ქართველი მომღერალი, სოფო გორდელაძე, გერმანიაში კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანესი ჯილდოს – ოპუს კლასიკის მფლობელი გახდა. ეს მნიშვნელოვანი ჯილდო მან დირიჟორ – მარკუს ბოშთან და ორკესტრ – კაპელა აქვილეიასთან ერთად მიიღო.
„ჰაიდენჰაიმის საოპერო ფესტივალზე ვიმღერე ჟანა დ’არკის როლი ვერდის იმავე სახელწოდების ოპერაში. ამის შემდეგ მოხდა ამ ჩანაწერის გამოსვლა. სწორედ, ამ ჩანაწერმა მიიღო წლის საუკეთესო ჩანაწერის ჯილდო“ – ამბობს სოფო გორდელაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს.
სოფო გორდელაძე აღნიშნავს, რომ ამ ჯილდოს მიღება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია: „კლასიკური მუსიკის კუთხით ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიაა გერმანიაში და ეს გამარჯვება ჩემთვის კიდევ დიდი სტიმულია. ეს ყველაფერი დიდი შრომის დამსახურება და ძალიან ამაყი, რომ ეს ჯილდო მერგო“ – ამბობს სოფო გორდელაძე.
სოფო გორდელაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურიდან არის. ის ცნობილი ოპერის მომღერალია და არის არაერთი პრესტიჟული კონკურსის გამარჯვებული.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved