მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მაღალსაპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსებიც კი აძლევენ თავს უფლებას ალკოჰოლურ სასმელებს მიეძალონ, რაც უმეტეს შემთხვევაში პოლიტიკური სკანდალითა და თანამდებობის დატოვებით სრულდება. მათი ნაბახუსევი სახეები კი, ჟურნალ-გაზეთებისა და ტელევიზიის მთავარი სამიზნე ხდება.
ალკოჰოლისადმი სიყვარულით გამოირჩეოდნენ ბრიტანელი პოლიტიკოსები. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 60-იან წლებში, ჯორჯ ბრაუნი, ცნობილი იყო თავისი ალკოჰოლდამოკიდებლური საქციელით. ამბობენ, პერუში ოფიციალური ვიზიტის დროს მინისტრი, საზეიმო ვახშამზე დათვრა, ლიმას არქიეპისკოპოსის გრძელი მანტია კაბად მოეჩვენა და პერუს ჰიმნზე ქალად აღქმული არქიეპისკოპოსი საცეკვაოდ გაიწვია. პერუდან დაბრუნებული ბრაუნი პრემიერ-მინისტრ ჰაროლდ ვილსონს კაბინეტში ნასვამი შეუვარდა და შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც თანამდებობიდან გადადგა.
ალკოჰოლისადმი მიდრეკილება არ ითვლებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის რიჩარდ ნიქსონის მავნე ჩვევად, თუმცა მისი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის ნასვამ პრეზიდენტს არაერთი „ნომერი“ მოუწყვია. სიმთვრალეში ნიქსონის ყველაზე გახმაურებულ ქცევას კი, მისი თანაშემწე ბრენტ სკოუკროფტი ასე იხსენებდა. როდესაც 1973 წელს ისრაელ-არაბეთის ომის დროს, ნიქსონის პირად ტელეფონზე ზარი გაისმა, სკოუკროფტმა უპასუხა და ყურმილი ნიქსონს გადააწოდა, მთვრალმა პრეზიდენტმა კი ხმამაღლა ჰკითხა თანაშემწეს: „ხომ შეგვიძლია, მათ ვუთხრათ – არა“.
ყველა ზემოჩამოთვლილი ისტორია ახლოსაც ვერ მივა რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ბორის ელცინის „საგმირო“ საქმეებთან. ელცინი, რომ ყველაზე ცნობილი ალკოჰოლდამოკიდებული პრეზიდენტი იყო, ამაზე უამრავი ფაქტი მეტყველებს: ირლანდიაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული რუსეთის ლიდერი ისეთი მთვრალი იყო, თვითმფრინავიდან ვერ გადმოვიდა და მისი ადმინისტრაციის წევრები იძულებულნი შეიქნენ, თვითმფრინავი მოსკოვში დაებრუნებინათ. გერმანიაში ვიზიტის დროს კი, საზეიმო მიღებიდან გამოსული ელცინი სამხედრო ორკესტრს დირიჟორობდა, ათობით ფოტორეპორტიორის და ტელეკამერის წინაშე; ელცინს ნასვამ მდგომარეობაში სცენაზე „კალინკა-მალინკაც“ უმღერია. ამერიკაში ყოფნის დროს კი, პრეზიდენტ ქლინთონის დაცვის წევრებმა, ნასვამი ბორის ელცინი ვაშინგტონის ქუჩებში ტრუსების ამარა მიმავალი შენიშნეს და სასტუმროში დააბრუნეს. მოგვიანებით ითქვა, რომ ელცინს სასტუმროს კორიდორებში გზა აებნა და შემთხვევით ქუჩაში აღმოჩნდა. თუმცა, დაცვის წევრები ირწმუნებოდნენ, ელცინი „მაკდონალდსამდე“ მიყვანას იხვეწებოდაო.
ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულას და სილვას მიდრეკილებაზე სპირტიანი სასმელების მიმართ, ბრაზილიაში ბევრს ლაპარაკობდნენ. ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ცნობილმა ფეხბურთელმა რონალდომ პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში „ლოთი“ უწოდა, რამაც საზოგადოება კიდევ უფრო დაარწმუნა პრეზიდენტის ალკოჰოლისადმი მიდრეკილებებში.
იაპონიის ყოფილი ფინანსთა მინისტრი სიოტი ნაკაგავა არაფხიზელ მდგომარეობაში „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე შენიშნეს. მინისტრის საუბარი მთვრალი ადამიანის ბოდვას უფრო ჰგავდა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ნაკაგავას შეხვედრის დაწყებამდე ბარში შეუვლია და რამდენიმე ჭიქა ვისკი გამოუცლია. ამ სკანდალს მისი პოლიტიკური კარიერა შეეწირა. იგივე შეიძლება, ითქვას ყოფილ ბელგიელ პოლიტიკოსზე ბელგიის საპენსიო უზრუნველყოფის მინისტრზე. მიშელ დერდენი პარლამენტის წინაშე არაფხიზელ მდგომარეობაში წარდგა და საქმეზე საუბრის ნაცვლად ანეკდოტებს ჰყვებოდა.
ავტორი