კორონავირუსის პანდემია ჯერ შორსაა დასრულებისგან, თუმცა მისი კონტროლი შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დამტკიცებული ზომების მეშვეობით, _ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა,.
„ჩვენც გვსურს ვიხილოთ საზოგადოებებისა და ეკონომიკების გახსნა, მოგზაურობისა და ვაჭრობის განახლება. მაგრამ ახლა, ბევრ ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ივსება და ხალხი კვდება და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. კორონავირუსის პანდემია შორსაა დასრულებისგან, თუმცა ოპტიმიზმის უამრავი მიზეზი გვაქვს. წლის პირველი ორი თვის განმავლობაში შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებამ ცხადყო, რომ ამ ვირუსის და მისი ვარიანტების შეჩერება შეიძლება“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.