“ქართულმა ოცნებამ” დაუხურა კარი ევროპას“, _ ამის შესახებ ,,ამერიკის ხმასთან“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მედიაციის შედეგების შეფასებისას, ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის ბლოკის წევრმა ლიეტუვიდან, ამ ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა რასა იუკნევიჩიენმა განაცხადა.
იუკნევიჩიენის შეფასებით, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლობაში მთავრობას უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება.
,,ნამდვილად ველოდი, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული პოლიტიკური ელიტა გამოიყენებდა ამ შანსს, როცა ძალიან მაღალი დონის ევროპელი ლიდერების ჩართულობით, ამგვარი მოლაპარაკებები დაიწყო. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მედიაციის პროცესი ევროპის მხრიდან, რაც პირველ რიგში, იმას ნიშნავს, რომ საქართველო მარტო არ არის. ის ბევრს ნიშნავს ევროპისთვის, ევროკავშირისთვის და ჩემთვის. მას ევროპის კონტინენტზე მნიშვნელოვან ქვეყნად განვიხილავთ. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დღემდე მოვიაზრებდით, როგორც ლიდერს რეგიონში დემოკრატიული რეფორმების და ევროპასთან პარტნიორობის კუთხით. მაგრამ, ხუთშაბათის შემდეგ, მე იმედგაცრუებული დავრჩი. მაქვს ბევრი წუხილი და შეშფოთების მიზეზი საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. არ ვიცი, რა მოხდება ახლა, მაგრამ, მსგავს შემთხვევებში, მოლაპარაკების პროცესის შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას, მთავრობას ეკისრება, რამეთუ მას გააჩნია ყველა რესურსი, ის აკონტროლებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გავლენა აქვს პრეზიდენტის ინსტიტუტზე. ვიტყოდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის გუნდს, ამ მოლაპარაკებების წარუმატებლობაში უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. ხელი, რომელიც ევროპამ საქართველოს გაუწოდა, ქვეყანამ არ მიიღო“, _ განაცხადა რასა იუკნევიჩიენმა.
ჟურნალისტის კითხვაზე: რას მოიმოქმედებს ევროპა ახლა და რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი ჩიხიდან? _ განაცხადა, რომ ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები.
მისივე თქმით, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა.
,,ჩვენ, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, სამომავლოდ [საქართველოს დასახმარებლად], მაგრამ, ვერ ვიქნებით უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თვითონ ქართველები. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ სიტუაციაში ბედნიერი და გამარჯვებულია, რუსეთის ფედერაციაა. ეჭვი ყოველთვის მქონდა და ახლაც მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც კულისებში იყო და არ ჩანდა მოლაპარაკების მაგიდასთან, ევროატლანტიკური ინტეგრაცია არაფერს ნიშნავს. მე ძალიან გულწრფელად გეტყვით ამას. ხუთშაბათის შემდეგ, ჩემი ეჭვები უფრო გამყარდა. ჩემს კოლეგებთან, ან მეგობრებთან „ქართულ ოცნებაში“ და ოპოზიციაში ხშირად მიკითხავს ამაზე. ევროპარლამენტში არ გვაინტერესებს რომელი პარტიაა მთავრობაში და ვის მიჰყავს ქვეყანა ევროპული გეზით, მაგრამ, მე არასდროს მინახავს ბიძინა ივანიშვილი არც ბრიუსელში ან ვაშინგტონში, რომ ის შეხვედროდეს იქ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს; არასდროს მინახავს მისი ინიციატივა ან მოწოდება ოპოზიციისადმი, რაიმე შეთანხმების მისაღწევად; არასდროს მინახავს მისი ხელმოწერა იმ დოკუმენტზე, რომელიც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ითვალისწინებს. ეს ადრეც მითქვამს, წლების წინ. შესაძლოა, იგივე მოსაზრება გააჩნდეთ ვაშინგტონში. ჩვენ არასდროს გვინახავს ყოფილი ლიდერების ხელმოწერა, ან მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა სადმე. დღეს კი მგონია, რომ ქართველების დიდი ნაწილი ამ ყოფილი ლიდერების პირადი შეხლა-შემოხლის და დაპირისპირების მძევალია. არც ერთი აღნიშნული ლიდერი აღარ არის ავანსცენაზე, თუმცა, ვფიქრობ, მათი პირადი დაპირისპირება ორივე მათგანისთვის უფრო მთავარია, ვიდრე ქართველი ხალხის მომავალი“, _ ამბობს რასა იუკნევიჩიენმა.