირად კითხვის დასმასაც ერიდებიან, ერთმანეთთან საკუთარ პრობლემებზე საუბარს გაურბიან; არადა, ესეც გარკვეული გამოსავლის ძიების გზაა, - ეს არის მათი ბავშვობაში დასწავლილი ქცევა და ამის შეცვლა არ შეუძლიათ.

 ამ ერთი თვის მანძილზე საქართველოში ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, ეს ყველაზე მძიმე შემთხვევები იყო. რომელთა დაფარვაც უკვე აღარ შეიძლებოდა, მკვლელობა, გაუპატიურება, კონფლიქტის დროს ჩვილის სიკვდილი... ეს ქვეყნის ტრაგედიაა, მაგრამ ეს, ალბათ, მცირე ჩამონათვალია _ ამის მიღმა უამრავი ქალი განიცდის ძალადობას და ითმენს იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ არაფერი შეიცვლება, თუ თავად არ მიიღე გადაწყვეტილება“, _ ამბობს მაია ბერიძე.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი ელენე რუსეცკაია იმ სერვისებზე გვესაუბრება, რომლებიც დაეხმარება ქალებს, გადალახონ პანდემიისას გააქტიურებული ჩრდილოვანი პანდემია:

„პანდემიის პირველ ეტაპზე ყველანი მოუმზადებელი და დაბნეულები აღმოვჩნდით. როცა გავიგეთ ინფორმაცია, რომ საფრანგეთში 30%-ით გაიზარდა ოჯახში ქალთა ძალადობის ფაქტები, ცნობიერების ამაღლების კუთხით დავიწყეთ მუშაობა, რადგან ქალები უცებ აღმოჩნდნენ ჩაკეტილ სივრცეში, თავის ოჯახის წევრებთან ერთად. ისინი ვერ გადიოდნენ ვერც სამსახურში და წარმოიდგინეთ ვერც მეზობელთან. გამძაფრდა ურთიერთობები პოტენციურ მოძალადეებთან და გაიზარდა ოჯახში ძალადობის სტატისტიკა, ქალებს დააწვათ ათმაგი საოჯახო შრომა, ბავშვებზე ზრუნვა და ა.შ.

სოფლებში მცხოვრებ უინტერნეტო და უტელეფონო ქალებს ხმის მიწვდენა სჭირდებოდათ. ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ ყოფილიყვნენ, რამდენიმე ორგანიზაციის მხარდაჭერით, პირველ რიგში, მარნეულში და ბოლნისში დავიწყეთ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია, რადგან მათ უფრო ჰქონდათ წვდომა ტელეფონთან და ინტერნეტთან. ეს იყო SOS ღილაკის პროგრამა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს და თუ ამ აპლიკაციას ჩამოტვირთავენ ტელეფონში, ღილაკზე ხელის დაჭერისთანავე ირკვევა ძალადობის მსხვერპლის ადგილი. ეს ნამდვილად მოსახერხებელი საშუალებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით, შესაძლებელი გახდა, რომ სამ ენაზე მომხდარიყო მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა (აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულ ენებზე).

შემდეგ კონფლიქტით დაზარალებულ ადამიანებთან _ შიდა ქართლში და სამეგრელოში, კომპლექსურად დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ ადამიანებთან ვიმუშავეთ, რადგან მათ მძიმედ დაატყდათ თავს ეს პანდემია. უფრო მეტად გაუჭირდათ ფეხმძიმე ქალებს და მცირეწლოვანი შვილების დედებს _ ბევრს ბავშვის საფენების ყიდვის შესაძლებლობაც კი არ ჰქონდათ. ქალებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, სახლში ყოფნისას კი ათასი საზრუნავი და პრობლემა გამოუჩნდათ. ის დახმარებები, რაც სახელმწიფოსგან მიიღეს, არ იყო საკმარისი. ქალების მდგომარეობა გაუარესდა ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, რაც ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ჩვენ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება შევთავაზეთ ქალებს“, _ ამბობს ელენე რუსეცკაია.

საქართველო ცდილობს გამოვიდეს კრიზისიდან და შეუდგეს უფრო მდგრადი და თანასწორი საზოგადოების მშენებლობას. ამ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის ყველა ასპექტის შესწავლა და იმის გაცნობიერება, თუ რა გავლენა მოახდინა ამ გლობალურმა და ეროვნულმა კრიზისმა თანასწორობასა და სოციალურ სამართლიანობაზე“, _ განაცხადა ზემოთ აღნიშნული კვლევის წარდგენისას გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

ინფექციონისტები პანდემიის მესამე ტალღის შესახებ ალაპარაკდნენ, ხოლო ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ის 41%-ი, რომლებსაც მიგვაჩნია, რომ ოჯახში კონფლიქტი ისევ ოჯახის საქმეა და ჩვენ არ გვეხება, ამ ტალღებიდან დამარცხებულები გამოვალთ, თუ არ ვატარებთ პირბადეს, არ დავიცავთ სოციალურ დინსტანციას, არ ავიცრებით; და ასევე, თუ არ შევებრძოლებით ჩვენს ერთი შეხედვით ვითომ მყუდრო სახლებში ჩაბუდებულ უთანასწორობის და ძალადობის ჩრდილოვან პანდემიას.





 ახალი ამბები
  • ქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი სკოლის მოსწავლე ემსხვერპლაქედაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი გოგონას, ხატია ბერიძის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი გოგონა ხაჯალიის საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. "სიკვდილი როგორ ვერ შეაჩერე, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო და ჩემო გულისხმიერო გოგო. ტრაგიკულად დაიღუპა ჩემი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ხატია ბერიძე", _ წერს ფეისბუქზე სკოლის დირექტორი ხათუნა აფხაზავა. "გურია ნიუსი" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, სკოლას, მეგობრებს, ყველა ... ...
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...