დღეს მორიგ სახალისო მოგონებებს წარმოგიდგენთ. ჩვენი სტუმრები ქართველი სამართალდამცველები იქნებიან, რომლებიც რამდენიმე საინტერესო შემთხვევას გაიხსენებენ.
თავდაპირველად სიტყვას ბატონ გივი ბექაურს გადავცემ.
„1974 წელს კუდზე დავასხედით სმედაქვეითებულთა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც სავალუტო ოპერაციებით იყო დაკავებული. მათზე ოცდაოთხსაათიანი თვალთვალი დავაწესეთ და სმენადაქვეითებულთა სკოლიდან ორი პედაგოგი ავიყვანეთ, რომლებიც ბოროტმოქმედთა ჟესტების ენას გვიშიფრავდნენ. პარალელურად კი მთელ ამ პროცესს ფარულად ვიღებდით კინოფირზე. სამსახურში რომ ვბრუნდებოდით, მეორე პედაგოგს გზაში დაწვრილებით გავაშიფრინეთ კინოფირი და ტექსტი ქაღალდზე გადავიტანეთ.
ერთ საღამოს, როდესაც რესტორან „არაგვში“ სმედაქვეითებულების ბანდის თავკაცი ერთ უცხოელ „პაძელნიკს” შეხვდა, ჩვენთან მყოფმა მთარგმნელმა გვითხრა:
– ხვალ, საღამოს 8 საათზე, ყრუ-მუნჯს ფულსა და ალმასებს მოუტანენ, რომელსაც უცხოელი წაიღებს, შემდეგ კი დიპლომატიური ბარგით აფრიკაში გაიტანენო.
ჩვენი მეგზური პედაგოგი სახლში გავუშვით დასასვენებლად და სამსახურში დავბრუნდით; იქ კი მეორე თარჯიმანი დაგვხვდა, რომელსაც ფირი ჩავაბარეთ გასაშიფრავად. იმ ღამეს მე ვიყავი მორიგე და სრული თარგმანის ტექსტი ღამის 2 საათზე მომიტანეს. წავიკითხე და გავოცდი: ფურცელზე გარკვევით ეწერა, რომ ალმასებისა და 300 ათასი დოლარის გადაცემა საღამოს 9 საათზე უნდა მომხდარიყო, ანუ მაშინ, როდესაც ჩვენ თვალთვალი მოვხსენით… ტვინში დამცხა. სასწრაფოდ შევკრიბე ოპერატიული ჯგუფი და მათი სახლისკენ გავემართეთ, სადაც გათიშული ბინის პატრონი და უგონოდ მყოფი მისი აფრიკელი კოლეგა დაგვხვდა. ნათელი იყო, რომ მათმა პედაგოგმა გაგვაცურა – სათავისოდ გამოიყენა ეს სიტუაცია და 300 ათასი დოლარი და მსხვილკარატიანი ალმასები გაიტაცა… თუმცა, შორს ვერ წავიდა და სამი დღის შემდეგ მაღაზია „ბერიოზკაში“ ავიყვანეთ, როდესაც ის გატაცებული დოლარებით საექსპორტო რუსულ არაყს ყიდულობდა“.
ბატონი გივის შემდეგ „მილიციონერულ“ ესტაფეტას ბატონი დიმიტრი პაპავა მიიღებს.
„გასული საუკუნის სამოციან წლებში დიღმის მასივში უბნის ინსპექტორად ვმუშაობდი. ერთ-ერთი სახლის მესამე სართულზე ბაირამოვები ცხოვრობდნენ. მარატ ბაირამოვი აზერბაიჯანელი იყო და ცოლად სომეხი ქალი ჰყავდა. მარატი მშვიდი და მშრომელი კაცი იყო, მაგრამ, როგორც კი მასთან სტუმრად ერევნიდან სიდედრი ჩამოვიდოდა, რადიკალურად იცვლებოდა და ოჯახი ირეოდა. ამის გამო, ბაირამოვების მეზობლები მილიციაში რეკვას იწყებდნენ და მათი ოჯახიდან გამომავალი ხმაურის აღკვეთას ითხოვდნენ. ამიტომ ჩვენ მათი ოჯახის ხშირი სტუმრები ვიყავით და მარატის სიდედრს – კარინას, კარგად ვიცნობდით.
