რატი კობახიძე,”Erasmus Mundus”-ის პროგრამის სტიპენდიანტი:
_ ევროკავშირმა საქართველოს მოუტანა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ _ იმედი, მომავლის იმედი, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა რამდენიმე ათეული წლის წინ იყო ფაქტობრივად ჩაფლავებული სახელმწიფო. სწორედ მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო ევროკავშირთან და დასავლეთთან დაახლოება, საქართველოში გაჩნდა იმედი, იმედი იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს ბედნიერი და კარგი მომავალი.
და მართლაც, რაც დღეს გვჭირდება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ეს არის ის რუკა, ის გზა, რაც ევროკავშირმა დაგვისახა 9 რეკომენდაციის სახით. ეს არის არა მხოლოდ გზა იმისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, არამედ, გზა იმისა, რომ გავხდეთ ნორმალური ქვეყანა, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ბედნიერად, ლაღად და თავისუფლად! და ეს არის ფუნდამენტური სიკეთე, რასაც მოაქვს ევროაკვშირში საქართველოს გაწევრიანებას.
მეორე მხრივ, ეს ყველაფერი, ჯერ _ პროცესი, შემდეგ _ წევრობა, პირველ რიგში, აისახება მოქალაქეებზე და ეს არის ყველაზე მნიშვენელოვანი. მაგალითად, მეც ვარ “Erasmus Mundus”-ის პროგრამის სტიპენდიანტი და ჩემი ოჯახი ვერასდროს ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად ევროკავშირის დახმარების გარეშე, რომ მე მიმეღო განათლება ევროპაში, მესწავლა საკმაოდ კარგ უნივერსიტეტებში ევროკავშირში და ევროპის ტერიტორიაზე. ეს არის ფუნდამენტური სიკეთე, კონკრეტული სიკეთე, რასაც საქართველოს მოქალაქეები იღებენ ყოველდღიურად.
ამის გარდა, არის კიდევ სხვა, ძალიან ბევრი რამ: ის, რომ შეგვიძლია ვიაროთ უვიზოდ ევროკავშირის და შენგენის ტერიტორიაზე; ის, რომ ევროკავშირი ხარჯავს მილიონობით, ასობით მილიონ ევროს საქართველოში განვითარების პროგრამებზე. მაგალითად ის, რომ ევროკავშირი ეხმარება უამრავ მცირე ბიზნესს დაწყებაში და განვითარებაში, ეს არის სიკეთე, რომელიც თავისთავად საქართველოში არ გაჩენილა. ეს ყველაფერი არის სიკეთე, რომელიც მოიტანა სწორედ ევროკავშირშთან დაახლოების, ინტეგრაციის პროცესმა და ეს სიკეთეები გაათმაგდება, გაასმაგდება საქართველოს მოქალაქეებისთვის მას შემდეგ, რაც ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.
გარდა ამისა, ევროკავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებმა და ჩვენმა სახელმწიფომ იმ რთულ საერთაშორისო პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, თავი ვიგრძნოთ გაცილებით უფრო უსაფრთხოდ, ვიდრე დღეს შეგვიძლია რომ ვიყოთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროკავშირს აქვს თავისი უსაფრთხოების გარანტია, რომელიც ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, განახორციელონ მათი დახმარება, იმ კუთხით და იმ ზომით, რა დონეზეც შეუძლია ამ წევრ სახელმწიფოსб რომ ეს დახმარება გაწიოს. ეს არის მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია, რომელსაც ასევე მიიღებს საქართველო მას შემდეგ, როცა გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
“გურია ნიუსმა” მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID).
“გურია ნიუსი” ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას.
“გურია ნიუსის” მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.