„ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად მთავრობა, კორონავირუსთან მიმართებაში, ძალიან ოპერატიულად მუშაობს“, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განაცხადა.
ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც საქართველო ახორციელებს.
სებასტიან მოლინეუსმა ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკისა და ქვეყნის მჭიდრო, პარტნიორულ ურთიერთობას და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია მზადაა საჭიროების შემთხვევაში ქვეყანას შესაბამისი დახმარება გაუწიოს.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან მუდმივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, განსაკუთრებით ახლა, როდესაც კორონავირუსის საპასუხო ღონისძიებები დროულად არის გასატარებელი. ვფიქრობ, რომ სამინისტრო და ზოგადად მთავრობა ძალიან ოპერატიულად მუშაობს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც, რამდენიმე დღის წინ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს კრიზისული მზაობა COVID-19-თან მიმართებაში ადეკვატურია. აღნიშნულის მოსმენა, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მზადაა და კარგად ართმევს კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს თავს. ამ ეტაპზე ვირუსი მხოლოდ იმ პირებს დაუდასტურდათ ვისაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ, თუმცა ყოველთვის და ყველა ქვეყნისთვის არსებობს იმის რიკი, რომ ვირუსი ქვეყნის შიგნით გავრცელდეს, რა დროსაც, ნებისმიერი ქვეყანა უკვე სხვა მასშტაბების გამოწვევის წინაშე დადგება. საქართველო ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში გვერდში დავუდგეთ. მსოფლიო ბანკს 12 მილიარდი დოლარი აქვს გამოყოფილი, იმისთვის, რომ ქვეყნებს კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში დავეხმაროთ“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და მსოფლიო ბანკის პროგრამების ხელმძღვანელი ლირე ერსადოც ესწრებოდნენ.