დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში საბავშვო გასართობი მუსიკალური სპექტაკლი – “მარი და ჰარის თავგადასავალი” – გაიმართა. ოზურგეთის, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის, სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი პირველი და დღემდე ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიაში.
სპექტაკლის შინაარსი, მოკლედ რომ ვთქვათ, ზღაპრულია. მარის და ჰარის ერთმანეთი შეუყვარდებათ, შემდეგ მარის ბოროტი დედოფალი გაიტაცებს და ჰარი მის საძებნელად მიემართება. ბოლოს ყველაფერი ბედნიერად სრულდება. სპექტაკლში ასევე წამოჭრილი იყო კოვიდის თემა.
“გურია ნიუსი” ესაუბრა მთავარ როლში მონაწილე მსახიობს, ნიკა ძნელაძეს.
” პირველ რიგში, დღევანდელი სპექტაკლი ემსახურება ბავშვებს. მთავარია, ბავშვებს როგორ მოეწონათ დღევანდელი საღამო, თუ რეაქციებით ვიმსჯელებთ, უკმაყოფილო არავინ ყოფილა. ჩემი აზრით, დღევანდელმა დღემ ნორმალურად ჩაიარა და ეს სპექტაკლების ციკლი, რომელიც 13 იანვრამდე გრძელდება, წარმატებით გაგრძელდება და დასრულდება,” – თქვა ძნელაძემ.
ჩვენ ასევე ვესაუბრეთ, მარის როლის შემსრულებელს, ანი გოდერძიშვილს.
– რამდენად კმაყოფილი ხართ მაყურებლის ემოციებით?
– “იცით რა მომენტია?! ზოგადად, საახალწლო ღონისძიებებში, როგორიც დღეს გაიმართა, დიდი მნიშვნელობა მსახიობის ოსტატობას არ ენიჭება. ჩვენი მიზანია, ბავშვებს შევუქმნათ ფერადი, მაგიური, ზღაპრული განწყობა და ისინიც იღებენ ამ ენერგიას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავუზიაროთ ემოციები და შევქმნათ ზღაპრული გარემო და ვთვლი, რომ ეს განწყობა ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან ჩვენ მსახიობებს.
– თქვენ ასევე შეეხეთ კოვიდის თემას, საიდან გაჩნდა ეს იდეა?
– “სპექტაკლში ოფიციალურად გვყავს კოვიდი. ჩვენ კულისებიდან ვაკვირდებით თუ როგორი მუხტია დარბაზში მის დანახვაზე. კოვიდის გამოჩენაზე, ბავშვები ყოველთვის აღფრთოვანებულები არიან. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდი ძალიან ცუდია. დღეს ისეთი დროა რომ უნდა მოვერგოთ კოვიდს და არ უნდა შეგვეშინდეს. ბავშვების ცნობიერში ჩანს, რომ შეგვიძლია მისი დამარცხება და თუ ამის გვჯერა, ასეც იქნება!” სპექტაკლის დასასრულს, ადმინისტრაციამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.
[sexy_author_bio]