"კაპიტალურად გაკეთებული გზა სიცოცხლისთვის საშიში გახდა"

საზოგადოება

"კაპიტალურად გაკეთებული გზა სიცოცხლისთვის საშიში გახდა"

29 აპრ. 2021, 10:26:56

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი მელექედური, ქალაქიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და იქ ხუთასამდე კომლი ცხოვრობს.

როგორც დანარჩენ სოფლებში, მელექედურშიც არსებობს პრობლემები _ მოსახლეობის წარმომადგენლები, ძირითადად, სხვადასხვა ეკონომიკურ გასაჭირზე, უმუშევრობაზე, სოფელში სასმელი წყლის არტქონის პრობლემაზე საუბრობენ.

_ დიდხანს არ გვქონდა ბუნებრივი აირი, აქციებიც ეწყობოდა და როგორც იქნა, დასრულდა გაზიფიკაცია _ ყველაზე ძალიან ეს გვიხარია. წყალი ეზოებში გვაქვს, ძირითადად, ჭის წყლით ვსარგებლობთ. ხშირად მიგვაქვს შესამოწმებლად _ დღეს ყველაფერი საშიშია.

უმუშევრობამ გაწყვიტა ხალხი წელში. კომუნისტების დროს, 200 ჰექტარი ჩაი ჰქონდა მელექედურს. ვის უჭირდა? არსებობდა წყალგაყვანილობის სისტემა. სათავე ნაგებობა ნასაკირალში იყო და წყლის უკმარისობა კი არა, ტყუილად მიჩხრიალებდა, _ გვეუბნება მელექედურის სოფლის ცენტრში, ე. წ. "ბირჟაზე" მყოფი ადგილობრივი მკვიდრი, ლადო ხინთიბიძე.

_ თუ მიჩხრიალებდა, იმიტომ წავიდა საქმე "კარგად". მასე იფანტებოდა ყველაფერი, _ ნახევრად ხუმრობით შეეპასუხა მას თანასოფლელი, რომელმაც თავი "ბირჟის მოამბედ" გაგვაცნო და ვინაობა არ გაგვიმხილა:

_ რად გინდა ვინაობა?! ამ პანდემიამ ისე დაგვაშორა ხალხი ერთმანეთს, აღარაა საჭირო გვარი და სახელი. აიფარე პირბადე და დეიხურე ქუდი. მთავარია, თვალები გიჩანდეს, რომ ფეხი არ წამოკრა რამეს, _ გააგრძელა მან ხუმრობა.

ლადო ხინთიბიძემ აქცენტი სოფლის ცენტრში უფუნქციოდ დარჩენილ ძველ შენობებზე გააკეთა.

_ აქ სიცოცხლე დუღდა და ახლა რომ შეხედავ, შეგეშინდება _ ყრუ კედლები სამარეს მაგონებს, _ თქვა მან.

ადგილობრივთა საგაზაფხულო საზრუნავი, როგორც თავად გვეუბნებიან, საყანე ფართობების დახვნა და დათესვაა, რომელიც მელექედურის საზღვრებში არ არის. როგორც გვეუბნებიან, საყანე ფართობები ნასაკირალში აქვთ და ეჭვობენ, პანდემიის პირობებში, მოახერხონ დამუშავება.

_ რაღაც უნდა ვიღონოთ, თუმცა, ბევრი ვერ შეძლებს დათესვას. უჭირს ხალხს, ძალიან უჭირს. თურქეთში დადიოდნენ სამუშაოდ. ახლა არ უშვებენ და უარესი მდგომარეობაა. თუ მთავრობა დაეხმარება ხალხს და რაიმე პროგრამა იმუშავებს, შეიძლება, მოახერხონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეჭვობ, მეოთხედმა მაინც შეძლოს ყანების დათესვა, _ გააგრძელა საუბარი ბატონმა ლადომ.

