„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე“ – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ,,მთვარ არხთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, ქართველი ხალხი, ასევე ჩვენი პარტნიორები არ არიან მზად იმისთვის, რომ ხელისუფლება გადააბარონ რომელიმე ერთ მოთამაშეს – „ქართულ ოცნებას“ ან „ნაციონალურ მოძრაობას“.
„უმნიშვნელოვანესია ალტერნატიული, ძლიერი მოთამაშის გაჩენა პოლიტიკურ ველზე და ამ ძლიერი მოთამაშის მეშვეობით იმ ნათელი, განჭვრეტადი მომავლის ჩვენება, რომელშიც კოალიციური მმართველობა ამ ალტერნატიული ძალის ირგვლივ ფორმირდება. ეს არის გასაკეთებელი, ამის ელექტორალური რესურსი არსებობს. მე ვუყურებ იმ მონაცემებს, რაც გააჩნიათ არა „ნაციონალურ მოძრაობას“, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჯამურად. ეს შთამბეჭდავი პროცენტია, პლუს კიდევ სხვა ამომრჩეველი, რომელიც აძლევს ხმას არა „ქართული ოცნების“, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. ესეც ამ პოლიტიკური ძალის პოტენციალია. ამ ალიანსს ვხედავ მე როგორც ძალას, შესაძლებლობას, ვაჩვენოთ პარტნიორებს და საზოგადოებას განჭვრეტადი, სტაბილური მომავლის პოლიტიკური გადაწყვეტა. ასევე მე ვეყრდნობი იმ კვლევებს, რომელიც ტარდება. ეს პოტენციალი და მზაობა არსებობს. მაგრამ დღეს ეს ძალა არა უბრალოდ კარგი საარჩევნო შედეგის დადების წინაპირობაა, ეს არის ალტერნატივა და სტაბილურობის გარანტი, იმიტომ, რომ ორი სხვადასხვა პოლუსი საშიშროების და დისბალანსის პოტენციალს ქმნის“ , – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა მარგველაშვილი ასეთ ძალას ჩაუდგეს სათავეში, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს, რომ ის ამ ბრძოლაში ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იქნება.
„მე ამ პოლიტიკურ პარტიებს მივეცი ხმა 2020 წლის არჩევნებში და ჯამურად კმაყოფილი ვარ მათი შედეგით. ბუნებრივია, მე ამ ბრძოლაში ვიქნები, რომელიც დემოკრატიულობის და სტაბილურობის ბრძოლაა, მე ვიქნები ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი ისევე, როგორც ვიყავი ხოლმე, როდესაც საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში ჩემს როლს ვთამაშობდი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.