ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროში სასტუმრო კომპლექსს “ორბი ჯგუფი” გააკეთებს.
“გურია ნიუსისთვის” ეს ამბავი ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სწორედ ეს კომპანიაა აუქციონის გამარჯვებული.
ინფორმაციისთვის, მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ გამოტანილ (გურიაში 9 ობიექტი იყო გამოტანილი) ობიექტიდან გაიყიდა მხოლოდ ერთი _ ბახმაროში მდებარე მიწის ნაკვეთი.
აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა, ეს მყიდველი კი “ორბი ჯგუფი” აღმოჩნდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა აუქციონში გამარჯვებულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
სამოქალაქო აქტივისტი, გრიგოლ მახარაძე ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“აუქციონში მხოლოდ ერთი მყიდველი მონაწილეობდა. 100 ქონებაში შედიოდა გურიაში მდებარე 9 ობიექტი. აუქციონები დასრულებულია.
12 588 კვ. მ. მიწა გაიყიდა 254 3000 ლარად, რაც არის 202 ლარი ერთ კვადრატულ მეტრზე. ამ ადგილებში კერძო მესაკუთრეები კვადრატულს 170-200 დოლარად აფასებენ. თავად სახელმწიფო ბახმაროში კვადრატულს, ადგილის მიუხედავად, 278 ლარს უფასებს იმ მოქალაქეს, რომელსაც განაშენიანებისთვის უფლების მიღებისთვის საჭიროზე ნაკლები მიწა აქვს და სახელმწიფოსგან ყიდულობს მიწას შესავსებად.
ადგილს რაც შეეხება, ესაა ბოლო წლებში პრესტიჟულად ქცეული გურიის ქუჩის დასაწყისი, მის მიმდებარედაა კინოთეატრის დღემდე უფუნქციო შენობა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასტუმრო, რომელიც იჯარითაა გაცემული და ფუნქციონირებს”, _ წერს გრიგოლ მახარაძე.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს დაადასტურა, რომ აუქციონი ჩატარდა და მთავრობის მიერ გამოტანილი მიწის ნაკვეთი ბახმაროში გაყიდულია:
“ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცნობილია ეს ინფორმაცია, უფრო მეტიც, დიდი მოლოდინით ველოდით შედეგებს, რადგან სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლის ნაწილი მუნიციპალურ ბიუჯეტს ავსებს. ვინ შეიძინა, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია. ის, რომ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა, არაფერს არ ცვლის, რადგან აუქციონი იყო ელექტრონული და ყველას შეეძლო მონაწილეობა”, _ თქვა კუჭავამ.
“რამდენიმე ხნის წინ, ეკონომიკის სამინისტრომ დიდი ამბით დააანონსა გურიის რეგიონში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზაცია, შესაბამისი ნუსხაც გამოაქვეყნა, რომელშიც გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან შედიოდა ცხრა ობიექტი.
გამოქვეყნებული შედეგებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ ყველა ობიექტი ჩავარდა გარდა ერთისა და ეს ერთი არის კურორტ ბახმაროში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც “ორბი ჯგუფმა “შეიძინა”, _ ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს.
“ეს შედეგები, პირადად, მე არ გამკვირვებია, ვიცნობ რა რეგიონს და წინასწარ ვიცოდი წარმოდგენილი ობიექტების რენტაბელობა, მით უმეტეს, იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, რაც დღეს გურიაშია. აქ საინტერესო ეკონომიკის სამინისტროს აფიორაა. სინამდვილეში, ეს ე. წ. პრივატიზაცია ეძღვნებოდა მიწის იმ ერთი ნაკვეთის გასხვისებას, რომელიც “ორბი ჯგუფმა” შეიძინა და რომელსაც აუქციონში კონკურენტი არ ჰყოლია. რაც შეეხება ფასს, იგი საბაზრო ღირებულებასთან შედარებით იაფია.
