კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი ამბობს, რომ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს შეჩერებული სტატუსი აღუდგინა და “სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა”.
„თეატრალური უნივერსიტეტის რექტორმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, აღუდგინა შეჩერებული სტატუსი სტუდენტებს და მისცა უკანასკნელი გაფრთხილება, რითაც ამოწურა ეს საკითხი, დახურა ყოველგვარი სივრცე პოლემიკისთვის. მისცა შესაძლებლობა თავის სტუდენტებს, ურთიერთობა სტუდენტებსა და რექტორს შორის დაუბრუნდეს აკადემიურ სივრცეს. შესაბამისად, საკითხი ამოწურულია. სტუდენტებს შეუძლიათ, განაგრძონ სწავლა, მივიდნენ თეატრალურ უნივერსიტეტში და ვისაც ამის სურვილი ჰქონდა რეალურად, ვისი მიზანიც ნამდვილად ეს იყო, განაგრძოს თავისი საქმის კეთება….
შესაბამისად, საკითხი ამოწურულია, სატელევიზიო დებატების სივრცე და ადგილი აღარ დარჩა” _ თქვა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, 10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა.
გუშინ, 12 მარტს, საზოგადოებრივ მაუწყებელზე თეატრალურის რექტორის სტუმრობის პარალელურად, შენობასთან სტუდენტებმა აქცია გამართეს და პირდაპირი ეთერი მოითხოვეს. მოგვიანებით, მაუწყებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც იქიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა თქვეს, ტელევიზია პირდაპირ ეთერს დათანხმდა და ის პარასკევს, 22:00 საათზე ჩაინიშნა. მასში მონაწილეობა რექტორს, გიორგი შალუტაშვილსა და სტუდენტებს უნდა მიეღოთ. დავითულიანის ამ განცხადების შემდეგ, ეთერი ამ თემაზე, სავარაუდოდ აღარ შედგება.