ოზურგეთის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ საპატიო სტუმარს უმასპინძლა. აქ შედგა პრეზენტაცია წიგნისა: „ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერები“, რომლის ავტორია ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, თამაზ გვენეტაძე.
ავტორი ოზურგეთს ოჯახთან ერთად ეწვია.
ოზურგეთის ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორმა ლიკა ბაქანიძემ ისაუბრა ქუთაისელი მეცნიერის თამაზ გვენეტაძის შესახებ, რომელიც 60 მეცნიერული პუბლიკაციის და 10 მონოგრაფიის ავტორია. ის ამჟამად გერმანიაში მოღვაწეობს და გურიაში მისი მოწვევა, ოზურგეთელი პატრიოტის და წიგნისმოყვარე კაცის, ავთანდილ ბერიშვილის ინიციატივით მოხდა.
აღნიშნული წიგნი უდიდესი ინტერესით მიიღო ოზურგეთის საზოგადოებამ.
ნაშრომში, „ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერები“, ბატონმა თამაზ გვენეტაძემ თავი მოუყარა ოცზე მეტი უცხოელი მოგზაურის თვალით დანახული იმერეთის, გურიის შესახებ უმნიშვნელოვანეს მასალებს. წიგნში შესულია, როგორც ავტორის თარგმანები, ისე ნაწყვეტები სხვადასხვა უცხოელ ავტორთა შრომებიდან.
_დღეს ოზურგეთიში წიგნიერ და წიგნის მოყვარულ საზოგადოებას ვხვდები და ეს ძალიან მახარებს. ადამიანს რომ წიგნი და კითხვა აინტერესებს, ძალიან ბევრს ნიშნავს. ღონისძიების იდეა ოზურგეთელ მწიგნობარ კაცს, ავთო ბერიშვილს ეკუთვნის, _თქვა თამაზ გვენეტაძემ და პრეზენტაციისას ისაუბრა არაერთი უცნობი მოგზაურის შესახებ, ვინც გურია მოიარა და მათ მიერ გამოთქმული და აღწერილი, დღემდე უცნობი შეფასებები და აზრები მიაწოდა დამსწრეებს.
ლიკა ბაქანიძემ განაცხადა, რომ ბიბლიოთეკა ყველაზე აქტიური გამავრცელებელია წიგნის და მადლობა გადაუხადა ავტორს გარკვეული რაოდენობის ეგზემპლიარის საჩუქრად გადმოცემისთვის.
_ბატონ თამაზ გვენეტაძეს, ფილოსოფიის მეცნიერებატა დოქტორს, ნამდვილად დიდ ქართველს, ქუთაისში შევხვდი. მას იმდენი რეგალია აქვს, მხოლოდ ის შეიძლება ვთქვათ, რომ უდიდესი რაც გააჩნია, სამეგობროდ, სიკეთის საკეთებლად განწყობილი გულია. ის საუცხოო ადამიანია, როგორც ყველა პატრიოტ, თავმდაბალ ადამიანს ჩვევია. მისი წიგნში 22 მოგზაურის ჩანაწერებია წარმოდგენილი. ესენია: კოხი, ვაგნერი, გუდენშტეინი, სერაზა და სხვები, რომლებსაც ძალზე საინტერესო ჩანაწერები აქვთ გურიის, მისი სოციალური ყოფის, ტოპონიმიკის შესახებ. დარწმუნული ვარ, დიდი ინტერესით წაიკითხავენ ამას ოზურგეთელები_ თქვა ავთო ბერიშვილმა.
ოზურგეთელმა მეცნიერებმა თემურ რევიშვილმა, მარინა სუნგულიამ, პედაგოგმა დალი რიჟამაძემ და სხვებმა მადლობა გადაუხადეს საპატიო სტუმარს და გამოთქვეს სურვილი ჩვენს ქალაქში მისი კვლავ ჩამობრძანებისა, როცა კი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
ავტორი