გურიის პოლიციამ სოფელ ნატანებში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული რ.ა. დააკავეს.
მას ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, მშობლების საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის დროს, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.ფ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.ა. ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა, ხოლო დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია “ნაგანის” ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი.
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს”,_ აცხადებს შსს.