ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე კორექტული მოთამაშე გახლდათ. ამის მიუხედავად, ერთხელ, ყოფილი სსრკ-ის პირველობის ერთ, ჩვეულებრივ შეხვედრაში, მსაჯთან „ურთიერთობისას“ დიდ შარში გაეხვია…
„მსაჯთან უსიამოვნება?კი, ხდებოდა ხოლმე. ერთხელ მოსკოვში „ტორპედოს” ვეთამაშებით, 5 წუთია დარჩენილი და ანგარიში 0:0-ია. უცბად მოსკოველებმა წესების უხეში დარღვევით გოლი გაგვიტანეს.
ისეთი აბსურდული მომენტი იყო, მსაჯს გოლი არ უნდა ჩაეთვალა, მაგრამ მან ცენტრისკენ გაიშვირა ხელი. მეც თანაგუნდელს გავძახე, ბურთი გადმომიგდე-მეთქი! მსაჯმა თამაშის დაწყება რომ მანიშნა, გავაქანე და პირდაპირ მას გავარტყი!
ამ ამბავს მოედანზე გაგრძელება არ მოჰყვა, მაგრამ თურმე შეხვედრას მთელი მაშინდელი სპორტკომიტეტის ხელმძღვანელობა ესწრებოდა და სამაგიერო იმით გადამიხადეს, რომ 33 საუკეთესოს შორის მეორე ნომრად დამასახელეს. არადა, მანამდე სულ პირველი ვიყავი!
კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, თუმცა ამ ამბავს მსაჯთან უსიამოვნება ნაკლებად ეთქმის: ბაქოში მუშკოვეცმა მოგონილი პენალტი დაგვინიშნა. როგორც კაპიტანი, მივედი და ვეუბნები, ხვალ ამ ამბავს კოლოსკოვის კაბინეტში ერთად გავარჩევთ-მეთქი.
კოლოსკოვი მაშინ საკავშირო ფედერაციის ხელმძღვანელი იყო. მუშკოვეცი დაიბნა, არ ელოდა და უცბად, ვითომ არაფერი მომხდარაო, მითხრა: ვინ გითხრა რომ პენალტია? პირიქით, თავისუფალი თქვენ უნდა შეასრულოთო. წამში შეცვალა გადაწყვეტილება!“