ერთ თოვლიან ზამთარს ბაირამოვების მეზობლებმა ისევ დაგვირეკეს და, რომ მივედი, დავინახე, რომ მთელი სადარბაზო ბაირამოვების კართანაა შეკრებილი. შიგნიდან კი კარინას განწირული ყვირილი ისმის – მარატ, არ მომკლაო. დრო არ ითმენდა. ხის კარი შევამტვრიე და იმ დროს შევვარდი ბინაში, როდესაც მარატმა ხელში აყვანილი კარინა მესამე სართულის ფანჯრიდან ეზოში მოისროლა… ასანთის ღერივით გამხდარი ქალი სულ ფარფატით დაეშვა ძირს და თოვლის გროვაში ჩაერჭო…
– ახლა კი დიდი ხნით ჩაგსვამენ ციხეში, მარატ, ეს არ უნდა გექნა. მკვლელობისთვის არავინ გაგამართლებს, – სინანულით ვუთხარი მარატს, მან კი შვებით მომიგო:
– ჩამსვან, უფროსო. წმიდათაწმიდა საქმისთვის ციხესაც ავიტან.
უცებ თოვლის გროვა შეინძრა, იქიდან კარინა გამოძვრა და ზემოთ ამოიხედა. მერე მარატს მუშტი მოუღერა და სიძეს სომხურად შეაგინა.
– უკვდავია, ეს დედამო… – მარატმა ფრაზის დასრულება ვერ მოასწრო, ისე წაუვიდა გული და, რომ არ დამეჭირა, თვითონაც ფანჯრიდან გადავარდებოდა.
ერთი სიტყვით, მარატ ბაირამოვს ინფარქტმა დაარტყა და ექიმებმა ძლივს გადაარჩინეს, კარინას კი ერთი განაკაწრიც არ ჰქონია სხეულზე. ის მეორე დღესვე გაემგზავრა ერევანში და მას მერე მარატთან სტუმრად აღარ ჩამოსულა“.
დღევანდელ „ქართულ საგამოძიებო“ მოგონებებს ბატონი ნოდარ ხვადაგიანი დაასრულებს.
„ავლაბარში ერთი კაცი ცხოვრობდა, ვინმე ვანო ქონდარელი, რომელსაც „აბლაბუდას“ ეძახდნენ. მოშავო ტიპი იყო, მაგრამ სერიოზულს არაფერს აშავებდა და არ ვაწუხებდით. აბლაბუდა რომ გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე რიგრიგობით დავდიოდით გადაცმული ოპერები, თან, ყველაფერს ფარულად ვიღებდით. ვიცოდით, რომ იქ შავებიც მივიდოდნენ და იქნებ ძებნილ ბოროტმოქმედს გადავყროდით და დაგვეჭირა.
ერთ-ერთ პანაშვიდზე მე ვმორიგეობდი. საღამოა. პანაშვიდი დაიწყო და ხალხის ნაკადმა ნელ-ნელა იმატა. განსვენებულის მეუღლე კუბოსთან იჯდა და რაც უფრო მეტი ხალხი მოდიოდა, ხმასაც შესაბამისად უწევდა და გოდებდა. როცა სამძიმარზე ცნობილი ნარკომანი „პანტა“ მოვიდა, იმ ქალმა ასეთი ფრაზით ამცნო გარდაცვალებულს მისი გამოჩენა: „ადე, აბლაბუდ, პანტას შეეგებე და შენებურად უთხარი: ორ-ორი კუბი შევიშხაპუნოთო“. ერთი სიტყვით, აბლაბუდას ცოლის ფრაზებზე სიცილს ძლივს ვიკავებდით.
პანაშვიდი უკვე მთავრდებოდა, როდესაც ოთახში ერთი შავგვრემანი კაცი შემოვიდა და ცოლმა აბლაბუდას დაატირა: „ადე, ადე, აბლაბუდ! შენი ზახარა მოვიდა. შეეგებე და შენებურად უთხარი: „სტო ტისჩი ჩამომიბეჭდეო…“ კაცი ამ სიტყვებზე შეცბა. კუბოს წრე დაარტყა და სწრაფად წავიდა. ჩვენ მას გავყევით. ასიოდე მეტრში დავაკავეთ და მილიციაში წავიყვანეთ. ის კაცი ვინმე ზახარ შაროევი იყო, რომელსაც სახლში ფულის საბეჭდი დაზგა აღმოვუჩინეთ. როგორც გაირკვა, შაროევი და აბლაბუდა ყალბ ფულებს ამზადებდნენ და რუსეთში ავრცელებდნენ“.
ავტორი