საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გადასახადის გადამხდელები ერთჯერადად გათავისუფლდებიან ჯარიმა-საურავებისგან.
მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე აღიარებული თუ არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა-საურავები.
ხუციშვილის თანახმად, ეს გადაწყვეტილება უკავშირდება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სირთულეების დაძლევას.
ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელმა ხვალიდან, 18 მაისიდან, 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს პირობები.
ლაშა ხუციშვილის განმარტებით, დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში, შეთანხმების გაფორმება შეუძლიათ გადასახადის იმ გადამხდელებსაც, რომელთა მიმდინარე დავალიანება შედგება მხოლოდ ჯარიმა-საურავებისგან. როგორც ფინანსთა მინისტრმა თქვა, განცხადებები ფაქტობრივად, ავტომატურ რეჟიმში დაკმაყოფილდება, რაც უზრუნველყოფს, რომ პროცესი იყოს სწრაფი და მარტივი.