“დიდთოვლობის შედეგად დაზიანებულ სახლებს სახელმწიფო აღადგენს, ხოლო მოქალაქეებს, რომელთა სახლებიც შეკეთებას არ ექვემდებარება _ ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფს“, _ პირობას იძლება მთავრობა, რომლის ინფორმაციითაც, დაზიანებული სახურავების შეკეთება და მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება და მოკლე ვადებში გახორციელდება.
ირკვევა, რომ გასულ კვირას ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა.
მერიის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სარიშვილმა წარმომადგენლებისგან დიდთოვლობის გამოს სოფლებში შექმნილი საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.
_ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოსახლეობის საჭიროებების დროულად აღმოსაფხვრელად. ყველა სოფელში შესაბამისი კომისია იმუშავებს, რათა დროულად მოხდეს ზარალის დათვლა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, _ აღნიშნა ლანჩხუთის მერმა.
შეხვედრაზე ითქვა, რომ ყველა სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია და რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც ამის საჭიროება ჰქონდა, მედიკამენტები და სურსათი გაეგზავნა.
მთავრობისვე ინფორმაციით, დიდთოვლობით მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის შესასწავლად სპეციალური კომისიაა შექმნილი.
“კომისია დეტალურად შეისწავლის დიდთოვლობით გამოწვეულ ზარალს, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, _ გვპირდებიან მთავრობაში.
მოსახლეობა იმედოვნებს, რომ მთავრობა პირობას შეასრულებს და მათ საჭიროებისამებრ დაეხმარება.
ეკა ჯანაშია: “ძალიან დიდი მადლობელი დავრჩებით მოსახლეობა და ახლა მაინც თუ განიხილავენ ჩვენს სახლსაც ძალიან კარგი იქნება. დანგრევით არ დანგრეულა, მაგრამ დეფორმაცია მიიღო, კატასტროფულად შეირყა სახლი. მთელ ლანჩხუთის გამგეობას ვთხოვ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ნახონ.
არჩევნები რომ მოდის და ხმების გულისთვის მოდიან, ახლა მაინც მოვიდნენ, გაიგონ, რა უნდა ხალხს. მე, კერძოდ, ჩოჩხათში ვცხოვრობდი“.
შორენა კოჭლამაზიშვილი: “იმედია, სიმართლეა, წვიმის დროს სტიქია რომ იყო გურიაში, ვერ მოვხვდი სიაში და იმედია, ახლა მაინც მოვხვდები სიაში“.
მედეა კარგიევა: “აუცილებლად გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ მეწყერსაშიში სოფლები, არ უნდა განმეორდეს რაჭის ტრაგედია“.
ავტორი