ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ გადაწყვეტილება მიიღო. მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30-წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიმდინარე პროცესზე ბრალდების მხარემ ჯარიმის შეფარდება მოითხოვა.
მოსამართლემ მათი ეს გადაწყვეტილება დააკმაყოფილა და თითოეულს 5000-5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელ ლადო აფხაზავა ერთ-ერთია, ვისაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა და ახლა ჯარიმის გადახდა მოუწევს.. „პირველად მიწევს ჩემი თავის დაცვა ამდენი ხნის განმავლობაში.
არასოდეს თავი არ დამიცვია და დღეს იძულებული ვარ, დავიცვა. მე საათებზე ვმუშაობ, ამიტომაც მაძლევს შესაძლებლობას, რომ სამ სკოლაში ვიმუშავო. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება აქვს იმის წარმოდგენა, რომ მე ძალიან დიდი შემოსავალი მაქვს. დიდი შემოსავალი რომ მქონდეს, ერთ სკოლაში ვიმუშავებდი და არა სამში. მიწევს ერთი სკოლიდან გადარბენა მეორეში და რამდენიმე კილომეტრის გავლა. ველოსიპედი მქონდა და ისიც მომპარეს და ფეხით დავდივარ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ჩვენ არ გვაქვს ისეთი შემოსავლები, რომ ამ სანქციას [5000 ლარი] გავუმკლავდეთ. მე მაშინ დამჭირდება ჩემი კოლეგების დახმარება და ძალიან გთხოვთ, არ მსურს ჩემს კოლეგებს ვთხოვო დახმარება და ამ საქმეში, დაახლოებით, 100 მასწავლებელი ჩავრთო“. ზედმეტი უხერხულობის გარეშე გთხოვთ, რომ ეს სანქცია მოგვიხსნათ და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით გაგვისტუმროთ აქედან“, – მიმართა ლადო აფხაზავამ მოსამართლეს.