მოგეხსენებათ, ამ ზაფხულში სახელმწიფომ “ორბი ჯგუფს” 1 ლარად რამდენიმე ჰექტარი მიწა გადასცა. ეტყობა, ამავე კომპანიას დამატებითი გაუჩნდა სურვილი, მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ შეეძინა მიწის ნაკვეთი (სწორედ მიმდებარედ მდებარეობს ეს ნაკვეთიც) ეკონომიკის სამინისტრომ ეს წინასწარ იცოდა და დანარჩენი რვა ობიექტები, უბრალოდ, მიაყოლა.
პირველი: სამინისტრომ წინასწარ იცოდა, რომ ბახმაროში მიწის ნაკვეთის მყიდველი გამოჩნდებოდა;
მეორე: სამინისტროს ყოველივე ეს პრივატიზაციად მონათლავდა და საქმეში ჩაეთვლებოდა.
სინამდვილეში კი, ერთი არც თუ ისე ნიჭიერად დადგმული სპექტაკლი წარმოგვიდგინა _ სახელით _ “დიდი პრივატიზაცია გურიაში”, _ წერს სოციალურ ქსელში კახა ასკურავა.
“გურია ნიუსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ოპოზიციონერი, “გირჩის” წევრი, ვახტანგ ზენაიშვილი გამოეხმაურა:
“ჩვენი ტიპის ქვეყნებში, გასაგები მიზეზების გამო, სახელმწიფო ქონების ფულზე გაყიდვა (პრივატიზაცია) არ შეიძლება. საჭიროა სპეციალური საპრივატიზაციო “ფული”, რომელსაც მხოლოდ სახელმწიფოს მიერ ლოტებად გამოტანილი ქონების შესაძენად გამოვიყენებთ და ეს საპრივატიზაციო ფული თანაბრად დაგვერიცხება ყველას ყოველ თვე. ე. ი. რომელიმე მილიონერს და მავან ღატაკს ერთნაირი თანხა ექნება გასაყიდად გამოსატანი ქონების შესაძენად. ამ პროცესს რეალურად ჰქვია, ქონების უფასოდ გადაცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გზით უსწრაფესად ხდება სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების (80-90%) გაცოცხლება, კაპიტალიზაცია, ეკონომიკის სწრაფი (18-25% და მეტითაც) ზრდა. ამ უზარმაზარი ქონების (ტრილიონზე მეტი დოლარის) საბაზრო ურთიერთობებში ჩართვა. თუ რამ წააქცევს ივანიშვილს, ესაა. მერე ვეღარ იყიდის მოსახლეობას, ეს დაპირება უნდა აიღოს ოპოზიციამ თავის პოლიტიკურ არსენალში. დიახ, თითოეული ოჯახი 100 ათას დოლარზე მეტს მიიღებს ასეთი პრივატიზაციის შედეგად, ეს არაა სარჩევნო დაპირება, ეს რეალობა! ესაა გზა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს კომუნისტების მიერ წართმეული ქონება… ჩვენ სინამდვილეში მდიდრები ვართ, მაგრამ სახელმწიფო არ გვიბრუნებს იმას, რაც გვეკუთვნის, არაფერი გვჭირს “ივანიშვილების” სამათხოვრო”, _ წერს ზენაიშვილი.
“გურია ნიუსი” “ორბი ჯგუფის” პრესსამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ, ამ ეტაპზე მათგან კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით არ მიგვიღია.
რაც შეეხება “ორბი ჯგუფს” , “გურია ნიუსის” არქივში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობის #1098 განკარგულების თანახმად, მათ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, დაბა ბახმაროში, გურიის ქუჩაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 43,269 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად მიჰყიდა (სტატია გამოქვეყნებულია “გურია ნიუსის” ვებგვერდზე 2019 წლის 28 მაისს).
ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ 2018 წლის ბოლოს რეგისტრირებული კომპანიამ, რომელიც “ორბი ჯგუფის” სამშენებლო დეველოპერული ჰოლდინგის საკუთრებაა, 5 წლის ვადაში პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა ააშენოს, რომელიც მოიცავს სასტუმროს ან სასტუმროებს არანაკლებ 120 ნომრით; კომერციული დანიშნულების ფართებს; კვების ობიექტებს; სპორტულ მოედანს/მოედნებს.