მელექედურის მკვიდრი, ციალა მხეცაძე საკუთარ არა ერთ გასაჭირზე გვიამბობს. თუმცა, ყველაზე ძალიან წუხს სახლის სიახლოვეს არსებულ დატბორილ ფართობზე. წყალი, რომელიც ადრე არსებული წისქვილის ასამოძრავებლად იყო გამოყვანილი, ახლა მის სახლს და კარმიდამოს დატბორვის საფრთხეს უქმნის:

_ ადრე, კომუნისტების დროს, იქეთ წისქვილი იყო. მერეც მუშაობდა. ერთ დღესაც დაიშალა თუ დაშალეს. ამ წყალმა ხან იქით იდინა, ხან _ აქეთ, მერე დაგუბდა. დვაბზუდან მომდინარე ღელეა. წვიმების დროს იმხელა ხდება, სულ საფრთხის წინაშე ვართ. სახლთან, მოპირდაპირე მხარეს, ასიოდე მეტრის მანძილზეა. როგორმე, ეს თუ არ მოწესრიგდა და არხი არ გაიჭრა, ცუდად წავა ჩვენი საქმე, _ გვითხრა მან.

_ გასაჭირზე გადამეტებული ლაპარაკი არ მიყვარს. ცოცხალ კაცს ხან უჭირს, ხან _ ულხინს. ძალიან გაგვიხარდა, რომ გაზის გამოყვანა დასრულდა. ცენტრალური გზა გაკეთებულია, თუმცა, სოფელია ისეთი განლაგების, ბევრი შიდა უბანია და ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასაკეთებელი. ზოგან სულ ვერ ახვალ კარგ ამინდშიც, ისეთი დაზიანებული აღმართებია. უწყლობის პრობლემაც იმ მხრივ არის, რომ აღარ გვაქვს ცენტრალური სისტემა, სადაც წყალი სათავე ნაგებობიდან მოედინებოდა. თუმცა, გვპირდებიან და ვფიქრობ, გაკეთდება, _ გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნაზი ლომინაძემ.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მელექედურში მცხოვრები ახალგაზრდები, ახალგაზრდულ პრობლემებსა თუ პროგრამებზე მეტად, სოფელში გზის მოწესრიგებას და ადგილზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას მიიჩნევენ უპირველეს საქმედ.

როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, სოფელში, ცენტრალური გზის მონაკვეთებზე, ძალიან ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

_ კაპიტალურად გაკეთებული გზა, სიცოცხლისთვის საშიში გახდა. ჩვენ ისეთ პრობლემებზე შეგვიძლია საუბარი, როგორიც ჩვენი ასაკის ადამიანებს აწუხებთ. თუმცა, ახლა სხვა პრობლემის შესახებ გეტყვით. დიდი ხანი არ რის, რაც მელექედურში (რა თქმა უნდა ცენტრალურ ადგილზე, თორემ უბნებში უამრავი გზაა გასაკეთებელი) კაპიტალური გზა გაკეთდა. საქმე იმაშია, რომ გზას, სოფლის რელიეფის გამო, ბევრგან აქვს აღმართ-დაღმართი და მიხვეულ-მოხვეული მონაკვეთები. ისე დაქრიან მანქანები, არავინ ერთმანეთს არ ერიდება. ძალიან ბევრჯერ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. კიდევ კარგი, მსხვერპლი არც ერთს არ მოყოლია. ამას წინათ, მაღალი სიჩქარით მომავალი კი არა, "მომფრინავი მანქანა", ადგილობრივ მკვიდრს, გია ჩიგოგიძეს დაეჯახა. დაჩეჩქვილი იყო საწყალი კაცი. საავადმყოფოში გადაიყვანეს და ძლივს გადარჩა. ბევრნაირი მოტეხილობა ჰქონდა, _ გვითხრა მარიამ დოლიძემ.

