მეცნიერებათა დოქტორი, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე არსენ კეჭაყმაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
არსენ კეჭაყმაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზვიად კვაჭანტირაძე ავრცელებს.
“არსენ კეჭაყმაძე აღარ გვყავს…. გამორჩეულად მაგარი კაცი. მეცნიერებათა დოქტორი. წლების განმავლობაში, საბჭოთა პერიოდში არსებული ანასეულის საკავშირო ჩაის მრეწველობის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი…
ყველა მისი ტიტული და რეგალია, რაც გრძელი და საინტერესო ცხოვრების გზაზე მიუღია დაუღალავი შრომის საფასურად ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩვენს ხსოვნაში ბატონი არსენი, უპირველესად დარჩება, როგორც ოზურგეთის ერთერთი ყველაზე ელვარე კოლორიტი და უსაყვარლესი, უნიჭიერესი კაცი, ჩვენი საყვარელი ოზურგეთის დიდი მოამაგე, საუცხოო იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანი.
ძალიან მიყვარდა ბატონი არსენი და არა მხოლოდ, როგორც ჩემი მეგობრის მამა. მასთან ურთიერთობა მქონდა დამოუკიდებლადაც და ყოველთვის მიხაროდა ჩვენი შეხვედრა“, _ წერს ფეისბუქზე ზვიად კვაჭანტირაძე.