ლანჩხუთში, გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიამ „გურიას“ ლეგენდარული კაპიტნის, თემურ ჩხაიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ტურნირს უმასპინძლა 2011-12 წლებში დაბადებულ ჭაბუკებთა შორის.
წინა წლების მსგავსად, ამჯერადაც 4 რეგიონის გუნდი იღებდა ტურნირში მონაწილეობას -გურიას ამავე სახელწოდების ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი წარმოადგენდა, სამეგრელოს – ზუგდიდის „ბაია“, აჭარიდან იყო ქობულეთის „ჩელე“, ხოლო იმერეთიდან -ქუთაისის „მართვე“.
სატურნირო შედეგების მიხედვით მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს ქუთაისის „მართვე“ და ქობულეთის „ჩელე“ დაუპირისპირდნენ, სადაც ქუთათურებმა 2:1 მოუგო ქობულეთელებს და მესამე საპრიზო ადგილსაც დაეუფლა.
მთავარი პრიზისათვის გურულ-მეგრული დაპისპირება გაიმართა, სადაც ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის გუნდი პირველივე წუთზე გიორგი რუსიეშვილის გოლით დაწინაურდა. მალევე საბა ხურცილავამ გურულების უპირატესობა სოლიდური გახადა. ზუგდიდლებმა მხოლოდ ერთი გოლით უპასუხეს, „გურიამ“ 2:1 მოიგო და ლეგენდარული კაპიტნის საიუბილეო ტურნირის თასიც ჩაიხუტა. გუნდის მწვრთნელები არიან – შაქრო ბარამიძე და ავთანდილ ნარიაშვილი.
გამარჯვებულებს თასები და სიგელები გადასცეს, ასევე საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს თავად თემურ ჩხაიძემ და „გურიას“ სხვა ცნობილმა სახეებმა: გიგლა იმნაძემ, ზვიად ენდელაძე, თემურ ლორიამ, ავთანდილ ნარიაშვილმა, ლანჩხუთის მერის მოადგილე თორნიკე ტიკაძემ, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით მუჯირმა, გენერალურმა მდივანმა და ტურნირიის მთავარმა სულისჩამდგმელმა თეიმურაზ ალექსაიამ. გურული ფეხბურთის თავკაცებმა გუნდები ბურთებითა და სპორტული ეკიპირებით დაასაჩუქრეს.
საუკეთესო მეკარედ დასახელდა „გურიას“ კარის დარაჯი დათა ორმოცაძე, რჩეული მცველის პრიზი ქობულეთელმა დავით ბერიძემ დაისაკუთრა, ნახევარმცველებს შორის ლანჩხუთელი გიორგი გურგენაძე გამოარჩიეს. საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი მიიღო „ბაიას“ შემტევმა, ლუკა ფიფიამ. ლანჩხუთის „გურიას“ მიერ დაწესებული პრიზი ადგილობრობმა, რევაზ ჩიკაშუამ დაიმსახურა, ყველაზე პერსპექტიულად ქუთაისელი გიორგი ხანთაძე აღიარეს. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლანჩხუთის საფეხბურთო სკოლის წარმომადგენელი სანდრო ტუღუში.
შეჯიბრი გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პატრონაჟით გაიმართა, რომელიც მსგავს ტურნირებს სისტემატურად ატარებს. მას მხარდაჭერას უწევენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და ლანჩხუთის მერია. წლევანდელ გათამაშებას სპონსორობა გაუწია „ტრენაჟორების სახლმა“.