უფრო უარეს ფაქტზე გვესაუბრა მერვეკლასელი იური ორმოცაძე:

_ მარტო ჩემს სახლთან სამჯერ მოხდა ავარია. ისეთი მოსახვევია, სარკე თუ არ დაიდგა ან რაღაც გამოსავალი არ მოიძებნა, ტრაგედია დატრიალდება _ ამ მოასფალტებულ გზაზე უაზროდ დაქრიან, ერთმანეთს ვერ ხედავენ საპირისპირო მხარეს მოძრავი მანქანები. უნდა გატარდეს ამ საფრთხის თავიდან ასაშორებელი ღონისძიება.

_ ხელოვნური იქნება თუ სხვა რამ, რაც სიჩქარის შემზღუდველ ბარიერად დაფიქსირდება, ჩვენთვის სულერთია. ახალგაზრდებს სიცოცხლე გვინდა. მხოლოდ სკოლასთან არის ერთი ბარიერი და ერთიც _ მაღაზიასთან. პასუხისმგებლობა ისეც უნდა გააჩნდეს ადამიანს, მძღოლს, რომ სოფლის გზაზე ასე არ იაროს. დადიან ბავშვები, მოხუცები, ახალგაზრდები... ყველამ, ფეხით თუ მანქანით მოსიარულემ მშვიდად, ნელა უნდა იმოძრაოს, _ კვლავ აგრძელებს ჩვენთან საუბარს მარიამ დოლიძე და ამ პრობლემას დაუყოვნებლივ მოსაგვარებლად მიიჩნევს.

"გურია ნიუსი" ესაუბრა ლევან კილაძეს, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია მელექედურიდან და სოფლის პრობლემების ირგვლივაც საქმის კურსშია. მან დაგვიდასტურა, რომ სოფელში უწყლობა პრობლემას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ორ უბანში, სადაც მალე დაიწყება ჭაბურღილების დადგმა.

_ განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში აწუხებს მოსახლეობას უწყლობა. მდინარის სანაპიროსთან ახლოს მდებარე ოჯახებშიც კი, სადაც ჭები აქვთ, მაინც წყლის სიმცირეა. რაც შეეხება ქალბატონ ნანული მხეცაძის საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მდებარე დატბორილ ფართობს, ესეც სინამდვილეს შეეფერება. თუმცა, ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ უკვე მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება. მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, მალე გამოიყოფა ტრაქტორი და შესაბამისი ბრიგადა, რომელიც ამ სამუშაოს შეასრულებს და გაიჭრება კალაპოტი ისე, რომ წყალი გაატაროს და ოჯახს საფრთხე არ შეექმნას.

რაც შეეხება ახალგაზრდების მოთხოვნას, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხელოვნური ბარიერების მოწყობის თაობაზე, კილაძე ამბობს, რომ გზაზე მოძრაობის უსაფრთხოება თითოეული მძღოლის პროფესიონალიზმსა და თვითშეგნებაზეა დამოკიდებული.

_ ზოგადად, სამანქანე, კაპიტალურად გამართულ გზაზე მოძრაობა დამოკიდებულია მძღოლის პროფესიონალიზმზე, თითოეული მოქალაქის თვითშეგნებაზე. ფიზიკურად არ მოხერხდება და არც რომელიმე საგზაო წესი თუ კანონი ითვალისწინებს იმას, რომ სოფლის გზებზე, მოსახვევებში დაიდგას სარკეები ან დამცავი ჯებირები. სადაც საჭიროა, იქ არის გაკეთებული. მთავარი ისაა, ერთმანეთს მოერიდონ, როგორც ფეხით, ისე მანქანით მოსიარულეები და ჰქონდეთ მაღალი თვითშეგნება. მართლაც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, სამწუხარო ფაქტებსაც ჰქონდა ადგილი, სამწუხაროდ. თუმცა, ვიმეორებ, აქ მთავარია თვითშეგნება. ისე კი, ჩვენ მზად ვართ, ახალგაზრდებთან როგორც ამ, ისე სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, პრობლემებზე სასაუბროდ, _ გვითხრა ლევან კილაძემ.





 ახალი ამბები
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...