ინტერპოლის გენერალური მდივანი, იურგენ სტოკი მსოფლიოს ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს აფრთხილებს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები COVID-19-ის ყალბი ვაქცინებით ვაჭრობას ან ნამდვილი ვაქცინების მოპარვას შეეცდებიან.
ინტერპოლში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციის 194 წევრი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილეს, რომ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ქსელებთან გასამკლავებლად მოემზადონ, რომელთა სამიზნე კორონავირუსის ვაქცინები გახდება.
ინტერპოლის ხელმძღვანელი თქმით, COVID-19-თან დაკავშირებული თაღლითობის ფონზე, ინტერპოლი, ასევე, საზოგადოების წევრებს ურჩევს , განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სამედიცინო აღჭურვილობის ან მედიკამენტების შეძენას ონლაინ პლატფორმებზე.
,,მთავრობები ვაქცინების მისაღებად ემზადებიან, კრიმინალური ორგანიზაციები კი, მომარაგების ჯაჭვებში შეღწევას და პროცესის შეფერხებას გეგმავენ. ასევე, კრიმინალური ქსელები საზოგადოების წევრებისთვის ყალბი ვებგვერდებისა და ცრუ სამკურნალო საშუალებების შეთავაზებას ისახავენ მიზნად, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის მათ ჯანმრთელობას და მათ სიცოცხლესაც კი.
სამართალდამცველ და ჯანდაცვის სფეროში მარეგულირებელ ორგანოებს შორის კოორდინაცია მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში – განაცხადა ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა, იურგენ სტოკმა.
ინტერპოლის კიბერდანაშაულის განყოფილების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა ცხადყო, რომ ონლაინ აფთიაქებთან დაკავშირებული 3 000 ვებგვერდი უკანონო მედიკამენტების და სამედიცინო მოწყობილობების გაყიდვაშია ეჭვმიტანილი. აქედან კი, დაახლოებით 1 700 ვებგვერდი კიბერსაფრთხეებს, განსაკუთრებით “ფიშინგისა” და “სპამინგის” მავნე პროგრამებს შეიცავდა.