26 აპრილს თბილისში „თავისუფლების მარში“ დაანონსდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარშის მონაწილეები მეტრო “დიდუბესთან” 14 საათზე შეიკრიბებიან და პროკურატურამდე მსვლელობას გამართავენ.
“უწყვეტი ბრძოლის 150-ე დღეს ვმართავთ თავისუფლების მარშს! საქართველო და სინდისის პატიმრები უნდა გათავისუფლდნენ!
150 დღეა, რაც ვდგავართ ქუჩაში — პროტესტით, მარშებით, სიტყვით და სიმართლით. ამ ბრძოლამ გვაჩვენა, რომ ეს ხელისუფლება არ უსმენს ხალხს. იგი აგრძელებს რეპრესიებს, არღვევს თავისუფლებას და გვართმევს საქართველოს მომავალს.
სწორედ ამიტომ, ამ მარშზე, პირველად ვაყალიბებთ ახალ და აუცილებელ მოთხოვნას — დაუყოვნებლივ გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა! ამ პროტესტით იბადება “ერთობა”, რომლის მიზანია ქვეყნის დაბრუნება და რუსული რეჟიმისგან გათავისუფლება!
მარში შედგება დიდუბის მოედნიდან თბილისის პროკურატურამდე, სადაც იწყება სამართლის გაყალბება“, – წერენ აქციის ორგანიზატორები.